შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 15.03.2005
საქმის ნომერი
2კ-424აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 424-აპ 15 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის განაჩენით ზ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი _ 1 წელი _ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ზ. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ.ჯ-ს განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე _ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ზ.ჯ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით; მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ. ჯ. 2002წ. 19 აგვისტოს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და განუსაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მიუხედავად ამისა, ზ.ჯ. არ დაადგა გამოსწორების გზას და გამოსაცდელი ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. კერძოდ: 2003წ. 21 მაისს, დაახლოებით 18 საათზე, ზ. ჯ. თავის ნაცნობებთან _ ხ. რ-სთან, გ. რ-სა და მ. ნ-სთან ერთად მივიდა დაბა სურამში მდებარე სასაუზმე “ფიჭვებში”. სასაუზმის მეპატრონე ზ. ხ-მა, პატივისცემის ნიშნად, მათ გრაფინით გაუგზავნა ღვინო და მიპატიჟების შემდეგ თვითონაც მათ გვერდით დაჯდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ზ.ხ-მა აღნიშნა: “უზნეობაა გლეხი კაცისათვის სამი ლარის ჯიბიდან ამოცლა და მოპარვაო”. ზ.ჯ. და ხ.რ. შეეკამათნენ მას, შემდეგ კი ამ უკანასკნელმა მაგიდიდან აიღო ღვინის გრაფინი და იგი თავში ჩაარტყა ზ.ხ-ს, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ზ.ჯ-მა ჯიბიდან ამოიღო თანნაქონი დანა, გახსნა და იქნევდა უმისამართოდ, თან ყველას დახოცვითა და გადაწვით ემუქრებოდა. ყოველივე ამას ზ.ჯ-სა და ხ.რ-ს მხრიდან თან ახლდა უცენზურო სიტყებით ლანძღვა-გინება სასაუზმეში მყოფი პირების მისამართით, შემდეგ დაიწყეს სასაუზმის მიმართულებით ქვების სროლა. ზ.ჯ-მა ხელის კვრით ძირს წააქცია ხმაურზე სახლიდან გამოსული ზ.ხ-ს სიდედრი რ. გ.. ზ.ჯ-სა და ხ.რ-ს ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთს, რითაც მათ აშკარად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. ხმაურზე შეიკრიბა ხალხი, რომელიც გამოხატავდა უკმაყოფილებას მომხდარის გამო.

ზ.ჯ-ს ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის წინასწარ გამოძიებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული ჰქონდა პოლიციის ზედამხედველობა. მიუხედავად ამისა, მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ, 2003წ. 13 ივლისს, დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე, ზ.ჯ. იმყოფებოდა ქ.ხაშურში, სტალინის ქუჩაზე, ბორჯომის მიმართულებით მიმავალი ავტობუსის გაჩერებაზე, რა დროსაც ბორჯომის მიმართულებით მიმავალ მგზავრს _ ჟ. ლ-ს ავტობუსში ასვლის მომენტში გაუხსნა მხარზე გადაკიდებული ხელჩანთის ელვა შესაკრავი, ხელჩანთის ჯიბიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად ამოაცალა პატარა ზომის პლასტმასის სავარცხელი, პარკში ჩადებული ერთი 20-ლარიანი კუპიურა, 1 ერთლარიანი კუპიურა და 1 ლარის ხურდა ფული, აგრეთვე წამლები _ ადელფანი, რაუნატინი, კორასპირონი და ასპირინი, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. ამის შედეგად ზ.ჯ-მა ჟ.ლომიძის ხელჩანთიდან მოპარული ფული და წამლები თავისივე პოლიეთილენის პარკით ჩაიდო შარვლის უკანა ჯიბეში და შეეცადა, გასცლოდა იქაურობას, მაგრამ იგი დააკავეს შს ხაშურის რაიგანყოფილების თანამშრომლებმა. დაკავებისას მან მოასწრო და ჯიბიდან ამოიღო ზემოაღნიშნული პარკი, მაგრამ მისი შორს გადაგდება ვერ შეძლო და იქვე დააგდო, რაც შემდგომში ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.

მსჯავრდებული ზ.ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა შეცვალა საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

პროკურორი დ.მ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ზ.ჯ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ.ჯ-მა, მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას, შეცვალა საჩივრის მოთხოვნა და პალატის წინაშე იშუამდგომლა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადგენილი, რომ ზ.ჯ-მა ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; ასევე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

ამასთან, პალატა თვლის, რომ ზ.ჯ-ს მიერ ჟ.ლ-ს კუთვნილი 22 ლარისა და წამლების დაუფლება ვერ ჩაითვლება დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებად, რის გამოც ზ.ჯ-ს ქმედება სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ზ.ჯ. დაავადებულია ქრონიკული ქოლეცისტიტით, კმაყოფაზე ჰყავს ცოლ-შვილი; მის მიერ დაუფლებული ნივთები მაშინვე დაუბრუნდა დაზარალებულს, სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

ზ.ჯ-ს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე _ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 564-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განაჩენი ზ. ჯ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება გადაკვალიფიცირდს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

ზ. ჯ-ს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე _ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.