საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 28.04.2005
საქმის ნომერი
2კ-75აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 75-აპ 28 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 ივნისის განაჩენი მის მიმართ შეიცვალა.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 ივნისის განაჩენით ზ. ლ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ზ. ლ. გამართლდა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ზ. ლ-ს ქმედება სსკ-ის 182I-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებზე და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ზ. ლ. პატიმრობაშია 2004წ. 12 თებერვლიდან.

განაჩენით ზ. ლ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ:

ზ. ლ-მ 2004წ. 18 თებერვალს გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მათთან წინასწარი შეთანხმებით, გარდაბნის რაიონის სოფ. სართიჭალის ტერიტორიაზე გამავალი შპს “საქართველოს რკინიგზის” თბილისის საკვანძოს ვაზიანის რკინიგზის ქვესადგურ “წევას” მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზიდან, მისაკუთრების მიზნით, ჩამოჭრა ფერადი ლითონების შემცველი, 180 გრძივი მეტრი სადენი, რითაც შპს “საქართველოს რკინიგზას” მიაყენა 700 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

დაუფლებული 180 გრძივი მეტრი ელექტროგადამცემი ხაზი მსჯავრდებულმა და ძიებით დაუდგენელმა პირებმა გადაზიდეს გარდაბნის რაიონის სოფ. ახალი სამგორის ტერიტორიაზე, მეცხოველეობის ფერმაში, საიდანაც 2004წ. 22 თებერვალს ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ლ. ითხოვს ცვლილების შეტანას სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, კერძოდ, მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რასაც ასაბუთებს იმით, რომ დანაშაული ჩაიდინა მარტომ და საწარმოს მისი ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია.

პროკურორი დ. მ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს ზ. ლ-ს მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი ზ. ლ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს მხოლოდ სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს “საქართველოს რკინიგზის” “თბილისის საკვანძოს” ელექტრომომარაგების დისტანციის წარმომადგენელი, სამოქალაქო მოსარჩელე გ. გ. აჩვენებს, რომ საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ფერადი ლითონის შემცველი, 180 გრძივი მეტრი ელექტროგადამცემი ხაზი დაჭრა ზ. ლ-მ და, ამდენად, უვარგისია. მისივე განმარტებით, 700 ლარის ზარალი, რომელიც ზ. ლ-მ შპს “საქართველოს რკინიგზას” მიაყენა, მათთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ზ. ლ-ს ქმედებას მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. პალატა არ ეთანხმება ასევე მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს იმაშიც, რომ მან დანაშაული ჩაიდინა მარტომ. საჩივრის ეს არგუმენტი სასამართლომ საფუძვლიანად უარყო იმით, რომ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ელექტროგადამცემი ხაზი იმდენად რთული და დიდი მოცულობისაა, რომ შეუძლებელია, მისი ჩამოჭრა მსჯავრდებულს მარტო განეხორციელებინა. ამდენად, პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარს ზ. ლ-ს ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

ამასთან, პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულ ზ. ლ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ იგი აღიარებს ელექტროგადამცემი სადენის ჩამოჭრის ფაქტს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რომ მის ოჯახს აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მამა; პალატა მხედველობაში იღებს, აგრეთვე, იმასაც, რომ ზ. ლ-ს ქმედებას არ გამოუწვევია ენერგეტიკული და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის დაზიანება. იმ პერიოდში მონაკვეთი, საიდანაც მსჯავრდებულმა ჩამოჭრა ელექტროსადენი, უმოქმედოდ იყო. ის მწყობრიდან არ გამოსულა და ნორმალური მუშაობის შეფერხება არ გამოუწვევია; ამდენად, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის სასჯელის შემცირება 3 წლამდე, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციის ფარგლებში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს: ზ. ლ-ს შეფარდებული სასჯელი _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 3 წლამდე; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.