განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 24.02.2005
საქმის ნომერი
2კ-352აპ.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 352-აპ 24 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა გ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 21 აპრილს ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურში გ. ა-ს მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შემდგომში ქმედება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 112-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და წარიმართა გამოძიება. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის წარმოება როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში გაგრძელდა სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. საბოლოოდ 2002წ. 17 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურმა მიიღო დადგენილება გ. ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძვლით. გ.ა-ვს მოეხსნა 1999წ. 21 ივნისს წარდგენილი ბრალდება და გაუქმდა მისთვის ჩამორთმეული ვალდებულება უნებართვოდ თბილისის დატოვებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აკრძალვის შესახებ.

2003წ. 29 დეკემბერს გ.ა-მა საჩივრით მიმართა სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედებების შედეგად მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვა მატერიალური ზიანის სახით 100.000 ლარის, ხოლო პატივისა და ღირსების შელახვისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 500.000 ლარის ოდენობით, სულ სახელმწიფოსგან მოითხოვა 600.000 ლარის გადახდა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 აპრილის დადგენილებით გ. ა-ვს, უსაფუძვლობის გამო, უარი ეთქვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 აპრილის დადგენილება გ. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

გ.ალბოროვი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას და მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას 600.000 ლარის ოდენობით.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლ.გ-ძე მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს გ.ალბოროვის მიმართ სასამართლო განჩინების უცვლელად დატოვებას.

პროკურორი ი.ყიფიანი არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს გ.ალბოროვის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2002წ. 17 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა გ.ნუკრაძემ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, გამოიტანა დადგენილება გ. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებლის დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით წარმოადგენს რეაბილიტაციის საფუძველს. იმავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მას შემდეგ, რაც გამომძიებელი შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, იგი განსაზღვრავს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, რის შემდეგაც პროკურორი შეწყვეტილ საქმეს გადასცემს სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, რაც იმავე დღეს უნდა აცნობოს რეაბილიტირებულს, ხოლო თუ პროკურორი საქმის შეწყვეტის შემდეგ არ განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ გ.ალბოროვს უარი უთხრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ მან ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, რადგანაც ამ უფლების თაობაზე გ.ალბოროვს არ განმარტებია. კანონის თანახმად კი, რეაბილიტირებულისთვის ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის თაობაზე უნდა განემარტა ორგანოს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება პირის მიმართ სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინება გ.ა-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. სასამართლომ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა იმსჯელოს გ.ალბოროვისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს პროკურორის მიერ საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილ, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც ძალაში დარჩა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს დადგენილება გ.ა-ის მიმართ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა 2003წ. 10 აპრილის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე ჯ., გ., ზ. და ზა. მ-ების მიმართ სსკ-ის 148-ე მუხლით აღძრულ საქმესთან დაკავშირებით გ.ალბოროვის, როგორც დაზარალებულისა და სამოქალაქო მოსარჩელის, საჩივარზე, სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნულით სასამართლომ დაადგინა, რომ ეს საქმე არ უკავშირდება გ.ა-ის მიმართ გ.მ-ის სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მარეაბილიტირებელი სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძვლით შეწყდა გ. ალბოროვის მიმართ. როგორც გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს, ასევე თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ აპელირება გაკეთდა სსსკ-ის 227-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მიეთითა, რომ მისი მოთხოვნა გამოძიების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით გ.ალბოროვისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და გ.ალბოროვის, როგორც დაზარალებულის, სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 5.000 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ.ა-სთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინება, რომლითაც სახელმწიფოს გ.ალბოროვის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 5.000 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინება გ. ა-ის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.