განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 19.07.2005
საქმის ნომერი
2კ-178დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 178-დად 19 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა ლ.ე-ის საჩივარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი და ძალაში დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ი.ს-ის 2005წ. 20 იანვრის დადგენილება ბრალდებულ გ.ჩუხრუკიძის მიმართ თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 12 თებერვალს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ. ჩ-ის მიმართ თაღლითობის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულის შემდეგ საქმე უწყებრივი ქვემდებარეობით, შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად, გადაიგზავნა იმავე რაიონის შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურში.

მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების საწყის ეტაპზე, კერძოდ კი 2003წ. 20 მაისს, გ.ჩუხრუკიძე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და წაეყენა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რის შემდეგაც იმავე დღეს გ.ჩუხრუკიძეს, გამომძიებლის შუამდგომლობისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანების შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა.

2003წ. 23 მაისს სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის განაჩენით გ. ჩუხრუკიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, გ.ჩ-ეს დანიშნული სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განჩინებით გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის განაჩენი გ.ჩ-ს მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურას.

ამის შემდეგ საქმე შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურიდან გადაიგზავნა იმავე რაიონის შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურში.

2004წ. 22 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმე საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად, გაიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში და დაექვემდებარა ამავე დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს.

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილია შემდეგი:

1993წ. 15 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ ჩაატარა --- მდებარე არასაცხოვრებელი ფართის აუქციონი, რომელშიც გაიმარჯვა ¹-- მიმღები პუნქტის შრომითმა კოლექტივმა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელსა და თბილისის ქონების მართვის მთავარ სამმართველოს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულის შემდეგ, 1995წ. 21 აპრილს, ქონების მართვის მთავარმა სამმართველომ გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა იმის შესახებ, რომ ¹-- მიმღები პუნქტის შრომითი კოლექტივის ამხანაგობას გადაეცა ქ.თბილისში, --- მდებარე ფართი.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ¹-- მიმღები პუნქტის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა შპს „---“, ხოლო ამ უკანასკნელისას კი _ შპს „---“, რომლის დირექტორი და დამფუძნებელია ქ.თბილისში, --- მცხოვრები ლ. ე-ნი.

1999წ. 26 ივნისს შპს “---მ” თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელშიც მიუთითა, რომ შპს „---“ უკანონოდ ფლობდა --- არსებულ ფართს. ვინაიდან 2000წ. 27 აპრილს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ როგორც მოპასუხე ლ.ე-ნი, ისე მისი წარმომადგენელი ა.შ-ლი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ მხედველობაში მიიღო თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს წერილი, რომლითაც ირკვეოდა, რომ შპს „---ს“ აღნიშნულ შენობაში ფართის კუთვნილების დამადასტურებელი მოწმობა ბიუროში არ ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის _ შპს “---ის“ სარჩელი და შპს “---” ცნო დაკავებული ფართის უკანონო მფლობელად. სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ გაასაჩივრა, რის შემდეგაც სასამართლომ 2000წ. 25 სექტემბერს დანიშნა საქმის ხელახალი განხილვა.

შპს „---ის“ დირექტორმა ლ.ე-მა, რომელიც საქმის წაგების გამო განაწყენებული იყო თავის წარმომადგენელ ა.შაყულაშვილზე, გადაწყვიტა ინტერესების დასაცავად აეყვანა სხვა რწმუნებული პირი. თავისი ნაცნობის _ მ. ბ-ის მეშვეობით იგი დაუკავშირდა თბილისის საკრებულოს ექსპერტ-კონსულტანტ გ.ჩუხრუკიძეს, რომელთანაც ორჯერ _ 2000წ. 27 მაისსა და 2001წ. 9 აგვისტოს გააფორმა სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება.

2000წ. 25 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე ლ.ე-ნი და გ.ჩ-ძე მივიდნენ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც გ.ჩ-ემ მოსამართლის თანაშემწე ლ.წ-ეს უარი განუცხადა, თავისი ხელმოწერით დაედასტურებინა როგორც უწყების მიღება, ისე _ აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილი ოქმი. იმის გამო, რომ 2000წ. 25 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე, გ.ჩ-ის გადაწყვეტილებით, არ გამოცხადდნენ მოპასუხე და მისი რწმუნებული პირი, სასამართლომ მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა 2000წ. 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „---“ ცნობილ იქნა მის მიერ დაკავებული ფართის უკანონო მფლობელად.

აღნიშნულის შემდეგ, კერძოდ კი 2000წ. 18 ოქტომბერს, ლ.ე-ნი და გ.ჩ-ძე კვლავ მივიდნენ მოსამართლის თანაშემწე ლ.წამალაიძესთან და მოითხოვეს სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაცნობა, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა მისი მიღების ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე უარი განაცხადეს.

სასამართლოს მიერ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შპს „---ამ“ სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. სააპელაციო საჩივრის განხილვისას გ.ჩ-ემ უარი განაცხადა საჩივარზე და მოითხოვა საქმის შეწყვეტა, რის საფუძველზეც საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა.

საბოლოოდ შპს „---ის“ დირექტორმა ლ.ე-მა გადაწყვიტა, ურთიერთობა გაეწყვიტა თავის რწმუნებულ გ.ჩუხრუკიძესთან, რომელიც დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში იცავდა მის ინტერესებს და რაშიც ჰონორარის სახით მიიღო გასამრჯელო ფულადი თანხის სახით.

ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლმა ი.ს-ემ 2005წ. 20 იანვრის დადგენილებით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე გ. ჩ-ის მიმართ თაღლითობის ფაქტზე იმ მოტივით, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.

2005წ. 25 თებერვალს ლ.ე-მა საჩივრით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმება.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ლ.ე-ის საჩივარი და ძალაში დარჩა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ი.ს-ის 2005წ. 20 იანვრის დადგენილება ბრალდებულ გ.ჩ-ის მიმართ თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.

ლ.ე-ნი საჩივრით ითხოვს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტისა და ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს 2005წ. 20 იანვრის დადგენილებების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ გ.ჩ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, მოატყუა იგი, რომ იყო კვალიფიციური იურისტი, რის გამოც მასთან გააფორმა რწმუნებულება და ჰონორარის სახით მისცა ფულადი თანხა; სინამდვილეში გ.ჩ-ძე, დიპლომის მიხედვით, აღმოჩნდა გეოლოგი.

ლ.ე-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ.ა-ძე ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

გ.ჩ-ძე მხარს არ უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

პროკურორი ვ.ვ-ძე არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის დადგენილება, ასევე უნდა გაუქმდეს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ი.ს-ის 2005წ. 20 იანვრის დადგენილება ბრალდებულ გ.ჩუხრუკიძის მიმართ თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 30 ივნისის განჩინებით გააუქმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის განაჩენი გ.ჩ-ის მიმართ და საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების საფუძვლად მიუთითა გ.ჩუხრუკიძის მიმართ დაცვის უფლების დარღვევაზე. კერძოდ, წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულ ლ.ე-ნს ჰყავდა ადვოკატი, რაც განაპირობებდა ბრალდებულ გ.ჩუხრუკიძის იძულებით დაცვას.

საქმის დამატებით გამოძიებაში _ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში დაბრუნების შემდეგ ორჯერ გაგრძელდა გ.ჩ-ის სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ვადა. ამ პერიოდში გამოძიებამ დამატებით დაკითხა დაზარალებული ლ.ეგიაზარიანი და მოპოვებულ იქნა დოკუმენტაცია გ.ჩ-ის ქ.თბილისის საკრებულოში მუშაობის დროს გაწეული საქმიანობის შესახებ; 2004წ. 17 ნოემბერს გამოტანილ იქნა დადგენილება გ.ჩ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და იგი ბრალდებულის სახით დაიკითხა; იმავე წლის 24-30 ნოემბერს ჩატარდა ბრალდებულ გ.ჩ-ისა და დაზარალებულ ლ.ეგიაზარიანის დაპირისპირება; 2004წ. 3 დეკემბერს კვლავ დამატებით დაიკითხა დაზარალებული ლ.ე-ნი. 2004წ. 14 დეკემბერსა და 16 დეკემბერს შესაბამისად დაზარალებულსა და ბრალდებულს გამოეცხადათ საქმეზე წინასწარი გამოძიების დამთავრება და გასაცნობად წარედგინათ საქმის მასალები. ბრალდებულ გ.ჩუხრუკიძის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობაში დაყენებული საკითხების შესამოწმებლად (კერძოდ, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებით მიმდინარე საქმეში დაზარალებულ ლ.ეგიაზარიანის სადავო ფართი არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, რის დასადასტურებლად ბრალდებულმა გ.ჩუხრუკიძემ წარმოადგინა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1994წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოდან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია) და გამოძიების შესავსებად კვლავ დამატებით დაიკითხა დაზარალებული.

2005წ. 20 იანვარს გ.ჩ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ იქნა დადგენილება სსსკ-ის 28-ე მუხლის 1 ნაწილის “ბ” (ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო) ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილების მოტივაციად მიჩნეულია შემდეგი: გ.ჩუ-ის, როგორც მოწმისა და ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმები, სადაც ის უარყოფს ბრალდებას და მიუთითებს, რომ (მან, როგორც წარმომადგენელმა, რომელსაც იურიდიული განათლების არქონის მიუხედავად აქვს საკმაო პრაქტიკული გამოცდილება) დაცვის ტაქტიკა შეათანხმა მარწმუნებელ ლ.ეგიაზარიანთან და მის ახლობლებთან. დამატებითმა გამოძიებამ გაიზიარა, რომ: გ.ჩ-ის რწმუნებულად ჩართვამდე ლ.ე- თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით წაგებული ჰქონდა სამოქალაქო დავა და ჩამორთმეული ჰქონდა უკანონოდ დაკავებული ფართი, რის შემდეგაც გ.ჩ-ძე რეალურად ახორციელებდა ლ.ე-ის წარმომადგენლობას (რაც გამოძიების მიერ დადასტურებულია ორჯერ _ 2000წ. 27 მაისს და 2001წ. 9 აგვისტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლ.ე-ის მიერ გ.ჩ-ისათვის რწმუნებულობის გადაცემით და 2001წ. 6 აგვისტოს გაცემული მინდობილობებით); რაც შეეხება რწმუნებულ გ.ჩ-ის პროფესიონალიზმს სამოქალაქო დავის წარმართვისას და დაზარალებულ ლ.ეგიაზარიანის ინტერესებში მოქმედებას _ გამოძიების მიერ ვერ შეფასდა და მიეთითა, რომ მარწმუნებლის რისკზეა, თუ რამდენად რეალურად და ეფექტურად განხორციელდა გ.ჩუხრუკიძის მიერ წარმომადგენლობა სამოქალაქო დავის გადაწყვეტისას. ამასთან, გ.ჩ-ემ გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის არ უარყო ფულადი სახით გასამრჯელოს მიღება. დამატებითი გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ჩ-ემ სხვადასხვა პერიოდში მარწმუნებლისაგან კანონიერად მიიღო გარკვეული თანხა, რომელიც სამოქალაქო კანონმდებლობით წარმოადგენს გასამრჯელოს და არა წინასწარი განზრახვით, თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მითვისებას. პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმე გ.ჩ-ს მიმართ თაღლითობის ფაქტზე დადგენილებაში არსებული მოტივაციით, სავარაუდოდ, უნდა შეწყვეტილიყო, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, და არა იმ საფუძვლით, რომ გ.ჩ-ის ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

2005წ. 20 იანვრის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების მოტივაციაში მითითებული გარემოებები ფაქტობრივად გაიზიარა სასამართლომ და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი სავიზიტო ბარათები, რომელთა მიხედვითაც გ.ჩ-ეს აქვს საადვოკატო ფირმა, არ მიუთითებს იმაზე, რომ ის აწარმოებს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს. გ.ჩ-ეს, როგორც ადვოკატს, ლ.ე-ის უფლებები სასამართლოში არ დაუცავს. ის დაზარალებულს იცავდა რწმუნებულების საფუძველზე. სასამართლო ასევე დაეთანხმა გამოძიების მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საჭირო არ არის დადგინდეს, თუ რა სამუშაოს შესრულებისთვის გადაუხადა ლ.ე-მა გ.ჩ-ეს ჰონორარის სახით 1.550 ამერიკული დოლარი. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ გ.ჩ-ემ მოატყუა ლ.ეგიაზარიანი და თავი ადვოკატად გააცნო. სასამართლომ, ისევე როგორც გამოძიებამ, საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულობები ჩათვალა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გაფორმებულად და დაადგინა, რომ გ.ჩ-ეს თაღლითობა არ ჩაუდენია. სასამართლომ ისე, რომ არ იმსჯელა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის არასწორ საფუძველზე, დაეთანხმა და კანონიერად მიიჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ი.ს-ის 2005წ. 20 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

პალატა მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიების პროცესში გ.ჩუხრუკიძის დაცვის უფლების დარღვევა გახდა საფუძველი სასამართლოს მიერ გ.ჩ-ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა. სასამართლოს მიერ მითითებული დარღვევა აღმოიფხვრა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისას. დამატებითი გამოძიების მიმდინარეობის პროცესში არ დადგენილა საქმისათვის მნიშვნელოვანი ახალი გარემოება, რომელიც შექმნიდა საფუძველს გ.ჩ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შესაწყვეტად იმ საფუძვლით, რომ გ.ჩუხრუკიძის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.

ყოველივეს გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ.-ის საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ი.ს-ის 2005წ. 20 იანვრის დადგენილების გაუქმების თაობაზე; ასევე უნდა გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ი.ს-ის 2005წ. 20 იანვრის დადგენილება ბრალდებულ გ.ჩ-ის მიმართ თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და მასალები წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეცეს გენერალურ პროკურატურას.

ამასთან, საქმეზე დამატებითი გამოძიების ჩატარებისას უნდა შემოწმდეს დაზარალებულ ლ.ეგიაზარიანისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ დაყენებული საკითხები იმის შესახებ, რომ 2000წ. 25 სექტემბერს სამოქალაქო დავაზე განახლებულ საქმის სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებით დანიშნულ სასამართლო სხდომაზე (რისთვისაც ლ.ე-მა რწმუნება გადასცა გ.ჩ-ეს იმ საფუძვლით, რომ კვალიფიციურად დაიცავდა მის ინტერესებს) გ.ჩ-ემ რა ფორმით განახორციელა დაცვა, ხომ არ ჰქონდა ადგილი მარწმუნებლის მოტყუებას; ხომ არ გრძელდებოდა გ.ჩ-ის მხრიდან ანალოგიური ქმედებები შემდგომ სასამართლო განხილვებში. ე.ი. უნდა გაირკვეს, რწმუნებულებების შესაბამისად, რეალურად განახორციელა თუ არა გ.ჩ-ემ ლ.ე-ის ინტერესების დაცვა სასამართლოში და ხომ არ ჰქონდა მას ლ.ე-ის მოტყუებით საქმის დაზარალებულის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის გაზრახვა. მომჩივანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს და სთხოვს გამოძიებას, იმსჯელოს და შეაფასოს ბოლო სასამართლო პროცესზე მარწმუნებლის მიერ განხორციელებული დაცვის საკითხი, რითაც ფაქტობრივად დამთავრდა სასამართლო წარმოება და გადაწყვეტილება სამოქალაქო დავაზე შევიდა კანონიერ ძალაში. ასევე, შესაფასებელია სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილებაში მითითება გ.ჩ-ს რწმუნებულად ჩართვამდე ლ.ე-ნს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით სამოქალაქო დავის საბოლოო წაგებასა და უკანონოდ დაკავებული ფართის ჩამორთმევაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს შემდგომ (ე.ი. ლ.ე-ის მიერ სამოქალაქო დავის ფაქტობრივად წაგების შემდეგ) გ.ჩ-ის წარმომადგენლობას საქმეში იმ მოტივით, რომ, როგორც პროფესიონალი, სასამართლოს მიერ დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე დაყრდნობით დაიცავდა ლ.ე-ნის ინტერესებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინასწარი გამოძიების დროს საფუძვლიანად და სრულყოფილად უნდა შემოწმდეს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ.ე-ის საჩივარი ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ი.ს-ის 2005წ. 20 იანვრის დადგენილების გაუქმების თაობაზე; ასევე გაუქმდეს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ი.ს- 2005წ. 20 იანვრის დადგენილება ბრალდებულ გ.ჩ-ის მიმართ თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და მასალები წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეცეს გენერალურ პროკურატურას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.