საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 14-დად 8 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორის _ ზ. ქ-ს საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 8 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა ქ. მ-ნა, რომელიც ქ. თბილისის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს რიგ თანამშრომლებს ადანაშაულებდა მისი მეუღლის, ბრალდებულ დ. მ-ს ცემა-წამებაში იმ მიზნით, რათა ეღიარებინა დანაშაული, რაც მას არ ჩაუდენია და ემხელებინა უდანაშაულო პირები.
განცხადებას თან ერთვოდა წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული მოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” 2004წ. 29 სექტემბრის სამედიცინო დასკვნა ¹11\9, რომლის ფსიქო-ფიზიკური გამოკვლევის ანალიზში (დიაგნოზის დასაბუთება) გაკეთებულია ჩანაწერი: “კომპიუტერული ტომოგრაფია ადასტურებს კორძის არსებობას, რაც მიანიშნებს მოტეხილობის კვალზე _ შეინიშნება კეფისა და თხემის ძვლების შეერთების მიდამოში მცირედი ჩანაჭდევი გარეთა კორტიკალურ ფირფიტაში, რაც შესაძლოა, იყოს თავის ქალას ტრავმის შედეგი, თუმცა იგი ასევე, მდებარეობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ჩაღრმავებაც. აღნიშნული მონაცემები არ ეწინააღმდეგება დროში და ადგილმდებარეობით გამოსაკვლევი პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმების (ოთხკუთხედი ბოქლომის ჩარტყმა, გაყინული “კოკა-კოლას” ბოთლით ცემა, ასევე უცნობი საგნის ჩარტყმა) შესახებ”.
წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” მიერ გაცემულ სამედიცინო დასკვნას საფუძვლად დაედო შპს “გეო-მედიკის” დასკვნა.
განცხადება შესამოწმებლად დაეწერა საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის სტაჟიორ-პროკურორს _ რ. ქ-ს, რომელმაც, წინასაგამოძიებო შემოწმების შედეგების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. მ-ს განცხადებაში მითითებულმა ფაქტმა დ. მ-ს მიმართ განხორციელებული ცემა-წამების შესახებ ვერ ჰპოვეს დადასტურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2004წ. 17 ნოემბერს სტაჟიორ-პროკურორმა რ. ქ-მ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილება, როგორც უკანონო საპროცესო აქტი, კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა ბრალდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ხ-მ და ითხოვა ამ დადგენილების გაუქმება.
სასამართლომ განიხილა საჩივარი და, დააკმაყოფილა რა ამ საჩივრის მოთხოვნა, 2004წ. 23 დეკემბერს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც გააუქმა საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის ზემოხსენებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ; ამასთან დაადგინა, რომ არაღძრული მასალები გადაეგზავნოს იმავე ინსპექციას ხელახალი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილების თაობაზე საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის ... პროკურორმა ზ. ქ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვეს აღნიშნული დადგენილების გაუქმებას, რადგან მიაჩნია უსაფუძვლოდ.
პალატის სხდომაზე განხილვისას პროკურორებმა _ ზ. ქ-მ და დ. ბ-მ მხარი დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
დაინტერესებულმა პირმა _ ქ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ხ-მ მხარი არ დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის დადგენილება დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა არაღძრული მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პროკურორი ზ. ქ თავის საჩივარში მიუთითებს იმ საპროცესო მოქმედებებზე, რომლებიც ჩატარდა მასალების შემოწმების პერიოდში და რომელთა შედეგების გათვალისწინებით იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ. იგი არ ეთანხმება კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დასკვნებს, რომლებიც საფუძვლად დაედო პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების გაუქმებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გაკეთებული ეს დასკვნები რეალურად არ ასახავს საქმის ფაქტობრივ მხარეს. პროკურორის დასკვნით, ამოწურულია საპროცესო საშუალებები შემოწმების უფრო სრულად ჩატარებისა და ბრალდებულ დ. მ-ს ცემა-წამების ფაქტის დასადასტურებლად.
პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორ ზ. ქ-ს საჩივარში გამოხატულ ამგვარ პოზიციას, რადგან დაინტერესებული პირის _ ქ. მ-ს საჩივარსა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილებაში მართებულად არის მითითებული მთელ რიგ არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე, რომელთა გარკვევის გარეშე პროცესის მწარმოებელი ორგანოს _ საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ მიღებული საპროცესო გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული საფუძვლიანად და დასაბუთებულად. უფრო მეტიც: პალატის აზრით, ზოგიერთი გარემოება ისეთია, რომ მათი დადგენა შეუძლებელია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გარეშე, მაგალითად, შემოწმების მასალებში არსებობს, ერთი მხრივ, ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო დასკვნა, რომელიც მიუთითებს ბრალდებულ დ. მ-ს მიმართ ცემა-წამების გამოყენების შესაძლო ფაქტის გამო დარჩენილი კვალის სავარაუდო არსებობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის ინიციატივით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების აქტი, რომელიც გამორიცხავს ხსენებული ფაქტის შესაძლო არსებობას. ასეთ პირობებში პალატას მიაჩნია, რომ წარმოშობილი ეჭვის საფუძვლიანი დადასტურების ან უარყოფისათვის აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, ასევე იმ პირთა დაკითხვა და დაპირისპირება, რომელთა ახსნა-განმარტებებით, მათი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, შეუძლებელია სანდო დასკვნების გაკეთება იმ გარემოებათა თაობაზე, რომლებიც უშუალოდ ეხებიან გამოსაკვლევი შემთხვევის ფაქტობრივ მხარეს. ვინაიდან ასეთი საპროცესო მოქმედებები ვერ ჩატარდება მასალების შემოწმებისას, პალატას, რომელიც წინასწარ არავითარ აზრს არ გამოხატავს ბრალდებულ დ. მ-ს მიმართ ცემისა და წამების გამოყენების ფაქტის არსებობასა თუ არაარსებობაზე, მიზანშეწონილად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რაც საგამოძიებო ორგანოს საშუალებას მისცემს, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლში მოცემული მოთხოვნების სრული დაცვით გამოიტანოს საფუძვლიანი, დასაბუთებული და სარწმუნო გადაწყვეტილება სადავო საკითხის თაობაზე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის დადგენილება, რომელიც გაასაჩივრა პროკურორმა ზ. ქ-მა, არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 243-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის ... პროკურორის _ ზ. ქ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში 2004წ. 17 ნოემბერს გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.