შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹481 8 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე
განიხილა დ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996წ. 20 სექტემბრის განაჩენით დ. ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I, V ქვეპუნქტებით, 104-ე მუხლის VI, VII პუნქტებითა და სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა.
საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 25 ივლისის ¹387 ბრძანებულებით დ. ა-ს განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹1 საპყრობილის დირექტორმა ა. ა-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის მოხდის რეჟიმის განსაზღვრის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ განიხილა Aშუამდგომლობა და იქიდან გამომდინარე, რომ დ. ა წარსულში არის სამჯერ ნასამართლევი, მათ შორის ერთხელ _ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ბოლო განაჩენითაც მსჯავრდებულ იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ჩათვალა, რომ ადგილი აქვს განსაკუთრებით საშიშ რეციდივს და “პატიმრობის შესახებ” კანონის 75-ე, მე-80 მუხლებიდან გამომდინარე, მსაჯვრდებულ დ. ა-ს თავისუფლების აღკვეთის მოხდა განუსაზღვრა საპყრობილის მკაცრ რეჟიმში.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული დ. ა ითხოვს საპყრობილის რეჟიმის შეცვლას და სასჯელის მოხდას მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
პროკურორმა რ. ზ-მ მხარი არ დაუჭირა საკასციო საჩივარს და მოითხოვა სასამართლო კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ რ. ზ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ა წარსულში სამჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის ერთხელ _ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია იმის თაობაზე, მსჯავრდებულ დ. ა-ს აქვს თუ არა მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა წარსულში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის სსკ-ის 79-ე მუხლით დადგენილი წესით, რომელიც 1960წ. სსკ-ის 57-ე მუხლისაგან განსხვავებულად აწესრიგებს ნასამართლობის მოხსნისა და გაქარწყლების წესს. საქმის მასალების მიხედვით, დ. ა-ს დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი აქვს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედებამდე, რის გამოც მის მიმართ არ გამოიყენება სსკ-ის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილით განსაკუთრებით საშიშ რეციდივად ცნობის დადგენილი წესი. პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ დაკავებიდან დ. ა იმყოფებოდა აჭარის ა/რ საგამოძიებო იზოლატორში და წლების მანძილზე არ იქნა გადმოყვანილი “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რითაც მის მიმართ უხეშად დაირღვა სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის განჩინება დ. ა-სათვის სასჯელის მოსახდელად საპყრობილის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრის თაობაზე, უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, მან სასჯელის დარჩენილი ნაწილი “პატიმრობის შესახებ” კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად მოიხადოს იუსტიციის სამინისტროს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანლა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 623-ე მუხლით, “პატიმრობის შესახებ” კანონის 74-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის განჩინება დ. ა-სათვის სასჯელის მოსახდელად საპყრობილის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრის თაობაზე შეიცვალოს დ. ა-ს სასიკეთოდ, კერძოდ, მან სასჯელის დარჩენილი ნაწილი მოიხადოს იუსტიციის სამინისტროს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.