განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 30.11.2005
საქმის ნომერი
2კ-360აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 360-აპ 30 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-სა და მსჯავრდებულ ხ. ც-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 აპრილის განაჩენი ხ. ც-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 აპრილის განაჩენით ხ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად შეეფარდა 11 თვით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ხ. ც-ს შეეფარდა 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 1997წ. 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 1 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით ხ. ც. გამართლდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 13 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის დადგენას, არ დააკმაყოფილა. სააპელაციო პალატამ ამავე განაჩენით ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორ მ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი და ბაღდათის რაიონული სასამართლოს განაჩენში შეიტანა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ხ. ც-ს ამოერიცხა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი. ხ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით ხ. ც-ს მსჯავრი დაედო არაერთგზის ნარკოტიკული საშუალების, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ხ. ც-ს ბაღდათის რაიონული სასამართლოს 1997წ. 8 სექტემბრის განაჩენით 1960წ. სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 და 253-ე მუხლის პირველი ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე ქვეპუნქტებით მისჯილი ჰქონდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე, 11 თვითა და 8 დღით ადრე _ 2003წ. 9 ივნისს. პირობითი მსჯავრის პერიოდში მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა _ “ფ-1” ტიპის ხელყუმბარა და ნარკოტიკული საშუალება _ 8,97 გრამი “მარიხუანა”, რომელსაც სახლში უკანონოდ ინახავდა. საკასაციო საჩივრით პროკურორი ი. კ. ითხოვს სასჯელის ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვას.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ხ. ც. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას შემდეგი მოტივებით:

1. ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია, პოლიციელებმა მოუწყვეს პროვოკაცია და სახლში ჩაუდეს ნარკოტიკი და ხელყუმბარა. ისინი დაინტერესებული იყვნენ მისი დასჯით, ვინაიდან იგი მუშაობდა ინვალიდთა კავშირში ფოტორეპორტიორად და აფიქსირებდა რაიონში ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ფაქტებს, რის გამოც პრობლემები ექმნებოდა სამართალდამცავ ორგანოებს. მისი აზრით, განაჩენი ემყარება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს: ჩხრეკის ოქმს, ბალისტიკურ და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს და ა.შ.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. უ-მა მოითხოვეს თავისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ჩ-მა მხარი დაუჭირა პროკურორ ი. კ-ს საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის განაჩენი ხ. ც-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო: სააპელაციო პალატის განაჩენით ხ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და 55-ე მუხლის გამოყენებით დანაშაულთა და განაჩენების ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 59-ე, მე-60 მუხლების მოთხოვნები _ დანაშაულთა ერთობლიობის დროს თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის, ამ სასჯელთა შთანთქმის, მათი ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების პრინციპით სასჯელის ზომის განსაზღვრის შესახებ, რაც გამოიხატა შემდეგში:

სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულს თითოეული დანაშაულისათვის არ დაუნიშნა სასჯელი, შესაბამისად ამისა, სააპელაციო პალატამ ამ სასჯელების შთანთქმის, ანდა მათი ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების პრინციპით არ განუსაზღვრა სასჯელის საბოლოო ზომა, უფრო მეტიც: განაჩენით გაუგებარია, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი რა ვადა მიემატა ხ. ც-ს მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენით დანიშნულ სასჯელს ან სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამოიყენა სააპელაციო პალატამ სსკ-ის 55-ე მუხლის მოთხოვნა _ კანონით დაწესებული სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნის შესახებ. პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სსსკ-ის 562-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენის გაუქმების საფუძველია.

ამასთან ერთად, პალატა თვლის, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ხ. ც-ს მიმართ დადგენილ განაჩენს და გარემოებები, რომლებიც მითითებულია საკასაციო საჩივარში, დამატებით გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის, და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ხ. ც-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაარკვიოს მისი როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლო გამოძიებით მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, თუ სააპელაციო პალატა კვლავ დადგენილად მიიჩნევს ხ. ც-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, მან, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უნდა იმსჯელოს სსკ-ის 55-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გამოყენების მიზანშეწონილებაზეც.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ხ. ც-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის განაჩენი ხ. ც-ს მიმართ გაუქმდეს და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.

აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება _ ხ. ც-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.