შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 381-აპ 16 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ ტ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის განაჩენში, კერძოდ: ტ. ქ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 19,236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 237-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მესამე ნაწილის “ბ" და “გ" ქვეპუნქტებით. სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით ტ. ქ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საერთო რეჟიმის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:
ტ. ქ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა.
მანვე ჩაიდინა ფეთქებადი ნივთიერების გასაღების მცდელობა, აგრეთვე _ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძოდ:
2002წ. 6 დეკემბერს სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმის" ტექნიკური წარმოების დირექტორის _ დ. ა-ს ბრძანებით ამავე სააქციო საზოგადოების მღვიმევის მაღაროს ფეთქებადი ნივთიერების საწყობის გამგისა და მასალების გამცემის _ ტ. ქ-ს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მღვიმევის მაღაროს ფეთქებადი ნივთიერების საწყობში არსებული ფეთქებადი ნივთიერებები მათი ვარგისიანობის დადგენის მიზნით და უვარგისის აღმოჩენის შემთხვევაში ისინი კომისიური წესით უნდა გაენადგურებინა და სათანადო აქტის შედგენით მოეხდინა მათი ბუღალტრული ჩამოწერა. იმავე დღეს კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ მღვიმევის მაღაროს უფროსი ჯ. ც., უსაფრთხოების ინჟინერი ო. მ., ფეთქებადი მასალების საწყობის გამგე ტ. ქ. და სააქციო საზოგადოება “ჭიათურმანგანუმის" ბურღვა-ფეთქებადი სამუშაოების უფროსი გ. კ., ვიზუალურად შეამოწმა მღვიმევის მაღაროს ფეთქებადი მასალების საწყობში არსებული ფეთქებადი ნივთიერებების ვარგისიანობა, რა დროსაც უვარგისი აღმოჩნდა ერთი ყუთი, ე.ი. 500 ცალი ლითონის ტიპის კაპსულ-დეტონატორი, რომელთა უმეტესი ნაწილი კოროზირებული და ხმარებისათვის უვარგისი იყო. უვარგისად ცნობილი 500 ცალი მუყაოს კოლოფი კაფსულ-დეტონატორი აღნიშნულმა კომისიამ მოათავსა ხის ყუთში, ცვლის დამთავრების შემდეგ იგი უნდა შეეტანათ მაღაროში და უსაფრთხო ადგილას კომისიური წესით გაენადგურებინათ. ყოველივე ამის შემდეგ ყუთში მოთავსებული 500 ცალი უვარგისად ცნობილი კაფსულ-დეტონატორი ჯ. ც-მ, ო. მ-მ და გ. კ-მ დროებით, ცვლის დამთავრებამდე დატოვეს საწყობში ტ. ქ-ს მეთვალყურეობით, რადგან იგი კომისიის წევრი იყო, ხოლო თვითონ _ სამივენი წავიდნენ სადილად. მათი წასვლის შემდეგ ტ. ქ-მ ისარგებლა შემთხვევით და უვარგისად ცნობილი კაფსულ-დეტონატორების ყუთიდან კომისიის წევრებისაგან შეუმჩნევლად, ფარულად ამოიღო 355 ცალი ვარგისი კაფსულ-დეტონატორი, რაც შეუმჩნევლადვე გაიტანა თავის სამუშაო კაბინეტში და შეინახა, შემდეგ კი წაიღო თავის საცხოვრებელ ბინაში, ქ. ჭიათურაში, ... ქ. ¹23-ში, სადაც შეინახა უკანონოდ, რათა შემდეგ გაესაღებინა. სასადილოდან დაბრუნების შემდეგ ჯ. ც-მ, ო. მ-მ და გ. კ-მ უვარგისად ცნობილი დეტონატორების კოლოფები მასში არსებულ კაფსულ-დეტონატორებიანად ტ. ქ-ს ჩააყრევინეს პოლიეთილენის ტომარაში ისე, რომ კოლოფები ხელახლა აღარ დაუთვლიათ, რის შემდეგაც ოთხივემ წაიღო მაღაროში, სადაც ასევე კომისიური წესით მთლიანად ააფეთქეს და გაანადგურეს. 500 ცალი კაფსულ-დეტონატორის უვარგისად ცნობის, განადგურებისა და ბუღალტრული ჩამოწერის შესახებ მათ შეადგინეს სათანადო აქტი, რომელიც ტ. ქ-მ წარადგინა მღვიმევის მაღაროს ბუღალტერიაში, სადაც მოხდა მისი ბუღალტრული ჩამოწერა. 1999წ. სექტემბრიდან მღვიმევის მაღაროს ფეთქებადი მასალების საწყობის გამგემ _ ტ. ქველაძემ საწყობში შეიტანა თურქული წარმოების ამონიტი “მაგნიუმ-365", რომელიც მოთავსებული იყო მუყაოს ყუთში ამონიტის კოჭების სახით. თითოეულ ყუთში იყო 20 კილოგრამი ამონიტი, რაც აღნიშნული იყო ყუთებზე, ხოლო თითოეული მათგანი გადაკერილი და დაწებებული იყო ქარხნული წესით წებოვანი სკოჩით. როცა ტ. ქ-მ აღნიშნული ტიპის ამონიტი შემოიტანა, მასალების გამცემების დაუსწრებლად გახსნა რამდენიმე ყუთი და თითოეულში აღმოჩნდა 82 ცალი ამონიტის კოჭა. ამის შემდეგ ტ. ქ-მ გადაწყვიტა ამონიტის თითოეული ყუთიდან ამოეღო ორი ამონიტის კოჭა და გასაღების მიზნით მიესაკუთრებინა. მან აღნიშნულის შესახებ მასალების გამცემებს, რომლებიც ცვლების მიხედვით მუშაობდნენ, არაფერი უთხრა. თურქული წარმოების ამონიტის ყუთები დააწყო ცალკე, ხოლო გასაცემად საჭირო, რამდენიმე კვირის სამყოფი, ისეთივე ტიპის ამონიტის ყუთები, საიდანაც თითოეულიდან უკვე ამოღებული ჰქონდა ორ-ორი ცალი ამონიტის კოჭა, დააწყო ცალკე, გასაცემად საჭირო კაფსულ-დეტონატორებისა და ცეცხლგამტარი ზონარის ყუთებთან ერთად, რათა მასალის გამცემებს ეჭვი არ შეეტანათ მის მოქმედებაში. ყოველივე ამის შემდეგ ტ. ქ-მ მასალის გამცემებს უთხრა, რომ ფეთქებადი მასალები გაეცათ მხოლოდ მის მიერ ცალკე გადმოწყობილი ყუთებიდან, ხოლო დანარჩენ ყუთებს მისი ნებართვის გარეშე არ შეხებოდნენ. როცა გასაცემად ცალკე გადმოწყობილ ყუთებში მასალები გამოილეოდა, იგი თვითონ გადმოუდგამდა ახალ ყუთებს. მან მასალების გამცემებს ასევე უთხრა, რომ თურქული წარმოების ამონიტის ერთი კოჭა იყო 250 გრამი და ოთხი ასეთი კოჭა გაეცათ ერთ კილოგრამად, რასაც ასრულებდნენ მასალების გამცემები _ ე. გ., ხ. გ. და მ. ს.. ამგვარი წესით მასალების გამცემებისაგან შეუმჩნევლად, 1999წ. სექტემბრიდან 2003წ. 8 მარტამდე პერიოდში, საწყობში შემოტანილი თურქული წარმოების “მაგნიუმ-365" ტიპის 5700 კგ ამონიტიდან ტ. ქ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და გასაღების მიზნით მიისაკუთრა 140 კგ ამონიტი, 11 კოჭა ასეთივე ტიპის ამონიტი, 355 ცალი კაფსულ-დეტონატორი და 30 გრძივი მეტრის ცეცხლგამტარი ზონარი. ამგვარი წესით აღნიშნული ფეთქებადი მასალების მისაკუთრება ტ. ქ-სათვის შესაძლებელი იმიტომაც გახდა, რომ იგი ბრძანებით ასევე იყო მასალების გამცემი და მასალების გამცემების შვებულებაში ყოფნის პერიოდში თვითონ გასცემდა ფეთქებად ნივთიერებებს. ტ. ქ-მ მის მიერ უკანონოდ მისაკუთრებული ზემოთ აღნიშნული სახისა და ოდენობის ფეთქებადი ნივთიერებები ნაწილ-ნაწილ მიიტანა და უკანონოდ შეინახა საცხოვრებელ ბინაში იმ მიზნით, რომ შემდეგში მოეძებნა მყიდველი და გაესაღებინა, რადგან ეკონომიკურად ძალიან უჭირდა. ტ. ქ-მ მის მიერ მისაკუთრებული, ზემოთ აღნიშნული სახისა და ოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებების გასაღება ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან 2003წ. 8 მარტს ჭიათურის რაიონის პროკურატურისა და შს ჭიათურის საქალაქო განყოფილების თანამშრომლებმა ტ. ქ-ს ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერებები მთლიანად ამოიღეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი გ. ძ. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ტ. ქ-ს შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით. იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებული არის ქალი, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, არის ავადმყოფი, კმაყოფაზე ჰყავს შვილი და შვილიშვილები, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ძ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულმა ტ. ქ-მ აღნიშნა, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა. მან იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა ი. გ-მა კანონიერად მიიჩნია ტ. ქ-ს მიმართ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ტ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ტ. ქველაძის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 63-64-ე მუხლები და განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით, სათანადო ვადის დაწესებით.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ტ. ქ. არის ქალი, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, ავადმყოფია, კმაყოფაზე ჰყავს შვილი და შვილიშვილები, აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება უაღრესად დადებითად, ქ. ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე და ქ. ჭიათურის, ... ქ. ¹23 სახლის მცხოვრებნი შუამდგომლობენ, რომ ტ. ქ-ს მიმართ სასჯელად გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო ღონისძიება.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ტ. ქ-ს განაჩენით შეფარდებული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ოქტომბრის განაჩენში ტ. ქ-ს მიმართ შევიდეს ცვლილება, კერძოდ: განაჩენით განსაზღვრული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცავლოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადის დაწესებით. მსჯავრდებულ ტ. ქ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის დაწესება დაევალოს პრობაციის ბიუროს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.