განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 329-დად 28 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ტყეშელაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი კასპის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის, ნ. მ-ის, წარდგინება _ ზ. - მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა ამავე განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მსჯავრდებულის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2005წ. 4 მაისს მსჯავრდებული ზ. კ-ლი დაპატიმრებულ და შესახლებულ იქნა ¹-- საპყრობილეში.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 მარტის განაჩენით ზ. კ-ლი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა 2 წლით გამოსაცდელი ვადით. დაევალა, მას პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და თვეში ერთხელ გამოცხადდეს პრობაციის სამსახურში კონტროლის გასავლელად.
2004წ. 11 ოქტომბერს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსმა წარდგინებით მიმართა კასპის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ზ. კ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით განსაზღვრული სასჯელის აღსრულება.
სასამართლომ წარდგინება განიხილა 2004წ. 9 დეკემბერს, დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, გააუქმა სასამართლოს მიერ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენი მიაქცია აღსასრულებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. კ-ლი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ არ დაურღვევია პრობაციის ბიუროს მიერ დაწესებული მოთხოვნები, ყოველთვის დროულად ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში. ამასთან, სასამართლოს მისთვის არ შეუტყობინებია წარდგინების განხილვის თარიღი, არ ჰყოლია ადვოკატი და გადაწყვეტილება მისი დასწრების გარეშე იქნა მიღებული.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. პ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება. მან წარმოადგინა დახასიათებები, აღნიშნა, რომ ზ. კ-ლს კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო მეუღლე არსად მუშაობს.
მსჯავრდებულმა ზ. კ-მა აღნიშნა, რომ მას პრობაციის ბიუროს მიერ დადგენილი წესები არ დაურღვევია, დაიწყო მუშაობა, ყოველთვის ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში. წარდგინების განხილვის თარიღის შესახებ სასამართლოს მისთვის არ უცნობებია, თორემ ყველაფერს მოახსენებდა და გაირკვეოდა სიმართლე.
პროკურორმა მ. ლ-ემ კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ ზ. კ-ის მიმართ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება უნდა გაუქმეს და წარდგინება მასალებთან ერთად ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 616-ე მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ იმ საკითხთა განხილვის წესი, რომელიც წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სასამართლომ საკითხი განიხილა ამ მუხლის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ არ დაიცვა ამავე კოდექსის 617-ე მუხლის მოთხოვნები. ამ მუხლით მოწესრიგებულია განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი.
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე, პროკურორისა და მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს სსსკ-ის 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს პროკურორის, სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს, კომისიის, მსჯავრდებულის და მისი დამცველის წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ დაიცვა კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული წესი, წარდგინების განხილვის შესახებ არ აცნობა მსჯავრდებულ ზ. კ-ლს, არ უზრუნველყო კანონით გარანტირებული დაცვით, მოუსმინა მხოლოდ პრობაციის ბიუროს უფროსსა და პროკურორს, ხოლო მსჯავრდებული და მისი დამცველი ადვოკატი კი საერთოდ არ ყოფილან პროცესზე მიწვეულნი, რითაც უხეშად დაირღვა მსჯავრდებულ ზ. კ-ის დაცვის უფლება, რაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
პალატა თვლის, რომ წარდგინება მასალებთან ერთად უნდა გადაეცეს სხვა მოსამართლეს, რომელიც ვალდებულია, საკითხი განიხილოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მიღებულ შედეგებს მისცეს სათანადო შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 617-ე, 623-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კასპის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის დადგენილება ზ. კ-ის მიმართ გაუქმდეს და მასალები ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
მსჯავრდებული ზ. კ-ი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.