დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.05.2020
საქმის ნომერი
ბს-831(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#ბს-831(კ-19) 21 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. შ-ის, მ. შ-ის, რ. დ-ს, ა. ა-ის, ვ. გ-ის, ზ. ჩ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 20 მაისს გ. შ-ემ, მ. შ-ემ, რ. დ-ემ, ა. ა-ემ, ვ. გ-მა, ზ. ჩ-ემ და დ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელეებმა მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის #28/11 დადგენილებით დამტკიცებული, მარნეულის რაიონის გამგეობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2006 წლის 4 სექტემბრის #24 სხდომის ოქმის საფუძველზე, აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთების შესყიდვასთან დაკავშირებული გადასახდელი თანხის დაანგარიშება და შესატანი თანხის საბანკო რეკვიზიტების გადაცემის, ასევე მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის #28/11 დადგენილებით დამტკიცებული, მარნეულის რაიონის გამგეობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2006 წლის 4 სექტემბრის #24 სხდომის ოქმის საფუძველზე, აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთების მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულისთვის საკუთრებაში გადაცემა და აუქციონში გამარჯვებულ პირებთან აუქციონზე შეძენილ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების დავალება მოითხოვეს.

მოსარჩელეთა განმარტებით, მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის #28/11 დადგენილებით დამტკიცებული, მარნეულის რაიონის გამგეობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2006 წლის 4 სექტემბრის #24 სხდომის ოქმით, აუქციონში გამარჯვებულ მოქალაქეებს, მათ შორის მოსარჩელეებს, ქ. მარნეული, #... ...ის ტერიტორიაზე გადაეცათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, თუმცა აუქციონში გამარჯვებულთა ნაწილმა, მათ შორის მოსარჩელეებმა, შეძენილი მიწის ნაკვეთის საფასური სრულად ვერ გადაიხადეს. მოსარჩელეთა წარმომადგენელი საფასურის გადაუხდელობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ აუქციონზე ქონების შეძენის შემდგომ, მათ მარნეულის რაიონის გამგეობაში განემარტათ იმის თაობაზე, რომ მიწის საფასურის გადახდის შემთხვევაში მათთან ხელშეკრულებები არ დაიდებოდა, ვინაიდან ამ ტერიტორიით დაინტერესდნენ სხვა პირები, კერძოდ, სახელმწიფო და „...ის“ ჯგუფი, თუმცა მიუხედავად ამისა, აღნიშნული გარემოების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 11 ივნისს მიიღო #149-ე განკარგულება, სადაც დაადგინა, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც რიგი შემაფერხებელი მიზეზების გამო ვერ გადაიხადეს მიწის საფასური დადგენილ ვადაში, შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემიდან 5 წლის ვადაში, 5 წლის გასვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაიხადოს ძირითადი თანხის 0,2 % და თანხის გადახდის ვადა გააგრძელა 2014 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით. განკარგულების აღსრულება დაევალა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითრებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურს.

მოსარჩელეთა წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დადგენილ დროში ვერ უზრუნველყო 2014 წლის 11 ივნისის #149 განკარგულების აღსრულება, რის გამოც 2014 წლის 16 დეკემბერს მიღებულ იქნა #280 განკარგულება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 11 ივნისის #149 განკარგულებაში და აუქციონზე შეძენილი ქონების საფასურის გადახდის ვადა გაგრძელდა 2015 წლის 1 აპრილამდე. განკარგულების აღსრულებასთან დაკავშირებით კონტროლი დაევალა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ...ე თ. ბ-ეს. იმის გამო, რომ საკითხი არ დასრულდა დადგენილ ვადაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის #41 განკარგულებით კვლავ შევიდა 2014 წლის 11 ივნისის #149 განკარგულებაში ცვლილება და აუქციონზე შეძენილი ქონების საფასურის გადახდის ვადა გაგრძელდა 2015 წლის 1 ივლისამდე, ხოლო 2015 წლის 6 ივლისის #108 განკარგულებით, გადახდის ვადა გაგრძელდა 2015 წლის 1 ოქტომბრამდე.

მოსარჩელეთა მითითებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოიქცა შერჩევითი პრინციპით, რაც გამოიხატა იმაში, რომ აუქციონში გამარჯვებულთა ნაწილს, ამ პერიოდის განმავლობაში დაუანგარიშეს გადასახდელი თანხა და მათთან დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც არ განახორციელეს მოსარჩელეებთან.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც საქმეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მესამე პირებად ჩაბმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინება საქმეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის ნაწილში.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: გ. შ-ის, მ. შ-ის, რ. დ-ს, ა. ა-ის, ვ. გ-ის, ზ. ჩ-ისა და დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. შ-ემ, მ. შ-ემ, რ. დ-ემ, ა. ა-ემ, ვ. გ-მა, ზ. ჩ-ემ და დ. გ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გ. შ-ის, მ. შ-ის, რ. დ-ს, ა. ა-ის, ვ. გ-ის, ზ. ჩ-ის, დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტთა მიერ არ იქნა დასრულებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის წესით შესყიდვის პროცედურები კანონით დადგენილ ვადაში. შესაბამისად, მათი, როგორც აუქციონში გამარჯვებულ პირთა უფლებები, გაქარწყლდა. ამიტომ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალებოდა აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთების შესყიდვასთან დაკავშირებული გადასახდელი თანხის მათთვის დაანგარიშება, შესატანი თანხის საბანკო რეკვიზიტების გადაცემა და ნასყიდობის ხელშეკრულებების დადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. შ-ემ, მ. შ-ემ, რ. დ-ემ, ა. ა-ემ, ვ. გ-მა, ზ. ჩ-ემ და დ. გ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 6 ივლისის #108 განკარგულებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას მეოთხეჯერ დაავალა 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დაესრულებინა 2014 წლის 11 ივნისის #149 განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული პროცედურების აღსრულება, გამგეობის მხრიდან არანაირი რეაგირება აღნიშნული განკარგულების აღსრულებასთან დაკავშირებით არ მომხდარა. მიუხედავად მოსარჩელეთა არაერთგზისი წერილობითი თხოვნისა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაესრულებინა კანონით დადგენილი პროცედურა, გამგეობამ მათ არ დაუანგარიშა და არ გადასცა აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთების ღირებული მთლიანი თანხიდან ძირითადი და ვადაგადაცილებული თანხის 0,2% ოდენობის შესახებ ინფორმაცია და არ მიაწოდა აღნიშნული თანხის შესატანი საბანკო ანგარიშები.

კონკრეტულ შემთხვევაში გამგეობა სცნობს და აღიარებს მოსარჩელეების მიერ აუქციონზე მიწის ნაკვეთის კანონიერად შეძენის ფაქტს და საკრებულოს სთხოვს შესაბამისი სამსახურებიდან პასუხების მიღებამდე გაუგრძელოს ვადა მიწის ნავეთის შესყიდვასთან დაკავშირებით პროცედურების დასასრულებლად. საკრებულო, თავის მხრივ, აკმაყოფილებს გამგეობის თხოვნას და შესაბამისი აქტით აგრძელებს ვადას და ავალებს, რომ მოქალაქეებმა, რომლებმაც რიგი შემაფერხებელი მიზეზების გამო დადგენილ ვადებში ვერ გადაიხადეს მიწის ღირებულება, შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემიდან 5 წლის ვადაში, 5 წლის გასვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაიხადონ ძირითადი თანხის 0,2%, თუმცა გამგეობამ არ დაასრულა კანონით მის კომპეტენციაში შემავალი პროცედურები და მოსარჩელეებს არ გადასცა გადასახდელი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაცია.

აუქციონზე გამარჯვების დღიდან მოსარჩელეთა ინტერესი იყო ის, რომ მათ დაესრულებინათ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული პროცედურები და კუთვნილი მიწის ნაკვეთები დაერეგისტრირებინათ პირად საკუთრებაში, თუმცა გამგეობამ ხელოვნურად გააჭიანურა და არ დაასრულა კანონით მათ უფლებამოსილებაში შემავალი პროცედურა და მოსარჩელეებს არ დაუანგარიშა და არ გადასცა შეძენილი მიწის ნაკვეთის საფასურის შესახებ ინფორმაცია და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. მოსარჩელეების მხრიდან დადგენილ ვადაში აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის საფასურის გადაუხდელობის მიზეზი გახდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან კანონით დაქვემდებარებული უფლებამოსილების დროულად განუხირციელებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. შ-ის, მ. შ-ის, რ. დ-ს, ა. ა-ის, ვ. გ-ის, ზ. ჩ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ის, მ. შ-ის, რ. დ-ს, ა. ა-ის, ვ. გ-ის, ზ. ჩ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ მარნეულის რაიონის გამგეობამ ქ. მარნეულში, ... ...ის ტერიტორიაზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე აუქციონის შედეგად გამარჯვებულებად გამოაცხადა სხვადასხვა პირები, მათ შორის: გ. შ-ე (1000 კვ.მ), დ. გ-ე (400 კვ.მ), რ. დ-ე (300 კვ.მ), ზ. ჩ-ე (600 კვ.მ), ა. ა-ე (300 კვ.მ), ვ. გ-ი (700 კვ.მ), ხოლო მიწის საფასურის გადასახდელად დადგინდა 2 თვის ვადა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებს აუქციონზე შეძენილი ქონების - არასასოფლო-სამეურნეო მიწის საფასური საერთოდ არ გადაუხდიათ. ასევე დადგენილია, რომ მარნეულის რაიონის გამგეობასა და მოსარჩელეებს შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის ფორმით განკარგვის შედეგად ნასყიდობის ხელშეკრულებები არ დადებულა.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონი ადგენდა სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის, ქირის განსაზღვრისა და მიწის ფასის გადახდის წესს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მიწის ნორმატიულ ფასს ან ქირას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით. სახელმწიფო მიწის განკარგვაზე მოწყობილი კონკურსის ან აუქციონის დროს საწყისი ფასი (ქირა) არ შეიძლება იყოს მიწის ნორმატიულ ფასზე (ქირაზე) ნაკლები, ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოებისა და მყიდველის შეთანხმების საფუძველზე მიწის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ, მაგრამ შესყიდვის ფასის სრული დაფარვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

ამდენად, ზემოაღნიშნული კანონი ითვალისწინებდა მიწის საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის წესს, თუმცა შესყიდვის ფასის სრული დაფარვის მაქსიმალური ვადა არ შეიძლება იყოს 5 წელზე მეტი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მხრიდან დაირღვა მათზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, აუქციონში გამარჯვების შემდგომ, მათი მხრიდან არ მომხდარა არც მარნეულის რაიონის გამგებლის 2006 წლის 6 სექტემბრის #28/11 დადგენილებით განსაზღვრულ 2-თვიან ვადაში და არც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ქონების შესაბამისი ღირებულების მცირედი ნაწილის დაფარვაც კი და შესაბამისი ქვითრების ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენა. ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ვადების გასვლამდე მოსარჩელეებმა არ მოითხოვეს და კომისიამაც კენჭისყრის საფუძველზე არ მოახდინა გადახდის ვადის გაგრძელება. ამდენად, თანხის გადახდის ვადის გაშვებით, მოსარჩელეთა, როგორც აუქციონში გამარჯვებულ პირთა უფლებები ბათილად ჩაითვალა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის #65 ბრძანების მე-6 თავის მე-3 ნაწილის მიხედვით, რომლის თანახმად, კომისია წერილობით ატყობინებს კონკურსის მონაწილეებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ მისი მიღების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში. გამარჯვებულისადმი შეტყობინება შეიცავს მითითებას სათანადო თანხების გადახდისა და საბუთების გაფორმების ვადების და ადგილის შესახებ. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილი პირების მიერ უნდა შემუშავდეს და გაფორმდეს მიწის ნაკვეთის გადაცემისათვის აუცილებელი საბუთები, კონკურსში გამარჯვებული მონაწილისადმი წერილობითი შეტყობინების თარიღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, კონკურსში გამარჯვებულმა მონაწილემ კომისიის მიერ კონკურსში გამოცხადების დროს განსაზღვრული ვადის განმავლობაში უნდა განახორციელოს საბოლოო გადახდა და შეასრულოს კონტრაქტით გათვალისწინებული განკარგულებანი. გადახდის სათანადოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკურსის გამარჯვებულის უფლებები ბათილად ჩაითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია კენჭისყრის საფუძველზე აგრძელებს გადახდის ვადას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. შ-ის, მ. შ-ის, რ. დ-ს, ა. ა-ის, ვ. გ-ის, ზ. ჩ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივარზე გ. შ-ეს 28.09.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. შ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. შ-ის, მ. შ-ის, რ. დ-ს, ა. ა-ის, ვ. გ-ის, ზ. ჩ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. გ. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. შ-ის, მ. შ-ის, რ. დ-ს, ა. ა-ის, ვ. გ-ის, ზ. ჩ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 28.09.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი