საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.07.2005
საქმის ნომერი
2კ-251აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 251-აპ 21 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე,ი. ტყეშელაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 30 მარტის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა 2004 წ. 17 დეკემბრის განაჩენი. აღნიშნული განაჩენით ზ. ჯ-ლი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“,„გ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და ერთობლივად, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წ. 11 აპრილიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2002 წ. 8 სექტემბერს ზ. ჯ-ლი იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. ესენში, ახლად გაცნობილ ტ. ა-სთან ერთად. ისინი მოძრაობდნენ ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა„დაიმლერ-ბენცი-190-ით“. ა-ძე მეორე მანქანის შესაძენად გაჩერდა ქ. ესენის ავტოკინოს ბაზრობაზე მანქანების დასათვალიერებლად. ამ დროს ზ. ჯ-მა განიზრახა აღნიშნული ავტომანქანის გატაცება, მიუჯდა საჭეს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 6200 ლარად ღირებულ ავტომანქანას, რომელიც მიიყვანა გერმანიის ქ. ლევერკუზენში, ---ის ქ. ¹22-თან და იქ მიატოვა. ზ. ჯ-მა ა/მანქანის სალონის საბარგულიდან ამოიღო და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ტ. ა-ის კუთვნილ 4 000 ევროს, რითაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

2003 წ. 8 აპრილს ზ. ჯ-ლი გადაფრინდა გერმანიის ქ. ფრანკფურტში და იმყოფებოდა თავისნაცნობთან, ქ. რუსთავში, --- მცხოვრებ ა. ს-თან, რომელიც თავის მხრივ სტუმრად იყო ქალიშვილთან _ ნ. ს-ასთან.

გერმანიაში ყოფნისას ა. ს-მა საკუთარი სახსრებით შეიძინა ორი „ოპელ-ვექტრას“ მარკის ა/მანქანა, რომელთაგან ერთი, გააფორმა თავის სახელზე, ხოლო მეორე, _ ზ. ჯ-ის სახელზე, რათაეს მეორე მანქანა ზ. ჯ-ლს ჩამოეყვანა რუსთავამდე, რაც განახორციელეს კიდეც.

ზ. ჯ-მა განიზრახა, მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით დაუფლებოდა მის სახელზე რეგისტრირებულ, ა. ს-ის კუთვნილ ა/მანქანა „ოპელ-ვექტრას“. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან ქ. რუსთავში ჩამოსვლის შემდეგ სთხოვა ა. ს-ვს, რომმანქანა გაყიდვამდე მასთან ყოფილიყო, რაზეც იგი დაეთანხმა. ზ. ჯ-მა ისარგებლა ამ შემთხვევით და 2003 წ. აპრილისბოლო რიცხვებშიაღნიშნული ავტომანქანა გაყიდა და მიღებულ თანხას თაღლითურად დაეუფლა, რითაც დაზარალებულ ა. ს-ვს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

2004 წ. 1 აპრილს ზ. ჯ-ლი სტუმრად იმყოფებოდა დედოფლისწყაროს რაონის სოფ. --- მცხოვრებ ა. გ-თან. მან განიზრახა ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომობილ „ვაზ-2107“-ის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. იყვნენ რა მთვრალები, ა. გ-ლი მან მიიპატიჟა თავისი პაპის, ე. ჯ-ის ოჯახში. ზ. ჯ-მა ისარგებლა იმით, რომ ა. გ-მა გადასცაგასაღები მანქანის ეზოში შემოსაყვანად, დაახლოებით 21.00 საათზე მიუჯდა საჭეს და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 6000 ლარად ღირებულ ავტომანქანას, ასევე, მანქანაში არსებულ, დაზარალებულის კუთვნილ, 140 ლარად ღირებულ მობილური ტელეფონის აპარატს _ „ერიქსონ ტ. 10-ს“, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ზ. ჯ-ლი გატაცებული ავტომანქანით იმავე დღეს მივიდა ა. გ-ის საცხოვრებელსახლში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ---ში, საიდანაც სურდა, წაეღოპირადი ნივთები. თავისი ტანსაცმლის აღებისას შენიშნა ოთახში შენახული ა. გ-ის კუთვნილი ფული _ 90 აშშ დოლარი, რომელსაც ფარულად დაეუფლა, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სახლიდან ასევე გაიტაცა ა. გ-ის კუთვნილი ა/მანქანის ტექნიკური პასპორტი, მინდობილობა, დაზარალებულის პირადობისა და მართვის მოწმობები. ამ საბუთებით ზ. ჯ-მა ა. გ-ის კუთვნილი ა/მანქანა მინდობილობით გადაიფორმა ჩრდილო ოსეთის ა/რ-ში მცხოვრები ვ. კ-საგან და როდესაც 2004 წ. 11 აპრილს აპირებდა ამ ა/მანქანის ე.წ. „ერგნეთის“ ბაზრობაზე გაყიდვას, იგი დააკავეს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ჯ-ლი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში _ განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას, ხოლო სხვა ნაწილში _ მისი ქმედების სსკ-ის 360-ე მუხლზე (თვითნებობა) გადაკვალიფიცირებას და ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რაც პატიმრობასთან არ იქნება დაკავშირებული.

დამატებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ-ია ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ტ. ა-ის ეპიზოდში ზ. ჯ-ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 4000 ევროს ქურდობის ეპიზოდში კი ითხოვს საქმის შეწყვეტას; ა. ს-ის ეპიზოდში _ განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას;ა. გ-ის ეპიზოდში ადვოკატი ითხოვს, რომ დადასტურებულად ჩაითვალოს ავტომანქანის ფარული გატაცება ვალისდაბრუნების მოტივით, მხედველობაში იქნეს მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ზ. ჯ-ს ეკმაროს პატიმრობაში ყოფნის დრო და გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ბ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

ადვოკატის მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული ზ. ჯ-ლი.

დაზარალებულ ა. ს-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ქ. ქ-მა კანონიერად მიიჩნია ზ. ჯ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება. განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ასევე დაზარალებულმა ა. ს-მაც.

პროკურორმა პ. მ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია ზ. ჯ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ არ არსებობს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც მისი, ასევედაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით,საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.

პალატა აღნიშნავს, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა სრულყოფილად გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიღებული შედეგებისამართლებრივად სწორადშეაფასეს.

პალატა თვლის, რომ ა. ს-ის ეპიზოდში ზ. ჯ-ის ქმედება სავსებით კანონიერადაადაკვალიფიცირებული სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. მის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადგენილი როგორც დაზარალებულ ა. ს-ს ჩვენებით, ასევე, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმის ერთობლივი მამხილებელი მასალებით. ამ ნაწილში განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის საფუძველი არ მოიპოვება.

ასევე დადგენილია მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიერ ტ. ა-ს კუთვნილი 4000 ევროს ქურდობის ფაქტი, რასაც თვით ზ. ჯ-იც არ უარყოფდა. შემდგომ, მართალია, მან უარყო ზემოაღნიშნული თანხის ქურდობა,მაგრამ მის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დაზარალებულ ტ. ა-ის ჩვენებითა და სხვა მამხილებელი მასალებით.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია და არ არსებობს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 30 მარტის განაჩენი ზ. ჯ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.