საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 20.01.2004
საქმის ნომერი
2კ-22კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 22-კოლ 20 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,თ. ლ.აშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ს-ლი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლომ ზ. ს-ლს, სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების წესებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, დანიშნული სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხდით.

განაჩენის მიხედვით ზ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

1993წ. 11 ოქტომბერს, საღამოს, ძმები _ ზ. ს-ლი და ზ. პ-ლი შეთანხმდნენ დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ---ის კოლმეურნეობის სამშენებლო სახელოსნოში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთს _ თუნუქის ღუმელს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაახლოებით 20 საათზე, საყარაულო ოთახიდან მათ შეაღწიეს სახელოსნოში და ფარულად გაიტაცეს 20000 რუსულ რუბლად (შესაბამისად _ 20 ლარად) ღირებული თუნუქის ღუმელი და 60000 რუსულ რუბლად (შესაბამისად _ 60 ლარად) ღირებული ხელის ელექტრობურღი, რომლებიც ეკუთვნოდა დურგალ ნ. გ-რს. სახელოსნოდან გამოსვლის მომენტში დანაშაულის ფაქტზე მათ წაასწრეს ნ. გ-ის შვილმა დ. გ-მა და გ. მ-მა.

დ. გ-ი ზ. პ-სა და ზ. ს-ლს დანაშაულში მხილებით დაემუქრა, რის გამოც ამ უკანასკნელმა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისა და შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულის _ ქურდობის _ დაფარვის მიზნით განიზრახა დ. გ-სა და გ. მ-ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ზ. ს-მა უბიდან დანა ამოიღო, უკნიდან მიეპარა დ. გ-რს და არტერიის მიდამოში, კისრის მარჯვენა წინა ზედაპირზე, მიაყენა დაზიანება, კერძოდ, ჭრილობა, ზომით 6X0,5 სმ. ამის შემდეგ დ. გ-რს მარცხენა გულმკერდის არეში განმეორებით მოუქნია დანა და მარცხენა წინამხრის ზემო მესამედში, გულმკერდის ღრუში, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება _ 2,5X1 სმ შემავალი ჭრილობა, ზომით 2,5X1 სმ. ზ. ს-მა დ. გ-ის მოკვლის განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო _ ამ უკანასკნელმა წინააღმდეგობა გაუწია, დანის პირზე უტაცა ხელი, რა დროსაც მარცხენა მტევნის შიგნითა ზედაპირის პირველი თითის მესამე ფალანგზე, მეორე თითის პირველ და მეორე ფალანგზე, მეოთხე და მეხუთე თითებზე ნაკვეთი ჭრილობები მიიღო. გაწეული წინაღმდეგობის შედეგად დ. გ-რი დაუსხლტდა ხელიდან ზ. ს-ლს და გაიქცა. იგი მოშორებით მცხოვრებ ე. ზ-ის ეზოში შევიდა, სადაც გონება დაკარგა. დ. გ-რი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი რაიონულ საავადმყოფოში და გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

ზ. ს-ლი დარწმუნებული იყო იმაში, რომ დ. გ-რს საძილე არტერია გადაუჭრა და მისი სიკვდილი გარდაუვალად დადგებოდა, ამასთან, მოქმედებდა რა ორი პირის მოკვლის ერთიანი განზრახვით, მან ასევე სწრაფად იქვე მდგარ გ. მ-საც დაარტყა დანა მუცლის არეში, რის შემდეგ ეს უკანასკნელი გაიქცა, მაგრამ რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ დაეცა. ზ. ს-ილი მივარდა წაქცეულ გ. მ-ლს და დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის 17 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ასევე _ 12 ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჭრილობების სახით.

მიღებული მრავლობითი ჭრილობებით განვითარებული მწვავე, ზოგადი სისხლნაკლებობის შედეგად გ. მ-ლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ. ს-ლი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა.

იმყოფებოდა რა ძებნაში და თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ზ. ს-მა 1999წ. ბოლოს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვში ყოფნის დროს, იპოვა გ. ა-ის სახელზე გაცემული საქართველოს რესპუბლიკის პასპორტი და მოქალაქის პირადობის მოწმობა. მან გამოყენების მიზნით გააყალბა აღნიშნული დოკუმენტები, პასპორტსა და მოქალაქის პირადობის მოწმობაში თავისი ფოტოსურათები ჩააწება, რის შემდეგაც მათი მეშვეობით საქართველოში დაბრუნდა.

2002წ. დეკემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ზ. ს-მა საგარეჯოს რაიონის სოფ. ---ში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი: “იჟ-18” მოდელის გადაჭრილი თოფი და “ტობ-17” მოდელის მცირეკალიბრიანი (5,6 მმ) კარაბინი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა _ 97 ვაზნა, რომლებსაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. 2002წ. 22 დეკემბერს, დაკავებისას, ზ. ს-საგან ამოღებულ იქნა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ყალბი დოკუმენტები.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ზ. ს-ის დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნებას, ხოლო სხვა ბრალდებების ნაწილში _ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, საქართველოს სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

მსჯავრდებულის ადვოკატებმა პალატას მიმართეს ასევე კერძო საკასაციო საჩივრით. ისინი ითხოვენ საქმის განხილვისას სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი იმ კერძო განჩინებების გაუქმებას, რომლებითაც დაცვის მხარეს უარი ეთქვა მათი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ზ. ს-მა და მისმა დამცველებმა, ადვოკატებმა _ პ. გ-ემ და ი. ნ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

დაზარალებული ა. მ-ლი მხარს არ უჭერს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრებს და ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პროცესში მონაწილე პროკურორი ე. ქ-ვა მხარს არ უჭერს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრებს და ითხოვს მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 2003წ. 20 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულ დ. გ-სა და მოწმე ზ. პ-ის, აგრეთვე, თვით ზ. ს-ის მიერ მიცემული ჩვენებებით სარწმუნოდაა დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედებები, რომლებიც მას სასამართლომ ბრალად შერაცხა. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძვლიანობა დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა ისეთი ობიექტური მტკიცებულებებითაც, როგორიცაა: სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ფსიქიატრიული, სასამართლო-ბალისტიკური და სასამართლო ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზების დასკვნები.

დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში, აგრეთვე, ამ საჩივრის პალატაში განხილვისას წარმოდგენილი მოსაზრებები, რომელთა მეშვეობით იგი ცდილობდა დაემტკიცებინა მსჯავრდებულ ზ. ს-ის ბრალდების საქმის წარმოებისას უხეში საპროცესო დარღვევების არსებობა და, აქედან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენის უკანონობა, მოკლებულია არსებით საფუძვლს, რის გამოც სამართლებრივი შეფასებისას ამ მოსაზრებებს პალატა ვერ გაიზიარებს.

პალატა თვლის, რომ არ არსებობს ასევე კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი დაცვის მხარის მიერ შეტანილი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის, რომლითაც იგი ითხოვს სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი რიგი განჩინებების გაუქმებას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში არის საფუძვლიანი და დასაბუთებული.

ამასთან ერთად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას დაუშვა უზუსტობა, როდესაც მას ჩადენილი დანაშაულისათვის შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით ყველაზე მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელების შთანთქმისა და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ იმ პერიოდში, როდესაც ზ. ს-მა დანაშაული ჩაიდინა, 1960წ. სსკ-ს 104-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის ითვალისწინებდა განსაკუთრებულ ღონისძიებას _ სიკვდილით დასჯას, ხოლო ალტერნატიული სასჯელის _ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ზომად _ თავისუფლების აღკვეთას 15 წლის ვადით. რადგან ზ. ს-ის მსჯავრდებისას სიკვდილით დასჯა გაუქმებული იყო, ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ს მე-40 და 42-ე მუხლების ძალით, სასამართლოს უფლება ჰქონდა, სასჯელის ზომად გამოეყენებინა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის ზღვრის ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობის შეთხვევისათვის გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების წესით. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უფლება ჰქონდა, სასჯელთა შთანთქმის ან შეკრების პრინციპის გამოყენებით ზ. ს-სათვის შეეფარდებინა თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 15 წლისა. აღნიშნული უზუსტობის გასასწორებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ს-ის დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ზ. ს-ლს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით _ შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.