დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-302(კ-20) 29 ივლისი, 2020 წელი
ბს-302(კ-20) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 28 ოქტომბერს ე. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის ნინოწმინდის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 ოქტომბრის №... და 2013 წლის 27 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაებნენ ა. ა-ი, გ. ა-ი, ე. ა-ი, ნ. ა-ი, ს. ა-ი, სა. ა-ი და ს. ა-ი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე არასათანადო მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის ნინოწმინდის ფილიალი შეიცვალა სათანადო მოპასუხით - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 ოქტომბრის №... და 2013 წლის 27 მარტის №... გადაწყვეტილებები, ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №16-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 80 კვ.მ გადაფარვის ნაწილში და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს, გადაფარვის ნაწილში, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გზით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 29 ივნისის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ე. ს-მა მემკვიდრეობით მიიღო 10.06.2015 წელს გარდაცვლილი თავისი მეუღლის - ა. ს-ის სამკვიდრო ქონება.
ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მიხედვით მოსარჩელე ე. ს-ის აწ გარდაცვლილ მეუღლეს ა. ს-ს ქ. ნინოწმინდაში, ...ის ქ. №18-ში ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნდა 1152 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით.
ახალქალაქის რეგიონულ არქივში დაცული ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდანოვკა) 1986-1996 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №18-ში კომლის უფროსად ფიქსირდებოდა ა. ს-ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1960 წელს. საერთო სასარგებლო ფართობი - 110 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი - 60 კვ.მ, სულ მიწა 0.05 ჰა, მათ შორის განაშენიანება - 0.02 ჰა, თავლა აშენებული იყო 1975 წელს, ხოლო 2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №18-ში კომლის უფროსად ფიქსირდებოდა ა. ს-ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1960 წელს; საერთო სასარგებლო ფართობი - 110 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებლი - 60 კვ.მ, 1990-2002 წლების საკომლო წიგნში ა. ს-ის კომლი არ ფიქსირდებოდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად 1988 წლის ინვენტარიზაციის მიხედვით, მესამე პირის - ე. ა-ის აწ გარდაცვლილ მეუღლეს - ს. ა-ს ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №18-ში უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე მფლობელობაში გააჩნდა 1084 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო სასარგებლო ფართით 219,48 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი - 103,4 კვ.მ.
ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 1998 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცდა საქალაქო გამგეობის 1998 წლის 16 ნოემბრის №5 გადაწყვეტილება ნინოწმინდის რაიონის კოლმეურნეობის-კომპლექსის მცხოვრებთათვის მიწის რეფორმის შედეგად მიწის ნაკვეთების გამოყოფის თაობაზე. ნინოწმინდის რაიონის ქ. ნინოწმინდის მცხოვრებთა სიის მიხედვით №783 სიითი ნომრით ე. ა-ს რეფორმამდე აკინძული წიგნით გამოყოფილი ჰქონდა 0,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო ფაქტიურად ფლობდა 0,10 კვ.მ მიწის ნაკვეთს. რეფორმის შემდეგ მას დამატებით გამოეყო 0,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ა-ის მოთხოვნა და უძრავ ქონებაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №16, დაზუსტებული ფართობით 700 კვ.მ, ზონა - ნინოწმინდა, კოდი ...; სექტორი - ქ. ნინოწმინდა, კოდი ...; კვარტალი - ...; ნაკვეთი - ..., დარეგისტრირდა ე. ა-ის საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებული იყო: საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, გარდაცვალების მოწმობა №..., ცნობა-დახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა №…, 26.11.1998წ. ნინოწმინდის რაიონის გამგეობის სხდომის დადგენილება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ა-ის მოთხოვნა და უძრავ ქონებაზე, სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №16, დაზუსტებული ფართობით 700 კვ.მ, ზონა - ნინოწმინდა, კოდი ...; სექტორი - ქ. ნინოწმინდა, კოდი ...; კვარტალი - ...; ნაკვეთი - ...) რეგისტრირებულ უფლებაში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა. ა-ის, გ. ა-ის, ე. ა-ის, ნ. ა-ის, ს. ა-ის, სა. ა-ის და ს. ა-ის საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, გარდაცვალების მოწმობა №..., საარქივო ცნობა №... კომლის შემადგენლობის შესახებ, ცნობა-დახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა №…, 26.11.1998წ. ნინოწმინდის რაიონის გამგეობის სხდომის დადგენილება.
2013 წლის 14 ოქტომბერს გარდაიცვალა ე. ა-ი (პ/ნ ...). ე. ა-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებები ნოტარიუსთან შეტანილი აქვთ ნ. ა-ს (განცხადების რეგისტრაციის თარიღი 15.11.2013წ.) და გ. ა-ს (განცხადების რეგისტრაციის თარიღი 10.04.2014წ.). 2017 წლის 18 იანვრის მდგომარეობით ე. ა-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ ყოფილა.
2016 წლის 29 ივნისს ე. ს-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №18.
2016 წლის 4 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკადასტრო კოდი ... (ე. ა-ის ოჯახი). შესაბამისად, განმცხადებელს მიეთითა წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ე. ს-ის განცხადების გამო, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში განმცხადებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოეთხოვა სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელი იყო განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებდნენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი იყვნენ რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენდა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა ნაკვეთთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე. ვინაიდან, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტაციით დასტურდებოდა ე. ს-ის აწ გარდაცვლილი მეუღლის ა. ს-ის საკუთრების უფლება ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №18-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მესამე პირების საკუთრებაში სადავო რეგისტრაციით აღირიცხა მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც უტყუარად და ჯეროვნად იყო გასარკვევი მოსარჩელისა და მესამე პირთა (ან სხვა პირთა) საკუთრების უფლება.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ გარემოების დადგენას, მესამე პირების მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უპირობოდ ქმნიდა თუ არა საკუთრების უფლების მათ სახელზე რეგისტრაციის საფუძველს იმ პარამეტრებითა და საზღვრებით, რაც მათ მიერ იქნა მოთხოვნილი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებული იყო ამონაწერი საკომლო წიგნებიდან, რაც ე. ს-ს გააჩნდა.
რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ე. ს-ის მიერ საქმეში წარმოდგენილ ახალქალაქის არქივის 09.06.2016 წლის №... საარქივო ცნობაზე, რომლის საფუძველზეც, ე. ს-ის მეუღლის კომლის სახელზე ირიცხებოდა მიწის ნაკვეთი, თუმცა არ იყო მითითებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა ცხადყო განსახილველი საქმისადმი ე. ს-ის კანონიერი ინტერესის არსებობა. შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად უნდა განესაზღვრა მესამე პირების საკუთრების ადგილმდებარეობა, კოორდინატები, კონფიგურაცია და საზღვრები, რომლის მეშვეობითაც გამოირიცხებოდა სხვა პირთა უფლებების შელახვა. ამასთან, ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს ადმინისტრაციული წარმოების დროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეედარებინა ტექბიუროს არქივში დაცულ დოკუმენტაციასა და რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან; დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა და განესაზღვრა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ე. ს-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ა. ს-ი და გ. ს-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ რეგისტრაციები უძრავ ქონებაზე №206 მდებარე: ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №16-ში განხორციელებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და მათი გაუქმების არანაირი საფუძვლები არ არსებობდა, რასაც ასევე სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლების პოზიციაც ადასტურებდა. აღნიშნული უძრავი ქონების ნახაზი დაფუძნებული იყო სწორ ანგარიშებზე, რომლებიც წარდგენილი იყო სააპელაციო სასამართლოში. სასამართლომ კი არ მიიჩნია მნიშვნელოვნად უძრავი ქონების ნახაზების სისწორე და უსაფუძვლოდ ჩათვალა №206 ნახაზი №207 ნახაზთან მიმართებაში.
კასატორი სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მისი ძმები - ნ, ს და სა. ა-ი, რომლებიც საქმეში მესამე პირებს წარმოადგენენ, კანონით დადგენილი წესით არ ყოფილან მოწვეულები სასამართლო სხდომაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს - მოსარჩელე ე. ს-ის (უფლებამონაცვლეები ა. ს-ი და გ. ს-ი) მიწის ნაკვეთსა და მესამე პირების - ა. ა-ის, გ. ა-ის, ე. ა-ის, ნ. ა-ის, ს. ა-ის, სლ. ალ-ისა და სუ. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს (მდებარე: ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №16) შორის 80 კვ.მ ნაწილში გადაფარვა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა მომხდარიყო ტექნიკური ინვენტარიიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა განხორციელებულიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მიხედვით, ე. ს-ის მეუღლეს - ა. ს-ს ქ. ნინოწმინდაში, ...ის ქ. №18-ში ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნდა 1152 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით.
ასევე დადგენილია, რომ ახალქალაქის რეგიონულ არქივში დაცული ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდანოვკა) 1986-1996 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №18-ში კომლის უფროსად ფიქსირდება ა. ს-ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1960 წელს; საერთო სასარგებლო ფართობი - 110 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი - 60 კვმ, სულ მიწა 0.05 ჰა, მათ შორის განაშენიანება - 0.02 ჰა, თავლა აშენებულია 1975 წელს. 2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №18-ში კომლის უფროსად ფიქსირდება ა. ს-ი, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1960 წელს; საერთო სასარგებლო ფართობი - 110 კვმ, მათ შორის, საცხოვრებლი - 60 კვმ. ამასთან, 1990-2002 წლების საკომლო წიგნში ა. ს-ის კომლი არ ფიქსირდება, ხოლო ახალქალაქის არქივის 2016 წლის 9 ივნისის №... საარქივო ცნობის შესაბამისად, ე. ს-ის მეუღლის კომლის სახელზე ირიცხება მიწის ნაკვეთი, თუმცა არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის, მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმაზე, რომლის თანახმად, 1988 წლის ინვენტარიზაციის მიხედვით, ე. ა-ის მეუღლეს - ს. ს-ს ქ. ნინოწმინდაში, ...ის ქ. №18-ში უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე მფლობელობაში გააჩნდა 1084 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო სასარგებლო ფართით 219,48 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი - 103,4 კვ.მ.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 1998 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცდა საქალაქო გამგეობის 1998 წლის 16 ნოემბრის №5 გადაწყვეტილება ნინოწმინდის რაიონის კოლმეურნეობის-კომპლექსის მცხოვრებთათვის მიწის რეფორმის შედეგად მიწის ნაკვეთების გამოყოფის თაობაზე. ნინოწმინდის რაიონის ქ. ნინოწმინდის მცხოვრებთა სიის მიხედვით, №783 სიითი ნომრით ე. ა-ს რეფორმამდე აკინძული წიგნით გამოყოფილი ჰქონდა 0,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო ფაქტობრივად ფლობდა 0,10 კვ.მ მიწის ნაკვეთს. რეფორმის შემდეგ მას დამატებით გამოეყო 0,25 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო არის არა შესაბამისი ქონების კუთვნილების საკითხი, არამედ მათი ზუსტი ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია (გადაფარვის ნაწილში), ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ სადავო აქტების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტების საფუძვლად მითითებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. მარეგისტრირებელმა ორგანომ ზუსტად უნდა მოახდინოს მესამე პირთა საკუთრების ადგილმდებარეობის განსაზღვრა და უნდა დაადგინოს იმ ქონების კონფიგურაცია და საზღვრები, რომელიც კონკრეტული უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე შესაბამის პირს ეკუთვნის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, იმის თაობაზე, რომ მესამე პირებს - ნ, ს და ს. ა-ს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობათ სასამართლოს სხდომის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სასამართლო მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ სასამართლო უწყება, ისე პროცესის მიმდინარეობის შესახებ უწყებები და სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილებები კანონით დადგენილი წესით არაერთგზის გაეგზავნათ მესამე პირებს - ნ. ს და სა. ა-ს საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ. ნინოწმინდა, ...ის ქ. №16, ცალ-ცალკე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა მხარეთა/მესამე პირთა (წარმომადგენლის) ინფორმირება და სასამართლოს მხრიდან პროცესის მხარეთა მონაწილეობის შეზღუდვის ფაქტი არ გამოკვეთილა, ისევე, როგორც აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ამასთან, რაც შეეხება, ე. ს-ის უფლებამონაცვლის დადგენის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ უფლებამონაცვლის დადგენა სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელდა კანონით დადგენილი წესით და ვადაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე