დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.10.2011
საქმის ნომერი
44აგ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹44აგ-11 ქ. თბილისი

19 ოქტომბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ლ. ბ-ა, ე. კ-ა, დ. კ-ა, ც. შ-ი და ნ. ს-ა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინეს არასრულწლოვნით ვაჭრობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რისთვისაც მათ მიესაჯათ: დ. კ-ს _ 12 წლით, ხოლო დანარჩენ მსჯავრდებულებს _ 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენით შეიცვალა: ნ. ს-ს ქმედება სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2011 წლის 23 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ლ. ბ-ს შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ-ს შუამდგომლობა არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

საჩივრის ავტორი _ მსჯავრდებული ლ. ბ-ა საჩივარში აღნიშნავს, რომ თავის შუამდგომლობაში არ მოუთხოვია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენის გადასინჯვა; სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი და განჩინება გამოიტანა იმავე შემადგენლობამ, რომელმაც განიხილა მისი სააპელაციო საჩივარი. გარდა ამისა, კანონი შეიცვალა, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ამოქმედების შემდეგ არც ერთი ანალოგიური დანაშაული აღარ დაკვალიფიცირებულა სსკ-ის 1432-ე მუხლით, რაც სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ლ. ბ-ა ითხოვს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, შუამდგომლობის დაშვებას განსახილველად და მისი ქმედების სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არ მოუთხოვია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენის გადასინჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მოთხოვნა შუამდგომლობაში აღნიშნული აქვს და ასევე უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლს, რომელიც სწორედ განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს ადგენს.

რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის უგულებელყოფის თაობაზე, აღნიშნულ ნაწილში მითითებულია საქმის არსებით განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე არსებითად არ განხილულა და საჩივრის მოტივი ამ ნორმის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მითითება მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე ასევე უსაფუძვლოა, რადგან იგი მიზნით კვალიფიცირებული დელიქტია. ამ დანაშაულის ჩადენისას ბავშვის უშუალო გამყიდველისა და მყიდველის მიზანია, შესაბამისად, ბავშვის გაშვილება (თუნდაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ) და შვილად აყვანა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სააპელაციო საჩივრების განხილვის დროსაც იმსჯელა საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლთან დაკავშირებით და უარყო მსჯავრდებულთა ქმედებებში შვილად აყვანის მიზნის არსებობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინება დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.