დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 08.04.2020
საქმის ნომერი
ბს-45(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-45(კ-20) 8 აპრილი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. დ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: ე. დ-ემ 2018 წლის 5 ივლისს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმი ე. დ-ის ნაწილში, დაევალოს კომისიას აღძრას შუამდგომლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმი ე. დ-ის მიმართ; შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა ე. დ-ის განცხადებაზე - ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ე. დ-ეს დადებითი რეკომენდაციის გაცემაზე უარი ეთქვა 2018 წლის 7 აპრილის N4 ოქმით. უარყოფითი რეკომენდაციის გაცემაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2016 წლის ივნისის თვეში. N4 ოქმით განხილულ იქნა ე. დ-ის 2018 წლის 15 მარტს მერიაში წარდგენილი განცხადება, რომლითაც მხარე ითხოვდა პროგრამაში ჩართვაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემას. მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხს განიხილავს მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, პროგრამაში ჩართვის მსურველმა კი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს. ამიტომ, ე. დ-ის 2018 წლის 15 მარტის განცხადება, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მიჩნეულ უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივრად და არა ახალ განცხადებად. N4 ოქმში აღნიშნულია, რომ არ გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომლებიც 2016 წლის ივნისის თვეში მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების გაუქმებისა და დადებითი რეკომენდაციის გაცემის საფუძველს შექმნიდა. ამასთანავე, ე. დ-ეს გაშვებული ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უნდა განიხილოს მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის ივნისის თვეში მიღებული გადაწყვეტილების და არა 2018 წლის 7 აპრილის N4 ოქმის კანონიერების საკითხი. შესაბამისად, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს 2016 წლის ივნისის თვეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც ე. დ-ე ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ აკმაყოფილებდა პროგრამის ბენეფიციარისთვის დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელემ შვილიშვილს ბინა აჩუქა მხოლოდ 2016 წლის 12 ოქტომბერს.

კასატორი აღნიშნავს, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ორივე მხარის დაუსწრებლად და დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ეკომიგრანტს, ამდენად, ექვემდებარება შესაბამის სოციალურ უზრუნველყოფას. ამასთან, ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულებით დამტკიცებული, სადავო პერიოდში მოქმედი „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N2) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც 2017 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ/გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 იანვრის N15 განკარგულებით, რომლითაც დამტკიცდა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N2). მოქმედი „წესის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, დადგენილია, რომ პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც 2017 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღდგენის დღემდე, გააჩნიათ/გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, თუმცა ამავე ნორმით განისაზღვრა, რომ ოჯახისათვის საარსებოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ალტერნატიული არსებული უძრავი ქონების გასხვისება არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა. გასხვისების ასეთ ერთ-ერთ საპატიო მიზეზად, იმავე ნორმის „ბ.ა“ ქვეპუნქტით, დასახელდა შემთხვევა, როდესაც ბინა გასხვისებულია პირადი ანგარიშებიდან ანაზღაურებული ძვირადღირებული სამედიცინო მკურნალობის (არანაკლებ 7 000 ლარისა) ხარჯების გაწევისათვის, ამასთან, დამადასტურებული დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი მერიის მიერ. იმავე ნორმის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ადგილობრივმა კომისიამ შესაძლებელია იმსჯელოს ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გაუთვალისწინებელ სხვა საპატიო შემთხვევებზე და აღძრას შუამდგომლობა, რაზედაც იმსჯელებს კომისია.

საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, მართალია, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა, მოქმედი წესისგან განსხვავებით, არ ჩამოთვლიდა შემთხვევებს, როდესაც ალტერნატიული საცხოვრებლის გასხვისება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარყოფით გავლენას ვერ იქონიებდა, მაგრამ მოცემული არ ათავისუფლებდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისგან. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სადავო საკითხის განხილვის მომენტისთვის (2018წ.) მოსარჩელე აღარ ფლობდა ალტერნატიულ ფართს, რადგან მან ის 2016 წელს გააჩუქა შვილიშვილზე. ადმინისტრაციული ორგანო აპელირებს გარიგების ფიქტიურობაზე, მაგრამ გარიგების ნამდვილობის შემოწმება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება და სხვა, დამოუკიდებელი დავის საგანს წარმოადგენს. ამასთანავე, ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ საცხოვრებელი ბინა გადასცა შვილიშვილს, რომელმაც ე. დ-ის მეუღლის მკურნალობის ხარჯები გაიღო. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, სახლის გადაცემა მოხდა სანაცვლო დახმარების მიღების შედეგად. საკასაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან ალტერნატიული საცხოვრებლის გასხვისება ავტომატურად არ ქმნის ე. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, არამედ მნიშვნელოვანია ბინის გასხვისების მიზეზი, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ გარიგების დადების მიზეზისა და მიზნის მხედველობაში მიღებით, მოსარჩელის განმარტების გათვალისწინებით, პირის სოციალური დაცვის უზრუნველყოფით უნდა გამოსცეს ახალი აქტი. მოცემული გარემოება კი ადმინისტრაციული წარმოებისას შეფასებული არ ყოფილა. ამდენად, არსებობდა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა კასატორის განმარტება, რომ სადავო საოქმო გადაწყვეტილება არ იყო ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული აქტი და წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარზე გაცემულ პასუხს. დადგენილია, რომ კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომა წარიმართა ე. დ-ის 2018 წლის 19 მარტის განცხადების საფუძველზე. მითითებული განცხადებით მოთხოვნილი იყო მოსარჩელის, როგორც ეკომიგრანტის, დაკმაყოფილება და არა გამგეობის 2016 წლის ივნისის წერილის ბათილად ცნობა. ამრიგად, დაუსაბუთებელია კასატორის განმარტება, რომ სასამართლომ საკითხი უნდა შეისწავლის 2016 წლის ივნისის მდომარეობით არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების გათვალისწინებით.

რაც შეეხება საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. ამდენად, თუკი მხარეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ მიწვეულნი სასამართლო სხდომაზე, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ, სასამართლო უფლებამოსილი იყო, მათი დასწრების გარეშე განეხილა და გადაეწყვიტა სარჩელი/საჩივარი. საქმეში წარმოდგენილია სასამართლო უწყების ორივე მხარისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 160). ამდენად, აპელანტისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღი და დრო. მართალია, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება და ითხოვა 2019 წლის 13 სექტემბერს დანიშნული სხდომის გადადება (ს.ფ. 162), მაგრამ შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და მხარე უნდა ადასტურებდეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლიდან გამომდინარე, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ მიუთითა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ვერც ასეთის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა. შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ასეთი განცხადების საფუძველზე გადაედო საქმის მოსმენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე