გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
78-კოლ 2 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ლ. მურუსიძე
განიხილა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. შ-სა და მსჯავრდებულ დ. ხ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით დ. ხ-ლს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხდომაზე, კამათის სტადიაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოადგინა ბრალდების ახალი ფორმულირება, რომლითაც დ. ხ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენით დ. ხ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში იგი გამართლდა. დ. ხ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით მსჯავრდებულ დ. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე, მცხეთის რაიონის სოფ. --- ცენტრში ადრე არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო ა. თ-მა თანნაქონი იარაღიდან გაისროლა დ. ხ-ის მიმართულებით, მაგრამ ტყვია არ გავარდა, რის შემდეგ დ. ხ-მა წაართვა იარაღი ა. თ-ლს და დაეუფლა რა მას, ა. თ-ის მხრიდან თავდასხმის დამთავრების შემდეგ, შეცნობილი ჰქონდა, რომ საფრთხე არ არსებობდა, მაგრამ მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გასროლით ა. თ-ლს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. დ. ხ-ლი მიიმალა რა შემთხვევის ადგილიდან, აგრეთვე, ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება.
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი. შ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ ასევე საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებული დ. ხ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა, მან ა. თ-ლი მოკლა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რა დროსაც იმყოფებოდა უეცრად წარმოშობილი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ დ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ნ. მ-ემ, დ. ხ-მა და თ. ნ-ამ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ იშუამდგომლეს განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ დ. ხ-მა ა. თ-ლი მოკლა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რა დროსაც იმყოფებოდა უეცრად წარმოშობილი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. ხ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი დაუჭირა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. შ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ცვლილებით და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ახალი სასამართლო განხილვისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივრები _ დაუკმაყოფილებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და დ. ხ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული დ. ხ-ლი ა. თ-ის მკვლელობის მომენტში იმყოფებოდა უეცრად წარმოშობილი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. პ-ის ჩვენებებით, მოწმეების _ ი. ხ-ის, ი. ზ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით დ. ხ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ის, რომ იგი პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, მისი მოქმედება გამოწვეული იყო ა. თ-ის არამართლზომიერი მოქმედებით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ქმედებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორ ი. შ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს განაჩენი დ. ხ-ის მიმართ არის უკანონო და სასჯელის ზომა აშაკარად არ შეესაბამება მის პიროვნებას.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ხ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.