განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 25-კოლ 12 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 9 დეკემბრის განჩინებაზე ე. შ-ვს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 22 აპრილს სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვის ზედამხედველობის თბილისის პროკურატურის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ. თბილისის ¹-- საპყრობილეში მოთავსებულ მსჯავრდებულთა მიერ იმავე დაწესებულების მორიგე ექიმის _ ზ. რ-ის და ოპერატიული მორიგის _ მ. ქ-ის მძევლად აყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” და “ი” ქვეპუნქტებით.
2002წ. 7 აგვისტოს სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურის გამომძიებელმა ი. დ-მა გამოიტანა დადგენილება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის შესახებ. ამ დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ¹-- საპყრობილის სპეცკორპუსის პატიმარ ე. შ-ას მიმართ აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 19,379-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 378-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” და “ი” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის.
2002წ. 7 აგვისტოს გამოტანილ იქნა დადგენილება ე. შ-ას ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ და იმავე დღეს იგი დაიკითხა ეჭვმიტანილის სახით.
2002წ. 8 აგვისტოს გამოტანილ იქნა დადგენილება ე. შ-ას ბრალდებულად ცნობის შესახებ და იგი ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა პასუხისგებაში იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 19,379-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 378-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” და “ი” ქვეპუნქტებითა და 353-ე მუხლის მეორე ნაწილით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 ივნისის განაჩენით ე. შ-ვა გამართლდა ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. მასვე განემარტა სსკ-ის 219-229-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
2003წ. 23 სექტემბერს ე. შ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოებს უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თავის განცხადებაში ე. შ-ვა ითხოვდა ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისათვის 5000 ლარს, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის _ 10.000 ლარს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 9 დეკემბრის განჩინებით ე. შ-ვა სრულად იქნა რეაბილიტირებული თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 12 ივნისის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე. ამასთან, ე. შ-ას მოთხოვნა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ფინანსთა სამინისტროს დაევალა ე. შ-სათვის სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ე. შ-ას მოთხოვნა ქონებრივი ზიანის 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
კერძო საკასაციო საჩივრით ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნ. ხ-რი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 9 დეკემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანას _ მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის შემცირებას გონივრულ ფარგლებში.
საკასაციო პალატის სხდომაზე რეაბილიტირებულმა ე. შ-ას ადვოკატმა თ. ა-ემ ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 9 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლ. გ-ძე მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს.
პროკურორი ბ. გ-ძე შუამდგომლობს განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია წარმოდგენლი მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 9 დეკემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. შ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აღიძრა, იგი ეჭვმიტაილად იქნა ცნობილი, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა და ბრალდებულად დაიკითხა თბილისის ¹-- საპყრობილეში სხვა დანაშაულისათვის სასჯელის მოხდის პროცესში (შამათავა გასამართლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998წ. 8 ივნისის განაჩენით 1960წ. სსკ-ის 78-ე მუხლით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით).
პალატა, ითვალისწინებს რა ზემოაღნიშნულ გარემოებებს და მხედველობაში იღებს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, მიზანშეწონილად მიიჩნევს ე. შ-ას სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის _ 1000 ლარის შემცირებას 500 ლარამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ”ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 9 დეკემბრის განჩინება შეიცვალოს: ე. შ-ას მიმართ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული მორალური ზიანი შემცირდეს 500 ლარამდე.
დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.