შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 521-დად 11 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ხობის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც განისაზღვრა უკრაინის სასამართლოს მიერ ი. ხ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის საქართველოში აღსრულების წესი.
აღწერილობითი ნაწილი:
ზაპოროჟიეს საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 17 ნოემბრის განაჩენით ი. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-17,194-ე მუხლის მეორე ნაწილითა და მე-17,79-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა 12 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ 1998წ. სექტემბერში გააყალბა პასპორტი, რომელიც იმავე წლის 13 დეკემბრამდე უკანონოდ გამოიყენა თავისი პირადობის დასადასტურებლად. მანვე შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადა ავტომანქანის მართვის უფლების ყალბი მოწმობა. მანვე, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ჩაიდინა ყალბი ფულის _ 129300 უკრაინული გრივნის გასაღების მცდელობა.
უკრაინის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ლუგანსკის ოლქის სვერდლოვის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 იანვრის დადგენილებით ი. ხ-ს მიმართ ზაპოროჟიეს საოლქო სასამართლოს 1999წ. 17 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილებები: იგი მსჯავრდებულად ჩაითვალა უკრაინის ახალი სსკ-ის 15,199-ე მუხლის მეორე ნაწილით და 358-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, სსკ-ის მე-15,199-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით, ხოლო 358-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოსა და უკრაინას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 2004წ. ნოემბერში ი. ხ. სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილ იქნა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის საქართველოში აღსრულების პირობების განსაზღვრა მსჯავრდებულის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალა ხობის რაიონულ სასამართლოს.
ხობის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის დადგენილებით განისაზღვრა უკრაინის სასამართლოს მიერ ი. ხ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის საქართველოში აღსრულების შემდეგი პირობები:
ი. ხ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია უკრაინის სსკ-ის მე-15,199-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 358-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს სსკ-ის მე-19,212-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 362-ე მუხლის პირველ ნაწილთან. ამის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის მე-19,212-ე მუხლის პირველი ნაწილით ი. ხ-ს სასჯელის ღონისძიებად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ტუსაღობა ექვსი თვის ვადით. საბოლოოდ, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მას მოსახდელად განესაზღვრა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს ის იხდის 1998წ. 13 დეკემბრიდან.
კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ბ-მ მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც უკრაინის, ასევე ხობის რაიონის სასამართლომ ი. ხ-ს ყველაზე მკაცრი სასჯელი განუსაზღვრა დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადეინსათვის.
საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის ღონისძიებად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე. ამავე მუხლის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: “დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს”.
კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ი. ხ-სთვის ხობის რაიონულ სასამართლოს უნდა განესაზღვრა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთის სამი მეოთხედი, ანუ ხუთი წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში ხობის რაიონული სასამართლოს დადგენილება გასაჩივრებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 564-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე, 620-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ხურცილავას კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ხობის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის დადგენილებაში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეტანილ იქნეს ცვლილება შემდეგი მიმართებით:
ი. ხ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,212-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით. დადგენილება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.