საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹270აპ-11 ქ. თბილისი
13 ივლისი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე და იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ზ. ქ-სა და განსასჯელ რ. ა-ს შორის.
რ. ა-ი, ნასამართლევი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით _ ჯარიმა _ 5.000 ლარი. იმავე კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 30.000 ლარი. რ. ა-ი სასჯელს იხდის 2010 წლის 18 ოქტომბრიდან.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი, 11 თვე, 27 დღე, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით.
იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით რ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 11 თვითა და 27 დღით, ასევე ჯარიმა _ 5.000 ლარი. აღნიშნული სასჯელიდან 7 წელი მას განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო _ 5 წელი, 11 თვე, 27 დღე _ ჩაეთვალა პირობით, 6 წლის, 11 თვისა და 27 დღის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 30.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ო. ა-ი ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით _ 10 წლით, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ო. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ა-სა და რ. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 10 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე რ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ო. ა-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.