განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 415-დად 30 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ტყეშელაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ს. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. პ-სა და ზ. ჭ-ის კერძო საკასაციო საჩივარი კასპის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შიდა ქართლის პრობაციის უფროსის წარდგინება, გაუქმდა კასპის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივლისის განაჩენით ს. ო-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენი მიექცა აღსასრულებლად.
აღწერილობითი ნაწილი:
კასპის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივლისის განაჩენით ს. ო-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ერთობლივად მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ორი წელი.
კონტროლი ს. ო-ის ყოფაქცევაზე დაევალა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.
განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებული 2004წ. 13 მაისიდან 21 მაისამდე ხუთჯერ გამოცხადდა პრობაციის ბიუროს ოფიცერთან.
შემდგომში ს. ო-ლი აღარ გამოცხადდა პრობაციის ბიუროში.
პრობაციის ოფიცერ ვ. ხ-ის 2004წ. 12 ივლისის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სსსკ-ის 6061-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ გამოიტანა დადგენილება მსჯავრდებულ ს. ო-ის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ, რაც დაევალა შინაგან საქმეთა კასპის რაიგანყოფილებას, მსჯავრდებული დაძებნილი ვერ იქნა.
შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსმა ნ. მ-მა წარდგინებით მიმართა კასპის რაიონულ სასამართლოს ს. ო-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ.
კასპის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის ნ. მ-ის წარდგინება, ს. ო-ის მიმართ გაუქმდა ამავე სასამართლოს 2003წ. 2 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცა დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული ს. ო-ლი შეასახლეს თბილისის ¹1 საპყრობილეში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ს. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ კ. პ-ლი და ზ. ჭ-ლი ითხოვენ სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და ს. ო-ის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
ანალოგიური მოთხოვნა აქვს ადვოკატ ჯ. მ-ლს, რომელმაც წარმოადგინა დამატებითი კერძო საკასაციო საჩივარი.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ჯ. მ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული ს. ო-ლი.
პროკურორმა ო. რ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ ს. ო-ის მიმართ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მსჯავრდებულ ს. ო-ის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება უნდა გაუქმდეს და მასალები ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 617-ე მუხლი აწესრიგებს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე პროკურორისა და მსჯავრდებულის მონაწილეობით, მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს სსსკ-ის 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.
საქართველოს სსსკ-ის 617-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო განიხილავს საკითხს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ყოფაქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს. ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგ სასამართლო იკვლევს პროკურორის, სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს, კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი.
მოცემულ შემთხვევაში წარდგინების განმხილველ სასამართლოს მსჯავრდებული ს. ო-ლი არ უზრუნველუყვია სსსკ-ის 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით, საერთოდ არ შეუტყობინებიათ მისთვის წარდგინების განხილვის დროის შესახებ. არ ყოფილა უზრუნველყოფილი დამცველით, ფაქტობრივად არ ჩატარებულა მხარეთა კამათი და სასამართლომ საპროცესო კანონის ასეთი დარღვევებით მიიღო დადგენილება წარდგინების დაკმაყოფილების შესახებ.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ უხეშად დაარღვია მსჯავრდებულ ს. ო-ის დაცვის უფლება, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებელი საფუძველია.
პალატა თვლის, რომ წარდგინების ხელახალი განხილვისას მსჯავრდებული ს. ო-ლი დაცვით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და შესრულდეს სსსკ-ის 76-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები, მთელი გულმოდგინებით უნდა შემოწმდეს საქმეზე წარმოჭრილი ყველა ვერსია და ამის შემდეგ იქნეს მიღებული გდაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 616-617-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
გაუქმდეს კასპის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის დადგენილება ს. ო-ის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
მსჯავრდებული ს. ო-ი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.