საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 19.07.2005
საქმის ნომერი
2კ-163აპ.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 163-აპ 19 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ თ. ო-ისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ მ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინებაზე, რომლითაც შეიცვალა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 მარტის დადგენილება ა. დ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 18 მარტს ა. დ-ლი, როგორც ზ. ძ-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დააკავეს თერჯოლის რაიონული შს განყოფილების თანამშრომლებმა. იმავე დღეს გაიჩხრიკა მისი ბინა, საიდანაც ამოღებულ იქნა გადაჭრილი სანადირო თოფი და 9,4 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება “---”. 2000წ. 20 მარტს მას წარედგინა 1960წ. სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებები და აღკვეთ ღონისძიებად შეერჩა დაპატიმრება. წინასწარმა გამოძიებამ ვერ მოიპოვა სამხილი ზ. ძ-ის მკვლელობის ეპიზოდში, ამიტომ ამ ნაწილში საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად, ხოლო დანარჩენი ბრალდებით კი საქმე წარიმართა სასამართლოში. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 12 ოქტომბერს საქმე ა. დ-ის მიმართ დაუბრუნა პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო აღკვეთი ღონისძიება _ დაპატიმრება _ შეუცვალა გაუსვლელობის ხელწერილით. ბაღდათის შს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2001წ. 15 ივნისის დადგენილებით ა. დ-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. ა. დ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რეაბილიტაცია, ამასთან ერთად _ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის _ 58,500 ლარის ანაზღაურება.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 მარტს დადგენილებით ა. დ-ლი რეაბილიტირებულ იქნა, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში კი მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 10 მარტის განჩინებით თერჯოლის რაიონული სასამართლოს დადგენილება ზიანის ანაზღაურების უარის თქმის ნაწილში გააუქმა და მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ა. დ-სათვის მორალური ზიანის სახით 5000 ლარის, ასევე ადვოკატების მომსახურების ხარჯების _ 250 ლარის ანაზღაურების შესახებ.

კერძო საკასაციო საჩივრით ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწე თ. ო-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას. პროკურორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ ა. დ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე კანონიერად შეწყდა, მაგრამ აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მან აღკვეთი ღონისძიების შერჩევისას დაადასტურა დანაშაულის ჩადენის ნებაყოფლობით აღიარება, ამასთან, პოლიციის მუშაკების მიმართ ა. დ-ის ჩვენებების გამოძალვის ფაქტზე გამოტანილია სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, სსსკ-ის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად _ “გადასახდელი არ ინიშნება, თუ უდანაშაულო პირისათვის მსჯავრის დადება და მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება გამოწვეული იყო წინასწარ განსაზღვრულად ცრუ აღიარებით, რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე”.

კერძო საკასაციო საჩივრით ფინანსთა მინისტრის მოადგილე ითხოვს სასამართლო კოლეგიის დადგენილების გაუქმებას იმავე მოტივით და იმის გათვალისწინებით, რომ საქმეს არ ერთვის ქვითრები ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდის შესახებ.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ჯ. კ-მა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნ. მ-მა მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრებს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

ა. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-ემ კერძო საკასაციო საჩივრების მოტივები მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა სასამართლო კოლეგიის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რეაბილიტირებულ ა. დ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა უკანონოდ, რის გამოც მის მიმართ საქმე შეწყდა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით _ სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც, ამავე კოდექსის 221-ე მუხლის თანახმად, ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია. მართალია, ა. დ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევას, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საფუძვლად დაედო ბრალდებულის აღიარება, რომ ინახავდა გადაჭრილ თოფს და პირადი მოხმარებისათვის მოჰყავდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე _ კანაფი, მაგრამ პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მართლსაწინააღმდეგო ძალადობის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა, ა. დ-ლს თავი დაედანაშაულებინა ისეთი ქმედების ჩადენაში, რომლის გამოც შემდეგში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა მარეაბილიტირებელი საფუძვლით. პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მორალური ზიანის სახით ა. დ-სათვის 5000 ლარის ანაზღაურების შესახებ დასაბუთებულია და არ არსებობს პროკურორის თანაშემწის საჩივრის მითითებული მოტივებით განჩინების გაუქმების საფუძველი. უსაფუძვლოა ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის კერძო საკასაციო საჩივრის მოტივიც ა. დ-სათვის 250 ლარის ანაზღაურების ნაწილში განჩინების გაუქმების შესახებ, ვინაიდან საქმეს ერთვის ქვითრები ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების შესახებ.

პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინება ა. დ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინება ა. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.