საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.06.2005
საქმის ნომერი
2კ-148აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 148-აპ 21 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა პროკურორ თ. ო-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 17 მარტის განაჩენზე, რომლითაც ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 29 დეკემბრის განაჩენში ო. მ-ის მიმართ შევიდა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 29 დეკემბრის განაჩენით ო. მ-ხი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულია თ. ს-ძე, რომელიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.

განაჩენით ო. მ-ხს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2002 წ. ოქტომბრის თვეში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ხარაგაულის რაიონის სოფ. --- მცხოვრებ თ. ს-სთან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა ამავე სოფელში მცხოვრებ ვ. გ-ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაახლოებით ღამის 1 საათისათვის შეხვდა თ. მ-ეს დათქმულ ადგილზე, სადაც მოლაპარაკების შემდეგ თ. მ-ძე დააყენა ვ. გ-ის ეზოში მეთვალყურედ, ხოლო თვითონ კი შევიდა სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცა იქ არსებული, ამ უკანასკნელის მეზობლის _ თ. წ-ის კუთვნილი მაცივარ “აისტის” ძრავა, ღირებული 50 ლარად, რითაც მნიშვნელოვნად დააზიანა აღნიშნული მაცივარი, ვ. გ-ის კუთვნილი, ორი ცალი ალუმინისაგან ნაკეთი თასი, თითოO ღირებული 5 ლარად, ერთი ცალი ალუმინის გასაშლელი საწოლი, ღირებული 20 ლარად. აღნიშნული ქმედებით მან დაზარალებულ თ. წ-ლს სულ მიაყენა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო დაზარალებულ ვ. გ-ლს _ 30 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე 2004 წ. თებერვალში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, თ. ს-სთან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა ამავე სოფელში მცხოვრები ნ. კ-ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაახლოებით ღამის 1 საათზე შეხვდა თ. ს-ს დათქმულ ადგილზე, სადაც მოლაპარაკების შემდეგ თ. ს-ძე დააყენა ნ. კ-ის ეზოში მეთვალყურედ, ხოლო თვითონ შევიდა სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცა საოჯახო ნივთები: ალუმინის სამი ცალი, 5 ლიტრი ტევადობის ქვაბი, თითო ღირებული 15 ლარად; სამი ალუმინის 3 ლიტრი ტევადობის ქვაბი, თითოO ღირებული 10 ლარად; ორი ალუმინის ორი ლიტრი ტევადობის ქვაბი, თითო ღირებული 7 ლარად; ორი ემალის 5 ლიტრი ტევადობის ქვაბი, თითოO ღირებული 15 ლარად; ორი სახელურიანი ალუმინის ტაფა, თითო ღირებული 20 ლარად. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ნ. კ-ეს სულ მიაყენა 159 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე 2004 წ. 12 მარტს თ. ს-სთან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა სოფ. --- მცხოვრებ მ. ნ-ის კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის გაქურდვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაახლოებით 1 საათზე შეხვდა თ. ს-ეს და მასთან ერთად მივიდა აღნიშნულ ჯიხურთან. თ. ს-ძე დააყენა სოფ. --- გადასასვლელ ხიდზე მეთვალყურედ, ხოლო თვითონ კი კარზე ბოქლომის გატეხვით შეაღწია ჯიხურში, საიდანაც ფარულად გაიტაცა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, კერძოდ: შედედებული რძე თუნუქის ქილით _ 8 ცალი, თითო ღირებული 1 ლარად და 50 თეთრად; ძეხვი “დოქტორსკი” _ 3 ცალი, ღირებული 2 ლარად და 50 თეთრად; კარაქი 200 გრამი შეფუთული კალკის ქაღალდში _ 8 ცალი, თითო ღირებული 1 ლარად; კარაქი “ბაბუშკინა” რუსული წარმოების, პოლიეთილენის ქილაში _ 3 ცალი, თითო ღირებული 1 ლარად და 20 თეთრად; მარგარინი “ვიტა” _ 15 ცალი, თითოO ღირებული 70 თეთრად; ყავა “ლამბადა” 100 გრამი, შეფუთული პოლიეთილენის ქაღალდში ღირებული 1 ლარად, სულ 120 ლარი, ყავა “პელე როიალი” თუნუქის კოლოფში _ 3 ცალი, თითო ღირებული 2 ლარად და 50 თეთრად; დაკონსერვებული საქონლის ხორცი 250 გრამიან ქილაში _ 4 ცალი, თითო ღირებული 1 ლარად და 20 თეთრად; საღეჭი რეზინი “ფრეშ-ბოლი” _ 3 ბლოკი თითო ღირებული 5 ლარად; საღეჭი რეზინი “ბაბოლი” ერთი ბლოკი ღირებული 8 ლარად; საღეჭი რეზინი “ოლოფსი” 24 ცალი, თითოO ღირებული 30 თეთრად; რუსული წარმოების შოკოლადის ნაკრები სახელწოდებით “დლიავა” 3 ცალი, თითო ღირებული 2 ლარად და 50 თეთრად; ვაფლის ერთი კოლოფი, ღირებული 1 ლარად; შოკოლადი “სუდარუშკა” 2 ცალი, თითო ღირებული 2 ლარად და 70 თეთრად; შოკოლადი “ონა” 100 ცალი, თითოO ღირებული 5 თეთრად; შოკოლადი “ლუნა” _ 24 ცალი, თითო ღირებული 40 თეთრად; შოკოლადის ფილა _ 3 ცალი, თითო ღირებული 60 თეთრად; შოკოლადი “ალბედური” 40 ცალი, თითო ღირებული 2 თეთრად; კარების ჩასაკეტი ბოქლომი, ღირებული 5 ლარად.

აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ მ. ნ-ეს სულ მიაყენა 144 ლარისა და 90 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე 2004 წ. მარტში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, თ. ს-სთან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა თ. რ-ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა. განზრახვის სისრულში მოყვანის მიზნით, ღამით, დაახლოებით 1 საათზე გააღეს თ. რ-ის ჭიშკარი და შევიდნენ ეზოში. თ. ს-ძე დააყენა ეზოში მეთვალყურედ, თვითონ კი შევიდა საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცა სხვადასხვა დასახელების ნივთი, კერძოდ: მაცივარ “აფშერონის” ძრავა, ღირებული 120 ლარად; ალუმინის 10 ლიტრი ტევადობის ქვაბი, ღირებული 20 ლარად; ალუმინის 7 ლიტრი ტევადობის ქვაბი, ღირებული 15 ლარად; ალუმინის 5 ლიტრი ტევადობის ქვაბი, ღირებული 10 ლარად; მინის 29 ლიტრი ტევადობის ჭურჭელი, ღირებული 30 ლარად; ხუთმეტრიანი ალუმინის გასაშლელი კიბე ღირებული 60 ლარად, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ თ. რ-ეს სულ მიაყენა 435 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე 2004 წ. 12 მაისს, ზუსტი საათი დაუდგენელია, ძალაყინის გამოყენებით დააზიანა სოფ. --- არსებული მ. ნ-ის კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის ალუმინისაგან დამზადებული კედლები და შეაღწია შიგ, გამოაღო მაცივარ “ორსკის” კარი და ცდილობდა იქიდან პროდუქტების გატაცებას, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელი შეუშალეს და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რის გამოც მას აღნიშნულ ჯიხურში დარჩა მწვანე ფერის ზურგჩანთა და ძალაყინი. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ მ. ნ-ეს სულ მიაყენა 70 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 17 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება. კერძოდ: ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 29 დეკემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა ო. მ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ო. მ-ხს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

პროკურორი თ. ო-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 17 მარტის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.

მსჯავრდებული ო. მ-ხი შესაგებლით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ჯ. კ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ-ემ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა თ. ს-ძე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი ო. მ-ის მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ო. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებული ო. მ-ხი პირველადაა სამართალში, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, კმაყოფაზე ჰყავსმეუღლე და ორიშვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია.აქედან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ თ. ს-ეს, რომელსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულ თ. ს-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 17 მარტის განაჩენი ო. მ-სა და თ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.