საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.07.2011
საქმის ნომერი
2კ-162აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹162აპ-11 29 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განაჩენზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის განაჩენით შ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 12 მარტიდან.

იმავე განაჩენით ი. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ბრალდების 2 ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდების 3 ეპიზოდი) და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის კანონების გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და ჯარიმა - 2000 ლარი. ი. ს-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 4 აგვისტოდან 2008 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 10 თებერვლიდან.

იმავე განაჩენით ე. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ბრალდების 2 ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდების 3 ეპიზოდი) და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის კანონების გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 59 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და ჯარიმა - 2000 ლარი. ე. ქ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 30 ივლისიდან 2008 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 16 მარტიდან.

იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და დ. ფ-ს შორის. დ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით; სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დ. ფ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი. მას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 11 მარტიდან 2009 წლის 12 მარტის ჩათვლით.

ნ. მ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სამოქალაქო მოპასუხეებს – ი. ს-ს, ე. ქ-ს, დ. ფ-სა და შ. ლ-ს ნ. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება - 8000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ:

შ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი კვლავ გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ შ. ლ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2009 წლის 12 მარტიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.