შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.02.2005
საქმის ნომერი
2კ-7აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 7-აპ 17 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ს ინტერესების დამცველის _ თ. გ-სა და მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების _ ა. ჩ-სა და ლ. ჭ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განაჩენზე გ. ლ-ს, მ. მ-სა და სხვათა მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქარელის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის განაჩენით გ. ლ., ნასამართლევი (ქარელის რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 იანვრის განაჩენით სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით მისჯილი ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა), გამართლდა სსკ-ის 187-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, წარდგენილი ბრალდებიდან ასევე ამოერიცხა ფეთქებადი ნივთიერების _ ხელყუმბარის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, 182I-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “ე”' ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რისთვისაც ერთობლივად მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მ. მ. გამართლდა სსკ-ის 187-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რისთვისაც ერთობლივად მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით ა. ღ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით წარდგენილ ქმედებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რისთვისაც ერთობლივად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ გ. ლ-მ, მ. მ-მა და ა. ღ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 3 დეკემბრის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენში შეიტანა შემდეგი ცვლილება: გ. ლ-ს მიმართ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 182I-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით, წარდგენილ ბრალდებაში გ. ლ. დამნაშავედ ცნო სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ' ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელების ნაწილობრივი შეკრების გზით გ. ლ-ს საბოლოოდ განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მ. მ-ს მიმართ სააპელაციო პალატამ ცვლილება შეიტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ' ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით ა. ღ-ს სსკ-ის “ა”, “ბ' და “გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მისჯილი სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 3 წლამდე, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

ა. ღ. განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს.

განაჩენით გ. ლ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ არაერთგზის, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ბინასა და საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად, საცავში უკანონო შეღწევით, ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და ატარებდა მას;

მ. მ-მა არაერთგზის, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ბინასა და საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად, საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ასეთი ძალადობის მუქარით; მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და ატარებდა მას;

ა. ღ-მა პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მათ მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2001წ. ნოემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ. ლ-მ და მ. მ-მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ქარელის რაიონის სოფ. რუისში მდებარე ლ. ნ-ს საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ლ. ნასყიდაშვილის კუთვნილ ერთ ცალ ჭაღს, ორ ცალ საყვავილეს, 12 ცალ შპალერს, ერთ ცალ საწოლის გადასაფარებელს, დივანის 2 ცალ გადასაფარებელს, მაგიდის ერთ ცალ გადასაფარებელს, ქვაბების კომპლექტს, ორ ცალ ლამპას, ორ ცალ ელექტროუთოს, ორ ცალ საწოლის გადასაფარებელს, ერთ ცალ ხალიჩას და სხვადასსხვა სახის თეთრეულს, საერთო ღირებულებით 1185 ლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.

2002წ. 17 ნოემბერს, ღამის საათებში, მათვე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, არაერთგზის, უკანონოდ შეაღწიეს სოფ. ... პირველი საშუალო სკოლის შენობაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა ნივთებს, საერთო ღირებულებით _ 126 ლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.

2003წ. იანვარში, დაუდგენელ რიცხვში, გ. ლ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, ლულაგადაჭრილი სანადირო თოფი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა მ. მ-ს საცხოვრებელ სახლში.

2003წ. იანვარში, დაუდგენელ რიცხვში, დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთზე, გ. ლ-მ და მ. მ-მა, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ლულაგადაჭრილი სანადირო თოფით შეიარაღებულებმა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, უკანონოდ შეაღწიეს ქარელის რაიონის სოფ. ... მდებარე ბენზინგასამართ სადგურ “ემაში”, სადაც თავს დაესხნენ სადგურის ოპერატორ ა. ღ-ს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით გასტაცეს ფულადი თანხა 98 ლარის ოდენობით და სეიფის გასაღები.

2003წ. თებერვლის დასაწყისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ. ლ-მ და მ. მ-მა არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეაღწიეს სოფ. ... მდებარე ხ. ბ-ს საამქროში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ხ. ბ-ს კუთვნილი ტრაქტორისა და გენერატორის ნაწილებს, საერთო ღირებულებით 260 ლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.

2003წ. 17 თებერვალს, ღამის საათებში, გ. ლ-მ უკანონოდ შეაღწია სოფ. რუისში მდებარე ნ. კ-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ერთ ცალ ელექტროუთოს, ერთ ცალ ხელის საკერავ მანქანას, ტრაქტორის მისაბმელის ორ ცალ საბურავს, ერთ ცალ ხალიჩას, ერთ ცალ სტაბილიზატორს, ორ ცალ რკინის საჭრელ ხერხს, ერთ ცალ ხის საჭრელ ხერხს, ხელის “დრელს”, ავტომანქანა “ვაზ-2106-ის” სათადარიგო წვრილმან ნაწილებს, სამ ცალ ხატს ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და ჯვარცმის გამოსახულებით და ფერადი ლითონის შემცველ ნაკეთობას _ 50 ლარად ღირებულ სპილენძის ტაშტს, რითაც დაზარალებულს 470 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

2003წ. 18 თებერვალს გ. ლ-მ და მ. მ-მა არაერთგზის, ა. ღ-თან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ქარელის რაიონის სოფ. რუისში მდებარე ნ. კ-ს ხსენებულ ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ნ. კ-ს კუთვნილ სხვადასხვა ნივთებს, საერთო ღირებულებით _ 310 ლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.

იმავე ღამეს გ. ლომიძე, მ. მ. და ა. ღ. ქარელის რაიონის სოფ. რუისში მდებარე მ. ხ-ს ბაღიდან არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ მ. ხ-ს კუთვნილ 500 ძირ ვაზის ნერგს, რითაც დაზარალებულს 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

საკასაციო საჩივრით ადვოკატი თ. გ. ითხოვს გ. ლ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებაში და განაჩენიდან რუისის ¹1 საშუალო სკოლაში ჩადენილი ქურდობის ეპიზოდის ამორიცხვას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ საქმეში არ მოიპოვება ამ ეპიზოდში გ. ლ-ს ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, კასატორი ითხოვს გ. ლ-ს მიმართ სასჯელის შემსუბუქებას იმის გათვალისწინებით, რომ გ. ლ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის აფხაზეთის ომის მონაწილე და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.

საკასაციო საჩივარში ადვოკატები _ ა. ჩ. და ლ. ჭ. ითხოვენ მ. მ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას ბენზინგასამართ სადგურში ჩადენილი ყაჩაღობისა და რუისის ¹1 საშუალო სკოლის გაქურდვის ნაწილში, ღნიშნულის გათვალისწინებით კი მ. მ-ს მიმართ _ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

შესაგებლით საკასაციო საჩივრებზე ხაშურის რაიონული პროკურორის თანაშემწე რ. ს. ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული მ. მ., ადვოკატები _ თ. გ., ა. ჩ. და ლ. ჭ. მხარს უჭერენ საკასაციო საჩივრებს.

პროკურორი დ. მ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრებს და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის განხილვისას მსჯავრდებულებმა _ მ. მ-მა და გ. ლ-მ უარყვეს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, სადაც ისინი აღიარებდნენ მათ მიმართ ბენზინგასამართ სადგურზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისა და რუისის ¹1 საშუალო სკოლაში ჩადენილი ქურდობის ფაქტებს, მაგრამ პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მათი ეს ჩვენებები საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით:

მსჯავრდებულები _ მ. მ. და გ. ლ. პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარებდნენ რუისის ¹1 საშუალო სკოლაში მათ მიერ ქურდობის ჩადენას. რაც შეეხება ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღურ თავდასხმას, ამ ეპიზოდში მსჯავრდებულები განმარტავდნენ, რომ მათ მიერ ბენზინგასამართისადგურის თანამშრომელზე განხორციელდა არა ყაჩაღური თავდასხმა, არამედ _ ძარცვა.

სოფ. რუისის ბენზინგასამართ სადგურ “ემას” ოპერატორის, დაზარალებულ ა. ღ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2003წ. იანვარში, ასრულებდა რა თავის სამსახურებრივ მოვალეობას გ. ვ-თან ერთად,თავს დაესხა გადაჭრილი თოფითა და დანით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი, რომლებმაც მოსთხოვეს ფული. შეშინებულმა, რომ თავდამსხმელები იყვნენ, მათ გადასცა ფული _ 98 ლარი. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა იგი გაიყვანეს სადგურის შენობიდან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით, სადაც მათ გაყვანილი ჰყავდათ გ. ვ-ც. ერთ-ერთმა მათგანმა ცხვირსა და თვალის არეში მას (ა. ღ-ს) დაარტყა თოფის კონდახი, რის შედეგადაც გაითიშა, გაუსკდა ცხვირი და წამოუვიდა სისხლი. მომხდარი თავდასხმის შესახებ მას პოლიციაში არ განუცხადებია. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ თავდამსხმელებმა თვითონ განაცხადეს პოლიციაში და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მათი დაკითხვა. ასეთივე შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე გ. ვ-მაც.

მსჯავრდებულების _ გ. ლ-სა და მ. მ-ს მიერ რუისის ¹1 საშუალო სკოლაში ჩადენილი ქურდობის ფაქტი დადასტურებულია ამოღების ოქმით, კერძოდ, ამ ოქმის მიხედვით, 2003წ. 1 აპრილს სოფ. რუისში მ. მ-ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იქნა რუისის ¹1 საშუალო სკოლიდან ფარულად გატაცებული 1 ცალი შეშის ღუმელი, სამი ცალი ფარდა, ერთი კედლის საათი.

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის ერთობლივი მასალების ანალიზის საფუძველზე, სწორად მიიჩნია სარწმუნოდ ზემომითითებულ ქმედებებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების _ მ. მ-სა და გ. ლ-ს აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც მათ მისცეს წინასწარ გამოძიებაში; ასევე კანონიერია სააპელაციო პალატის განაჩენი მ. მ-სა და გ. ლ-ს მიმართ მათთვის ბრალად შერაცხულ სხვა ქმედებებშიც, რასაც თავად მსჯავრდებულებიც არ ხდიან სადავოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრების პოზიციას ბენზინგასამართ სადგურზე მსჯავრდებულების მიერ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ნაწილსა და რუისის ¹1 საშუალო სკოლაში მათ მიერ ჩადენილი ქურდობის ეპიზოდში განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის თაობაზე.

ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-სა და გ. ლ-ს მიმართ განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: მ. მ. და გ. ლ. ნაწილობრივ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, მ. მ. პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, დაკავებამდე მუშაობდა სოფ. რუისის ამბულატორიაში დარაჯად, ხასიათდება დადებითად, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. გ. ლ-ს მიმართ პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ გ. ლ. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ზრდის მცირეწლოვან შვილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მ. მ-სა და გ. ლ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის 1-1 წლით შემცირებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განაჩენი გ. ლ-სა და მ. მ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მ. მ-სა და გ. ლ-ს შეფარდებული სასჯელები შეუმცირდეთ 1-1 წლით და მოსახდელად დარჩეთ: გ. ლ-ს _ 8, ხოლო მ. მ-ს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.