საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.05.2005
საქმის ნომერი
2კ-139დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 139-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ _ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილებაზე გ. ა-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 მარტის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

გ. ა. სასჯელს იხდის 2004წ. 5 ივლისიდან, ხოლო სასჯელის მოხდა უმთავრდება 2005წ. 3 ივლისს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა გეგუთის ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება გ. ა-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი დ. ფ, გამომდინარე იქიდან, რომ გ. ა-მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაული, ითხოვს, გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილება გ. ა-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა, გაეცნო რა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებს და მოუსმინა პროკურორს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და პალატაში წარმოდგენილი სხვა მასალებიდან ირკვევა, რომ გ. ა. სასჯელს იხდის 2004წ. 5 ივლისიდან. მოხდილი აქვს სასჯელის 8 თვე და 17 დღე, მოსახდელად დარჩენილი აქვს 3 თვე და 11 დღე. მან სასჯელის ორი მესამედი მოიხადა 2005წ. 3 მარტს. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია გ. ა-ს ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ იგი დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით, მეგობრობს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე.

სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ გ. ა. ხასიათდება დადებითად, დგას გამოსწორების გზაზე, მოიხადა სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის დიდი ნაწილი, პალატა თვლის, რომ სასამართლოს დადგენილება გ. ა-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილება გ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.