ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-635(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე ნუგზარ სხირტლაძე,საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელე) - შპს „...ა“, „...“;
მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ი. ჭ-ე, ნ. ა-ე, ე. ს-ი, ნ. ს-ე, ა. ა-ე, ნ. ჭ-ა, ქ. დ-ი, გ. ჭ-ე, ზ. კ-ე, პ- ღ-ი, ჟ. გ-ე, მ. ს-ე, შპს „ბ...ა“, რ. ს-ი, რ. გ-ი, თ. შ-ა, გ. ო-ი, გი. ო-ი, კ. ო-ი, ნ. მ-ე, თ. ჩ-ი, ა. ს-ი, გ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 მარტის განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ა...მა“ 2016 წლის 14 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ი. ჭ-ის, ნ. ა-ის, ე. ს-ის, ნ. ს-ის, ა. ა-ის, ნ. ჭ-ას, ქ. დ-ის, გ. ჭ-ის, ზ. კ-ის, პ- ღ-ის, ჟ. გ-ის, მ. ს-ის, შპს „ბ...ას“, რ. ს-ის, რ. გ-ის, თ. შ-ას, გ. ო-ის, გი. ო-ის, კ. ო-ის, გ. კ-ის, ნ. მ-ის, თ. ჩ-ის, ა. ს-ისა და გ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 3 795 856.44 (სამი მილიონ შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას ორმოცდათექვსმეტი მთელი და ორმოცდაოთხი მეასედი) აშშ დოლარისა და 670 972.54 (ექვსას სამოცდაათი ათას ცხრაას სამოცდათორმეტი მთელი და ორმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე გ. კ-ის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ა...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
2018 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელე შპს „ა...მა“ და „...-მა“ (ს.კ. ... …ო) ერთობლივი განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნეს, რომ ი. ჭ-ის მიმართ არსებული ყველა სასესხო მოთხოვნა 2014 წლის 7 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ა...ს“ დათმობილი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანიაზე და პროექტის რეალურ ინვესტორზე „...-ზე“. შპს „ა...ის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, ამიტომ მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი შეიტანა შპს „ა...ის“ სახელით. განცხადების მიხედვით, „...“ სრულად ეთანხმება სასარჩელო განცხადებას და თანახმაა განსახილველ დავაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 84-ე მუხლის მიხედვით, ჩაერთოს სათანადო მოსარჩელედ და ჩაანაცვლოს თავდაპირველი მოსარჩელე - შპს „ა...ი“. აპელანტის წარმომადგენელმა წარადგინა აპოსტილიზებული და ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა და შპს „ა...სა“ და „...“-ს შორის არსებული სასესხო მოთხოვნის დათმობის შეთანხმება. თავის მხრივ, განცხადების მიხედვით, შპს „ა...ი“ თანახმაა, რომ „...“ განსახილველ დავაში ჩაერთოს ახალ, სათანადო მოსარჩელედ და შპს „ა...ი“ ჩანაცვლდეს სათანადო მოსარჩელით - „...“-ით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განცხადების ავტორმა ითხოვა თავდაპირველი მოსარჩელის, შპს „ა...ის“ შეცვლა სათანადო მოსარჩლით - „...“-ით.
საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოწინააღმდეგე მხარეთა კერძოდ, გ. ო-ის, გი. ო-ის, კ. ო-ის, ნ. მ-ის, თ. შ-ას, რ. ს-ის, თ. ჩ-ის, ა. ს-ის, გ. ქ-ის, რ. გ-ის წარმომადგენელმა, იშუამდგომლა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ შპს „ა...ს“ წარმოდგენილი სასესხო მოთხოვნების დათმობის შესახებ შეთანხმების შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა, ანუ სარჩელი აღძრა არაუფლებამოსილმა პირმა, რაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო თუ აღნიშნული გარემოება გამოვლინდება სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 მარტის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეთა კერძოდ, გ. ო-ის, გი. ო-ის, კ. ო-ის, ნ. მ-ის, თ. შ-ას, რ. ს-ის, თ. ჩ-ის, ა. ს-ის, გ. ქ-ის, რ. გ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე - შპს „ა...ის“ სარჩელზე მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით; შპს „ა...ის“ სარჩელზე მოპასუხეების - ი. ჭ-ის, ნ. ა-ის, ე. ს-ის, ნ. ს-ის, ა. ა-ის, ნ. ჭ-ას, ქ. დ-ის, გ. ჭ-ის, ზ. კ-ის, პ- ღ-ის, ჟ. გ-ის, მ. ს-ის, შპს „ბ...ას“, რ. ს-ის, რ. გ-ის, თ. შ-ას, გ. ო-ის, გი. ო-ის, კ. ო-ის, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ნ. მ-ის, თ. ჩ-ის, ა. ს-ისა და გ. ქ-ის მიმართ 3 795 856.44 (სამი მილიონ შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას ორმოცდათექვსმეტი მთელი და ორმოცდაოთხი მეასედი) აშშ დოლარისა და 670 972.54 (ექვსას სამოცდაათი ათას ცხრაას სამოცდათორმეტი მთელი და ორმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარის დაკისრების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ შპს „ა...ის“ სარჩელი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის პირობებს. კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობის პირობას წარმოადგენს მოსარჩელის უფლებისათვის, ინტერესისათვის ზიანის მიყენება ან რაიმე უფლების უკანონო შეზღუდვა. პალატის მოსაზრებით, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის რეალურ საჭიროებას. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობასთან ერთად პირს უნდა გააჩნდეს იურიდიული, ლეგიტიმური, პატივსადები ინტერესი მის მიერ აღძრული სარჩელის გადაწყვეტისადმი, რაც სარჩელის დასაშვებობის პირობას წარმოადგენს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა...ის“ სარჩელის სასამართლოში წარდგენას წინ უსწრებდა მისი შეთანხმება სასესხო მოთხოვნის დათმობის შესახებ, რაც გამორიცხავს სარჩელის აღძვრის მომენტში მოსარჩელის დაინტერესებულ მხარედ განხილვას, მისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობის ფაქტს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა შპს „ა...ის“ სარჩელზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „ა...ი“ მოპასუხე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ ითხოვს ზიანის ანაზღაურების დაკისრებას სოლიდარულად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დანაწესების შესაბამისად. პალატამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელ ნაწილზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე და აღნიშნა, რომ დავის საგანია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და იმ პირობებში, როდესად საქმის წარმოება უნდა შეწყდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, დავა მთლიანად იძენს სამოქალაქო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კერძო-სამართლებრივ ხასიათს, ვინაიდან დავაში მონაწილე მხარეები კერძო სამართლის სუბიექტები არიან, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად საქმის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის გადაცემის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან განსხვავებულად რეგულირდება არასათანადო მოსარჩელის გამოვლენის საკითხი სამოქალაქო სამართალში. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქმე, მოპასუხეების - ი. ჭ-ის, ნ. ა-ის, ე. ს-ის, ნ. ს-ის, ა. ა-ის, ნ. ჭ-ას, ქ. დ-ის, გ. ჭ-ის, ზ. კ-ის, პ- ღ-ის, ჟ. გ-ის, მ. ს-ის, შპს ”ბ...ას”, რ. ს-ის, რ. გ-ის, თ. შ-ას, გ. ო-ის, გი. ო-ის, კ. ო-ის, ნ. მ-ის, თ. ჩ-ის, ა. ს-ის და გ. ქ-ის მიმართ შპს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების 3 795856,44 ლარის (სამი მილიონ შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას ორმოცდათექვსმეტი ლარი და 44 თეთრი) დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებულ არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის საკითხზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 მარტის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრეს კომპანია „...-მა“ და შპს „...ამ“ ( შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლე) და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღების გზით არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლა მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 2018 წლის 09 აგვისტოს განცხადება იყო კანონიერი და უნდა დაკმაყოფილებულიყო. სააპელაციო პალატამ სადავო გადაწყვეტილებით დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ აუარა გვერდი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლს. საქმის წარმოების შეწყვეტა, როგორც ყველაზე რადიკალური ღონისძიება, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის გაგრძელება ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგალითად, როდესაც ტექნიკურად და სამართლებრივად შეუძლებელია არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით ჩანაცვლება ან/და ახალი მოსარჩელე მნიშვნელოვნად ცვლის დავის საგანს, წარადგენს ახალ მტკიცებულებებს და სხვ. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც დააბრკოლებდა საქმის განხილვას და გამორიცხავდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის გამოყენებას. სასამართლო განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 372-ე მუხლებს და, ამავე დროს, უარს აცხადებს ამავე კოდექსისი 84-ე მუხლის გამოყენებაზე, იმ პირობებში, როდესაც მისი გამოყენება არ არის აკრძალული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით შპს „ა...ის“ უფლებამონაცველდ დადგენილ იქნა შპს „...ა“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კომპანია „...-ისა“ და შპს „...ის“ (შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლე) კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 მარტის განჩინებით მოსარჩელე - შპს „...ის“ (შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელზე მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით; შპს „ა...ის“ სარჩელზე მოპასუხეების - ი. ჭ-ის, ნ. ა-ის, ე. ს-ის, ნ. ს-ის, ა. ა-ის, ნ. ჭ-ას, ქ. დ-ის, გ. ჭ-ის, ზ. კ-ის, პ- ღ-ის, ჟ. გ-ის, მ. ს-ის, შპს „ბ...ას“, რ. ს-ის, რ. გ-ის, თ. შ-ას, გ. ო-ის, გი. ო-ის, კ. ო-ის, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ნ. მ-ის, თ. ჩ-ის, ა. ს-ისა და გ. ქ-ის მიმართ 3 795 856.44 (სამი მილიონ შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას ორმოცდათექვსმეტი მთელი და ორმოცდაოთხი მეასედი) აშშ დოლარისა და 670 972.54 (ექვსას სამოცდაათი ათას ცხრაას სამოცდათორმეტი მთელი და ორმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარის დაკისრების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განჩინება, საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ, არ საჩივრდება. ამდენად, განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა შემოწმდეს სსიპ საჯარო რეესტრის მიმართ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტს კანონიერება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...ის“ (შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლე) სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 3 795 856.44 (სამი მილიონ შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას ორმოცდათექვსმეტი მთელი და ორმოცდაოთხი მეასედი) აშშ დოლარისა და 670 972.54 (ექვსას სამოცდაათი ათას ცხრაას სამოცდათორმეტი მთელი და ორმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარის ანაზღაურების დავალება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა...ის“ მიერ სარჩელის წარდგენას წინ უსწრებდა მისი სასესხო მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება კომპანია „...-თან“. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, სარჩელის წარდგენის დროისათვის, არ გააჩნდა კანონიერი ინტერესი დავის მიმართ და იგი წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე შესაძლოა გამოვლინდეს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არასათანადო მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს, მათ შორის, საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. ამდენად, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს არასათანადო მხარის შეცვლის შესაძლებლობას. აღნიშნული დანაწესი საპროცესო ეკონომიის პრინციპს ეფუძნება და სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს საქმის შეწყვეტის გარეშე შეცვალოს არასათანადო მხარე მისი თანხმობის შემთხვევაში. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნევს, რომ სახეზეა არასათანადო მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ დავის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არარსებობის გამო სახეზეა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ერთმანეთისაგან განსხვავდება არასათანადო მოსარჩელე და პირი, რომელსაც დავის მიმართ კანონიერი ინტერესი არ აქვს. კერძოდ, არასათანადო მოსარჩელე ფაქტობრივად დაინტერესებული პირია, რადგან იგი შეცდომით ფიქრობს, რომ უფლება, რომლის დასაცავადაც მან მიმართა სასამართლოს მას ეკუთვნის, შესაბამისად, კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მომტან მოთხოვნას აყენებს მოთხოვნის უფლების არმქონე პირი. კანონიერი ინტერესის არარსებობის შემთხვევაში კი პირი აყენებს ისეთ მოთხოვნას, რომელიც, დაკმაყოფილდების შემთხვევაში, გავლენას ვერ იქონიებს მის სამართლებრივ მდგომარეობაზე (იხ. სუსგ ბს-764-764(2კს-18), 27.12.2019წ.). კონკრეტულ შემთვევაში, შპს „...ა“ (შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლე) მიუთითებდა, რომ იყო არასათანადო მოსარჩელე, რადგან იგი შეცდომით ფიქრობდა, რომ საკუთარი უფლების დასაცავად მიმართავდა სასამართლოს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი სააპელაციო პალატას შესაძლებლობას აძლევდა ემსჯელა არასათანადო მოსარჩელის სათანდო მოსარჩელით შეცვლის საკითხზე.
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ უშვებს არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლას. სააპელაციო პალატა სსიპ საჯარო რეესტრის მიმართ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის ზოგად საფუძვლებსა და წესს შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც, თუმცა, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 84-ე მუხლის ითვალისწინებს საქმის წარმოების შეწყვეტის გარეშე ხარვეზის აღმოფხვრისა და საქმეში სათანადო მხარის ჩართვის საშუალებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ნორმების გამოყენება არ არის შეზღუდული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციული კანონმდებლობა განსხვავებულად აწერისგებს საკითხს ან პირდაპირ კრძალავს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის კონკრეტული ნორმების გამოყენებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასათანადო მოსარჩელის შეცვლის საკითხს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ გამორიცხავს. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსაზრება, რომ არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლა ვერ იქნება დაშვებული ადმინისტრაციულ პროცესში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არარსებობისა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის შეულებლობის გამო, დაუსაბუთებელია.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...ისა“ (შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლე) და კომპანია „...-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 მარტის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საქმე შპს „ა...ისა“ და „...-ის“ 2018 წლის 09 აგვისტოს ერთობლივი განცხადების ხელახლა განხილვის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...ისა“ (შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლე) და კომპანია „...-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 მარტის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საქმე შპს „ა...ისა“ და „...-ის“ 2018 წლის 09 აგვისტოს ერთობლივი განცხადების ხელახლა განხილვის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე