დატოვებულია განუხილველად

სისხლის სამართლის 11.01.2005
საქმის ნომერი
2კ-496დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 496-დად 11 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),მ. ისაევი

განიხილა მოქალაქე ი. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ოქტომბრის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 9 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹--, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 79-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შპს “---ს” მიერ -- წლებში თხილის გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარების შემოტანისას კონტრაბანდის ჩადენის ფაქტზე, რომელიც გამოსაძიებლად ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს დაექვემდებარა. აღნიშნულ საქმეზე 2003წ. 31 მარტს გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდებულის სახით პ. გ-ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მას ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდება. ბრალდების მიხედვით, პ. გ-მა 1997-1998 წლებში თავისი მეგობრის _ ი. ქ-ის ფულადი სახსრებითა და დახმარებით იტალიაში ფირმა “ბროვინდისგან” 440000 აშშ დოლარად შპს “---ს” სახელით შეიძინა და საქართველოში შემოიტანა თხილის გადამამუშავებელი ფაბრიკისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარები, აგრეთვე მაკომპლექტებელი ნაწილები, რომლებიც იტალიელი სპეციალისტების მეშვეობით დაამონტაჟა ქ. თბილისში და მოაწყო თხილის გადამამუშავებელი ფაბრიკა. იმის გამო, რომ იტალიიდან შემოტანილი მანქანა-დანადგარების განბაჟება მოხდა გასხვისების უფლების გარეშე, იგი არ წარმოადგენდა დამატებითი ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას მანამდე, ვიდრე აღნიშნული ქონება იქნებოდა შპს ”---ს” საკუთრებაში. პ. გ-მა, განიზრახა რა თავი აერიდებინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო გადასახადებისათვის, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 1997წ. 19 დეკემბერს დააფუძნა და თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოში რეგისტრაციაში გაატარა შპს “---”, რომელსაც 1997წ. 20 დეკემბერს მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა იტალიიდან შემოტანილი მანქანა-დანადგარები, ღირებული 376359 ლარად, სხვა მატერიალურ ფასეულობებთან ერთად, საერთო ღირებულებით _ 499050 ლარი.

იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს 2002წ. 2 აპრილის ¹-- და საგადასახადო დეპარტამენტის 2001წ. 23 ოქტომბრის ¹-- წერილების შესაბამისად, პ. გ-ის მიერ განხორციელებული ოპერაცია წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას (საქონელბრუნვა), რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა მიეღო გადასახადის სახით ძირითადი თანხა _ 99818,31 ლარი, რომლის გადახდასაც პ. გ-მა თავი აარიდა, რითაც სახელმწიფომ სანქცია-საურავების ჩათვლით, საერთო ჯამში იზარალა 445122,39 ლარი.

აღნიშნული ბრალდების საფუძველზე 2003წ. 2 აპრილს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებით პ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა დაპატიმრება, ხოლო ვინაიდან იმ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, გამოცხადდა მისი ძებნა.

2003წ. 30 ივნისიდან საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ სსკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ლ” ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლით, პ. გ-ის ბრალდების საქმე ამოიღო ქ. თბილისის პროკურატურის წარმოებიდან და გამოსაძიებლად დაუქვემდებარა შიდა ქართლის ოლქის პროკურატურას, სადაც მასზე გამოძიება აწარმოა ხსენებული პროკურატურის სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილებამ.

2003წ. 20 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება-დაპატიმრება ბრალდებულ პ. გ-ნს შეუცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით _ გირაოთი, რაც უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 2003წ. 1 სექტემბრის დადგენილებით. უფრო მოგვიანებით, 2003წ. 20 აგვისტოს, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულ პ. გ-ნს შეუცვალა კიდევ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით-ხელწერილით გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგების საფუძველზე 2004წ. 5 ივლისს გამოტანილ იქნა დადგენილება პ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება ეყრდნობოდა შემდეგ მოსაზრებებს: 1997წ. 20 დეკემბერს, მაშინ, როდესაც შპს “---ს” ბალანსზე რიცხული იტალიიდან შემოტანილი თხილის გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარები მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა შპს “---ს”, პ. გ-ნი შპს “---ს” წინაშე ანგარიშვალდებულ პირს არ წარმოადგენდა, რის გამოც იგი არ არის საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი. გარდა ამისა, ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი უძრავი ქონება საკუთრების უფლებით 2002 წლამდე ირიცხებოდა შპს “---ს” ბალანსზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქონების საკუთრების უფლებით გადაცემა არ მომხდარა, ე.ი. პ. გ-ნს მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

პ. გ-ის მიმართ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში 2004წ. 5 ივლისს გამოტანილი დადგენილება განმცხადებლის _ ირ. ქ-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-ემ გაასაჩივრა გორის რაიონულ სასამართლოში. საჩივრით იგი ითხოვდა აღნიშნული დადგენილების გაუქმებასა და საქმის მასალების პროკურატურისათვის დაბრუნებას პ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების მიზნით.

გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ადვოკატ მ. გ-ის საჩივარი და 2004წ. 15 ოქტომბერს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც უცვლელად დატოვა საოლქო პროკურატურის ზემოხსენებული დადგენილება.

აღნიშნული სასამართლო დადგენილების თაობაზე ადვოკატმა მ. გ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს როგორც რაიონული სასამართლოს, ისე საოლქო პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებების გაუქმებას და საქმის მასალების დაბრუნებას შესაბამისი პროკურატურისათვის პ. გ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების მიზნით.

პალატის სხდომაზე განმცხადებლის _ ი. ქ-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-ემ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

დაინტერესებულმა პირმა _ პ. გ-მა მხარი არ დაუჭირა საჩივარს და ითხოვა, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი დადგენილება დარჩეს უცვლელად.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ. ა-მა მხარი არ დაუჭირა საჩივარს და ითხოვა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ოქტომბრის დადგენილება დარჩეს უცვლელად, ხოლო მომჩივანს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის დასაშვებობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოქალაქე ი. ქ-ის განცხადების საფუძველზე 2001წ. 2 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹-- შპს “---ს” დირექტორ ზ. გ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება გააუქმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ _ სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველომ, ვინაიდან, მისი დასკვნით, აღნიშნული საქმე კანონის დარღვევით იყო აღძრული. ამ შემთხვევაში ირ. ქ-ის მიერ შეტანილი განცხადებით მისი ინტერესი გამოხატული იყო სწორედ ხსენებული სისხლის სამართლის საქმისა და ზ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. საპროცესო კანონიც სწორედ ამ საქმის მიმართ ანიჭებდა მას შემდგომში სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უფლებას.

რაც შეეხება სხვა პირის _ პ. გ-ის ქმედებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ თავისი ინიციატივით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ¹-- და ამ საქმეზე პ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის მიერ გამოტანილ დადგენილებას, მათთან მიმართებაში ირ. ქ-ძე გასაჩივრების უფლებით ვერ ისარგებლებს, რადგან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 398-ე და 399-ე მუხლების შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლება გასაჩივრების უფლების მქონე დაინტერესებულ პირად, მით უმეტეს, მოცემულ შემთხვევაში, პ. გ-ს მიმართ ბრალდების დადასტურების შემთხვევაშიც კი, დაზარალებულად მიჩნეული იქნებოდა სახელმწიფო და არა _ ირ. ქ-ძე. ამდენად, მის განცხადებაში გამოხატულ ინტერესს, კავშირის თვალსაზრისით, კანონიერი საფუძველი არ გააჩნია იმ საქმესთან მიმართებაში, რომელთან დაკავშირებითაც მან საჩივრით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას არსებითად სწორად მიაჩნია გორის რაიონული სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ირ. ქველიძე არ წარმოადგენს გასაჩივრების სუბიექტს, თუმცა პალატა ვერ დაეთანხმება იმ დასაბუთებას, რომელსაც სასამართლო მიმართავს და რომლის მიხედვით დაინტერესებული პირი, ვისი განცხადებითაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სარგებლობს მხოლოდ ამ საქმის შეწყვეტის თაობაზე გამოტანილი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების უფლებით და არა ამავე საქმეზე რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ გამოტანილი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილების გასაჩივრების უფლებით. კანონიერ საფუძველზე ცნობილ დაინტერესებულ პირს ხსენებული ორივე სახის დადგენილების გასაჩივრების უფლება გააჩნია, რასაც აუცილებლობით გულისხმობს სსსკ-ის 398-ე და 399-ე მუხლები, ოღონდ იმ საქმეზე, რომელიც აღძრული იყო უშუალოდ მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე და თუკი ამ საქმეში გამოხატულია მისი კანონიერი ინტერესი.

ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც მოქალაქე ი. ქ-ეს უარი ეთქვა მის მიერ შეტანილ საჩივარზე, არსებითად სწორია, უნდა ჩაითვალოს კანონიერად და დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მოქალაქე ი. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველი, როგორც დაუშვებელი.

გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2004წ. 15 ოქტომბერს მოქალაქე ი. ქ-ის საჩივრის თაობაზე გამოტანილი დადგენილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.