შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 417-აპ 15 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა ადვოკატ ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განაჩენზე ლ. მ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 მაისის განაჩენით ლ. მ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა 150 დღიური მინიმალური ანაზღაურებით, რაც შეადგენს 300 ლარს. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 მაისის განაჩენი ლ. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით ლ.მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; ასევე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში: ლ. მ. და ნ. ს. 2000 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში. 2001 წელს შეეძინათ შვილი გ. მ.. ერთად ცხოვრების პერიოდში ლ.მ-მ მეუღლის ოქროს ნივთები დააგირავა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში. 2003წ. ზაფხულში ხშირი კონფლიქტების გამო ლ.მ. და ნ.ს.ი დაშორდნენ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მეუღლეს მოსთხოვა ნივთების დაბრუნება. აღნიშნულთან დაკავშირებით 2003წ. 2 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე, ... ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” მახლობლად ლ.მ.ე შეხვდა ნ.ს-ს, რომელსაც ახლდა ძმა გ. სეფიაშვილი. ოქროს ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით ცოლ-ქმარს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაშიც ჩაერია გ.ს., რა დროსაც ლ.მ-მ, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მიზნით, გ.ს-ს მოუქნია დანა და მიაყენა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, კერძოდ, მიაყენა მუცლის არეში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა წვრილი ნაწლავის ჯორჯლის და დიდი ბადექონის დაზიანებით. ნ.ს-მა დაინახა რა, როგორ დაჭრა ლ.მ-მ გ.ს., ხელი ჰკრა ლ.მ-ს, რა დროსაც ნ.ს.ი ლ.მიშელაძი-ს გაუფრთხილებლობის შედეგად დაიჭრა და მიიღო ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ხელის მტევნის წინამხრის ქვემო მესამედში, გამშლელი მყესებისა და კუნთების დაზიანებით, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ.ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ.მ-სთვის სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივებით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, არის ავადმყოფი დედისა და დის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, სურს ოჯახის შენარჩუნება, დაზარალებულებს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არა აქვთ და არ ითხოვენ მის დასჯას.
პროკურორი ა.ს. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ლ.მ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით დადგენილია, რომ ლ.მ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით. აღნიშნულს არც კასატორი ხდის სადავოდ და ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას.
პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ ლ.მ. გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, ნასამართლევი არ არის, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, კმაყოფაზე ჰყავს ხანშიშესული, ავადმყოფი დედა, და და მცირეწლოვანი შვილი, ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, თვლის, რომ ლ.მიშელაძეს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელის ზომა უნდა შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საბოლოოდ ლ. მ-ს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მოსახდელად უნდა დარჩეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განაჩენი ლ. მ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საბოლოოდ ლ. მ-ს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მოსახდელად დარჩეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.