შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 20.01.2004
საქმის ნომერი
2კ-12კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 12-კოლ 20 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ დ. ც-სა და დაზარალებულ გ. ნ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 ნოემბრის განაჩენით დ. ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, სსკ-ს 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსკ-ს 19,109-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა: სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით, სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით, სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ს 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. ც-ეს ამ ნაწილში საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ც-ეს სსკ-ს 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, სსკ-ს 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 5 წლით, სსკ-ს 19,109-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; თანახმად სსკ-ს 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა, ნაწილობრივ შეიკრიბა სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ს 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, სსკ-ს 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსკ-ს 19,109-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელები და დ. ც-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

დ. ც-ძე სასჯელს იხდის 2003წ. 11 იანვრიდან.

განაჩენით დ. ც-ეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო დამზადება, შენახვა და ტარება; ასევე _ ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სადგომსა და საცავში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში მსხვერპლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: დ. ც-ემ 2000წ. ზაფხულში ზესტაფონის რაიონის სოფ. ---ში მდებარე გარდაცვლილი პაპის ოჯახში რკინის ხერხით გადაჭრა ამ უკანასკნელის კუთვნილი ბელგიური წარმოების, ,,---ის” მოდელის 16-კალიბრიანი, ორლულიანი სანადირო თოფი, მოარგო მცირე ზომის ხის ტარი და დაამზადა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა ზემოთ ხსენებულ მისამართზე.

2002წ. დეკემბრის შუა რიცხვებში მან ეს იარაღი ჩაიტანა ქ. ქუთაისში და 2003წ. 10 იანვრამდე ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, ტახტის ქვეშ.

2003წ. 10 იანვარს დ. ცარციძე, მისი უბნელი თ. ხ-ძე, ა. ბ-ძე და სხვები იმყოფებოდნენ საერთო მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე.

დაახლოებით ღამის 12 საათზე, ქეიფის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა განმარტოებით გაიხმო დ. ც-ძე, ასევე მეორე _ დაუდგენელი პირი და შესთავაზა გაექურდათ --- ქუჩაზე განთავსებული ვ. ქ-ის კუთვნილი სასურსათო მაღაზია და --- ქ. ¹2-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ეზოში არსებულ საერთო ავტოფარეხში გაჩერებული, ამავე ბინაში მცხოვრები ბ. ს-ის კუთვნილი ,,ვაზ 2106” მარკის ა/მანქანა.

მოლაპარაკების შესაბამისად, დაახლოებით 01 საათზე დ. ც-ემ და მისმა მეგობრებმა თავი მოიყარეს დათქმულ ადგილზე, რის შემდეგაც მივიდნენ --- ქუჩაზე განთავსებულ ვ. ქ-ის კუთვნილ სასურსათო მაღაზიასთან, შეიმუშავეს ფანჯრიდან მაღაზიაში შეღწევის გეგმა და დ. ც-ძე ლითონის ძალაყინით შეეცადა ფანჯრის გისოსის სამაგრიდან ამოგდებას, რაც შენიშნეს მაღაზიის თავზე მდებარე ბინაში მცხოვრებლებმა და ერთ-ერთმა მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციის განყოფილებას. დანაშაულში მხილების შიშით ბოროტმოქმედებმა მიატოვეს იქაურობა და, მათგან დამოუკიდებელი ამ მიზეზის გამო, ბოლომდე ვერ შეასრულეს განზრახული, რის შემდეგაც გასაქურდად გადავიდნენ შეთვალიერებული საერთო ავტოფარეხის შენობის უკან.

დ. ც-ძე და მისი თანამზრახველები შეეცადნენ გისოსების გადაჭრის გზით შეეღწიათ საცავში, მაგრამ ლითონის ღერების გადახერხვისა და ფანჯრის დაცემის ხმა შემოესმათ გამოძახებაზე მისული პოლიციის ¹-- განყოფილების ოპერატიული ჯგუფის წევრებს _ გ. ს-ეს, გ. ნ-ლს, გ. ქ-სა და გ. ჭ-ეს. გ. ჭ-ემ ის პირი, რომელმაც გისოსი გადახერხა და იქვე იდგა, დააკავა, ხოლო დანარჩენები გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. მათ დაედევნენ ოპერატიული ჯგუფის წევრები _ გ. ს-ძე, გ. ნ-ლი და გ. ქ-ძე, რომლებიც ბოროტმოქმედებს მოუწოდებდნენ პოლიციას დანებებოდნენ. გ. ნ-მა და გ. ს-ემ თანნაქონი ტაბელური ,,მაკაროვის” სისტემის პისტოლეტებიდან ჰაერში მოახდინეს გამაფრთხილებელი გასროლები. დაახლოებით 10-15 მეტრის გარბენის შემდეგ, როდესაც დ. ც-ემ უკან მოიხედა და დარწმუნდა, რომ გ. ნ-ლი ეწეოდა, განიზრახა 4-5 მეტრში მიახლოებული პოლიციის მუშაკის _ გ. ნ-ის მოკვლა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ, კანონიერი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, წამიერად შეჩერდა და დამიზნებით ერთხელ ესროლა ამ უკანასკნელს უკანონოდ თანნაქონი გადაჭრილი სანადირო თოფიდან. ტყვია გ. ნ-ლს მოხვდა მუცლის არეში და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიწაზე დაცემულმა გ. ნ-მა რამდენჯერმე გაისროლა დ. ც-ის მიმართულებით. ერთ-ერთი ტყვია ამ უკანასკნელს მოხვდა მარცხენა ქვედა კიდურში, რის გამოც დ. ც-ემ სირბილი შეანელა, მას დაეწია გ. ს-ძე, დააკავა და განაიარაღა იგი. დაჭრილი გ. ნ-ლი პოლიციის მუშაკებმა გადაიყვანეს ქუთაისის ¹-- საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და იგი სიკვდილს გადარჩა.

მსჯავრდებული დ. ც-ძე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ არ ჰქონია გ. ნ-ის მოკვლის განზრახვა, გადაჭრილი თოფი გაისროლა ისე, რომ არ გაუხედავს, თუ კონკრეტულად ვინ მისდევდა _ მისი მიზანი იყო მდევრების შეშინება. ამის დასადასტურებლად დ. ც-ძე განმარტავს, რომ დაზარალებულის ვინაობა შეიტყო მოგვიანებით და მას მკურნალობაში ყველანაირი ფინანსური დახმარება გაუწია.

მსჯავრდებული დ. ც-ძე საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ არასწორად დასდეს მსჯავრი ცეცხლსასროლი იარაღის დამზადებაში, რამდენადაც ეს იარაღი მან ამ სახით იპოვა და რაიმე ტექნიკური გადაკეთება არ მოუხდენია.

მსჯავრდებული დ. ც-ძე საკასაციო საჩივარში უარყოფს ასევე სსკ-ს 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. იგი აღნიშნავს, რომ ავტოფარეხის უკან დაიმალნენ არა მისი გაქურდვის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ ბინის მცხოვრებლების დაძინების შემდეგ სისრულეში მოეყვანათ თავიანთი განზრახვა _ გაექურდათ მაღაზია, რაც ვერ შეძლეს პოლიციის მუშაკების გამოჩენის გამო.

აქედან გამომდინარე, დ. ც-ძე ითხოვს მისი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ს 124-ე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით და, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

დაზარალებული გ. ნ-ლი ასაჩივრებს რა განაჩენის კანონიერებას ცარციძის სსკ-ს 19-109-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, უთითებს შემდეგზე: მართალია, მან სხეულის დაზიანება მიიღო დ. ც-ის მიერ გასროლილი იარაღიდან, მაგრამ ამ უკანასკნელს არ ჰქონია მისი მოკვლის განზრახვა, გასროლა მოხდა დაუფიქრებლად. დაზარალებული განმარტავს ასევე, რომ მათ შორის ადრე რაიმე ცუდი ურთიერთობა არ ყოფილა, რაც უსაფუძვლოს ხდის განაჩენის პოზიციას, რომ თითქოს დ. ც-ძე მოქმედებდა მისი, როგორც პოლიციის მუშაკის, სიცოცხლის ხელყოფის განზრახვით. დაზარალებული თვლის, რომ განაჩენი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი უნდა გაუქმდეს და დ. ც-ის ქმედებას მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. ც-ემ და მისმა ადვოკატმა მ. ნ-ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს. დაზარალებულის წარმომადგენელმა ფ. ც-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.

პროკურორმა ე. ქ-ამ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი სსკ-ს 19-109-ე მუხლით დ. ც-ის მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ნ-ის მკვლელობის მცდელობა მოხდა შემდეგ ვითარებაში: ოპერატიული ჯგუფის წევრები, მათ შორის _ გ. ნ-ლი, გამოძახების საფუძველზე გამოედევნენ დ. ც-ეს და სხვებს და მოუწოდეს დანებებულიყვნენ. პოლიციის თანამშრომლებმა _ გ. ს-ემ და გ. ნ-მა მოახდინეს გამაფრთხილებელი გასროლები. გაირბინა რა დაახლოებით 10-15 მეტრი, დ. ც-ემ უკან მოიხედა და დარწმუნდა, რომ გ. ნ-ლი ეწეოდა, განიზრახა 4-5 მეტრში მიახლოებული გ. ნ-ის მოკვლა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მიზნით დ. ც-ძე შეჩერდა და დამიზნებით ერთხელ ესროლა გ. ნ-ლს გადაჭრილი სანადირო თოფიდან. ტყვია გ. ნ-ლს მოხვდა მუცლის არეში და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. თავის მხრივ, მიწაზე დაცემულმა გ. ნ-მაც რამდენჯერმე გაისროლა დ. ც-ის მიმართულებით, ერთ-ერთი ტყვია დ. ც-ეს მოხვდა მარცხენა ქვედა კიდურში, რის გამოც სირბილი შეანელა, მას დაეწია პოლიციელი გ. ს-ძე, დააკავა იგი და განაიარაღა. განაჩენი მიიჩნევს, რომ გ. ნ-ლი სიკვდილს გადარჩა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად და ამიტომ დ. ც-ემ თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენის ეს პოზიცია არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, სახელდობრ, მსჯავრდებულმა დ. ც-ემ სასამართლო პროცესზე აჩვენა შემდეგი:

2003წ. 10 იანვარს იყო რა ნასვამი, შეუთანხმდა თავის მეგობრებს გაექურდათ ქუთაისში, --- ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია მისი გისოსების გადახერხვის გზით. დაახლოებით 1 საათზე, შეთანხმების თანახმად, მან და მისმა თანამზრახველებმა თავი მოიყარეს სასურსათო მაღაზიასთან, მაგრამ ისინი შენიშნეს მოპირდაპირე კორპუსის მცხოვრებლებმა, რის გამოც იძულებული გახდნენ დამალულიყვნენ მახლობლად მდებარე საერთო სარგებლობის ავტოფარეხის უკან და მაღაზიის გაქურდვის განზრახვა სისრულეში მოეყვანათ მცხოვრებლების დაძინების შემდეგ. ამ დროს შემოესმათ სროლების ხმა და გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. დ. ც-ემ განმარტა, რომ მან გაირბინა რამდენიმე მეტრი და, შეშინებულმა, უკან მიუხედავად ერთხელ ისე გაისროლა, რომ არ შეჩერებულა. საპასუხო სროლის შედეგად დაეცა და მიხვდა, რომ დაჭრილი იყო მარცხენა ფეხში.

დ. ც-ძე აჩვენებს, რომ მას პოლიციის მუშაკის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია: თოფიდან გაისროლა მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავი დაენებებინათ მისთვის, ის, რომ მისი გასროლის შედეგად დაიჭრა პოლიციელი, შეიტყო მხოლოდ საავადმყოფოში.

ამ ჩვენების რეალობა მთლიანად დასტურდება დაზარალებულ გ. ნ-ის, როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, სახელდობრ: გ. ნ-ის მიერ დ. ც-ზე გამოდევნების მითითებული გარემოებები, ფაქტობრივად, ემთხვევა დ. ც-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ დ. ც-ეს შეეშინდა და სწორედ შიშისგან ესროლა. სასამართლო სხდომის ოქმში დაზარალებულის ჩვენება გადმოცემულია შემდეგნაირად: “მან სირბილის დროს უცბად ხელი უკან წაიღო და იღლიის ქვემოდან მესროლა, მაგრამ _ არა დამიზნებით. იგი რომ შემოტრიალებულიყო და დაემიზნებინა ჩემთვის, მე მას დავასწრებდი და მოვკლავდი”. მოსამართლის კითხვაზე დაზარალებულმა განმარტა: “ეს ყველაფერი მოხდა წამებში. დ. ც-ემ გაისროლა შემოუტრიალებლად. მან, უბრალოდ, თავი შემოატრიალა და იღლიის ქვემოდან მესროლა. მას სირბილის დროს, როდესაც თავი მარცხნივ მოატრილა, ჯერ ბ-ძე უნდა დაენახა, შემდეგ _ ს-ძე (ისინი პოლიციელები არიან) და მერე მე უნდა დავენახე, მაგრამ მას კონკრეტულად არავინ დაუნახავს. მეორე გასროლა არ უცდია. დ. ც-ემ პირდაპირ მე, გ. ნ-ლს, არ მესროლა. მან გაისროლა შიშით და იქ მე ვიქნებოდი, თუ _ სხვა, სულერთი იყო”. ამ ჩვენებების შინაარსიდან გამომდინარე, რაც არ არის გაბათილებული სხვა მტკიცებულებებით, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ც-ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰქონია გ. ნ-ის მოკვლის განზრახვა, დასაბუთებულია და მთლიანად ემთხვევა დაზარალებულის მიერ აღწერილ ვითარებას.

ამასთანავე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ დ. ც-ის პოზიციას დანაშაულის გაუფრთხილებლობით ჩადენის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ც-ეს არ ჰქონია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის კონკრეტიზირებული განზრახვა. მას რომც ჰქონოდა მოკვლის არაკონკრეტიზირებული განზრახვა, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ, მიუხედავად შესაძლებლობისა, მეორედ აღარ უსვრია, იძლევა მისი ქმედების არა განზრახვის, არამედ – რეალურად დამდგარი შედეგის მიხედვით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ც-ძე პირველი გასროლის შემდეგ არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმაში დარწმუნებული, რომ მისი ქმედებით სასიკვდილო შედეგი დადგა. ამასთან, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ მის გადაჭრილ თოფში იდო მეორე ვაზნაც, რომელიც მას არ გამოუყენებია, რითაც ფაქტობრივად ხელი აიღო თავდაპირველ არაკონკრეტიზირებულ განზრახვაზე, თუნდაც იგი ევენტუალურად უშვებდა სასიკვდილო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. ამდენად, დ. ც-ის ვერსია, რომ კონკრეტულად არავისთვის დაუმიზნებია და უნდოდა გასროლით მდევრები ჩამოეშორებინა, საფუძველს მოკლებული არ არის. ამასვე ადასტურებს დაზარალებულიც, რომელიც ასევე მიუთითებს, რომ დ. ც-ეს არდ.არი პირადი მოტივი გ. ნ-ის მოსაკლავად არ ჰქონია, იგი გარბოდა და ცდილობდა გასროლით დაეფრთხო მდევრები და თავი დაეღწია მათგან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ დ. ც-ის ვერსიას ადასტურებს ის პოზიციაც, რა ვითარებაშიც მან მოახდინა გასროლა _ იღლიის ქვემოდან, უკან მიუხედავად, ე.ი. ფაქტობრივად, უმისამართოდ, კონკრეტული მიზნის გარეშე. ასეთ ვითარებაში არასწორია განაჩენის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დ. ც-ძე მოქმედებდა გ. ნ-ის მოკვლის განზრახვით. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს რა დ. ც-ის მხრიდან დაზარალებულის მოკვლის განზრახვას, ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის შემდგომ მოქმედებებსაც, სახელდობრ, იგი დაეხმარა დაზარალებულს მკურნალობაში და მოინანია დანაშაული.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ც-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ფაქტობრივად დამდგარი შედეგის მიხედვით _ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მსჯავრდებულ დ. ც-ის საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ იგი არასწორადაა მსჯავრდებული სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება), საკასაციო პალატა ეთანხმება და თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება ამ ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, თავად მსჯავრდებული დ. ც-ძე კი უარყოფს ცეცხლსასროლი იარაღის დამზადებას. ამდენად, განაჩენი დ. ც-ს სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს.

რაც შეეხება დ. ც-ის მსჯავრდებას 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში განაჩენი კანონიერია და არ იზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას დ. ც-ის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდებიდან სსკ-ს 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის ამორიცხვის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, სახელდობრ: დ. ც-ის ქმედება სსკ-ს 19,109-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და, შესაბამისად, შეეფარდოს ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი.

საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში განაჩენი უნდა გაუქმდეს და დ. ც-ის მიმართ საქმე წარმოებით შეწყდეს.

პალატა თვლის, რომ, მითითებული გარემოებების გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებული დ. ც-ძე პირველადაა სამართალში, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩანადენს, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, არის ახალგაზრდა _ 20 წლის, ამასთან, ითვალისწინებს რა დაზარალებულ გ. ნ-ის პოზიციას, მიიჩნევს, რომ დ. ც-ეს სსკ-ს 117-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 ნოემბრის განაჩენში დ. ც-ის მიმართ შევიდეს შემდეგი ცვლილებები: დ. ც-ის დანაშაულებრივი ქმედება სსკ-ს 19,109-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ს 117-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში განაჩენი გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს;

სსკ-ს 59-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების თანახმად, სსკ-ს 117-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქოს ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით შეფარდებული სასჯელები, რასაც დაემატოს 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან 1 წელი და საბოლოოდ დ. ც-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.