საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.07.2005
საქმის ნომერი
2კ-18-I-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 18-I 5 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა ქ. ... პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ მ.კ-სა და ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 27 დეკემბრის განაჩენსა და განჩინებაზე რ. მ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 27 დეკემბრის განაჩენით რ. მ-ს საქარვთელოს სსკ-ის 341-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, ხოლო 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე ვადით თანამდებობის უფლების დაკავების ჩამორთმევით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მას მოსახდელადგანესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით, იმავე ვადით გამოსაცდელი დროის დაწესებით. მსჯავრდებული რ. მ. გათავისუფლდა პატიმრობიდან სხდომის დარბაზიდან. ამავე განაჩენით რ. მ. გამართლდა სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ჩაუდენლობის გამო. ამ ეპიზოდში იმავე სასამართლომ 2004წ. 27 დეკემრის განჩინებით სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა ქ.თბილისის პროკურატურას.

განაჩენით რ. მ-ს მსჯავრი დაედო პირადი მოტივით ჩადენილ სამსახურებრივ სიყალბესა და მტკიცებულებათა გაყალბებაში, რაც გამოიხატა შემდეგში: რ. მ. მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ინსპექტორად და წარმოადგენდა მოხელეს. მას წარმოებაში ჰქონდა ე. ბ-ს ბინის გაქურდვის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამ საქმეზე მან 2004წ. 22 მაისს, 19 საათსა და 30 წუთზე, ეჭვიტანილის სახით დააკავა ხ. კ., რომელიც გათავისუფლდა და მეორე დღეს, 23 მაისს, გარდაიცვალა. რ. მ-მ პირადი მოტივით, რათა ხ. კ-ს გარდაცვალების გარემოებების შემოწმებისას იგი არ ემხილათ საპროცესო ნორმების დარღვევაში და აეცილებინა პასუხისმგებლობა, ყალბად შეადგინა ხელწერილი ხ. კ-ს 23 მაისს, 10 საათზე, გამოცხადების ალდებულების შესახებ, რომელშიც გააყალბა ხ. კ-ს ხელმოწერა. იმავე მოტივით ყალბად შეადგინა ე. ბ-ს დაზარალებულად ცნობის დადგენილება და გააყალბა ამ უკანასკნელის ხელმოწერაც. აღნიშნულის შემდეგ, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, ყალბად შეადგინა დაზარალებულ ე. ბ-ს დაკითხვის ოქმი, რომლითაც იგი ამხელდა ხ. კ-ს დანაშაულის ჩადენაში.

საბრალდებო დასკვნით რ. მ-ს ბრალი ედებოდა ასევე იმაში, რომ მან ეჭვმიტანილის სახით დაკავებულ ხ. კ-ს მიმართ გამოიყენა ძალადობა, მიაყენა მას სხეულის მსუბუქი დაზიანება სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. აღნიშნულის დასაფარავად, დადგენილების გარეშე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი ხ. კ. 2004წ. 23 მაისს, დილით, უკანონოდ გათავისუფლდა დაკავების ადგილიდან. იგი პოლიციის მუშაკების მიერ სახლში მიყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა.

საკასაციო საჩივრით თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი მ. კ. ითხოვს სასამართლოს განაჩენისა და განჩინების გაუქმებას და რ. მ-ს სისხლის სამართლის საქმის ხელმეორედ განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.

პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ გაამართლა რ. მ. სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწალის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; სასამართლომ დაუსაბუთებელი მოტივებით გამოიტანა უკანონო გამამართლებელი განაჩენი ბრალდების ამ ეპიზოდში და არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამხელდნენ რ. მ-ს დანაშაულის ჩადენაში. ამასთან ერთად პროკურორი თვლის, რომ რ.მ-სათვის 1-წლიანი პირობითი მსჯავრი არის აშკარად მსუბუქი და ჩანადენთან შეუსაბამო.

მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ქ. საკასაციო საჩივრით უსაფუძვლოდ მიიჩნევს პროკურორის მოთხოვნას.

ადვოკატი თვლი, რომ რ. მ-ს ქმედება სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 341-ე მუხლითა და 369-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მისი აზრით, სამსახურებრივი სიყალბე განსხვავდება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისაგან. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ნორმა აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მართლმსაჯულების ინტერესების დარღვევისათვის, რაც ობიექტურად მართლმსაჯულების ინტერესების დარღვევისათვის, რაც ობიექტურად მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში გამოიხატება. ეს ნორმა კონკურენციას უწევს ზოგად ნორმას – სამსახურებრივ სიყალბეს. მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია წარმოადგენს სამსახურებრივი სიყალბის განსაკუთრებულ სახეს, თუ სპეც იალური სუბიექტის (პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევის) მოქმედება დაკავშირებულია სისხლისა თუ სამოქალაქო საქმის მასალების ფალსიფიკაციასთან. ზოგადი პრინციპის თანახმად, მოქმედებს სპეციალური ნორმა და ასეთ შემთხვევაში აღარ არის საჭირო ქმედების დანაშაულთა ერთობლიობისთ დაკვალიფიცირება ამიტომ, მისი აზრით, სასამართლოს მსჯავრდებულის ქმედება შეეძლო დაეკვალიფიცირებინა მხოლოდ 341-ე მუხლით, როგორც სამსახურებრივი სიყალბე, მაგრამ, ვინაიდან სასამართლომ არ გაარკვია დანაშაულის სუბიექტი, ამით ეჭვის ქვეშ დააყენა რ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიაცია. ადვოკატი თვლის, რომ, კანონის თანახმადბ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ამიტომ მიაჩნია, რომ განაჩენი რ. მ-ს სსკ-ის 341-ე მუხლითა და 369-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს.

პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. კ-მ მოითხოვა თავისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ადვოკატმა თ. ქ-მ და მსჯავრდებულმა რ. მ-მ მოითხოვეს თავიანთი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძლიანოა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 27 დეკემბრის განაჩენი და განჩინება რ. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლო კოლეგიის მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

პალატა ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო რ. მ-ს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. სასამართლო კოლეგიამ საქმის ხელახალი განხილვისას განმეორებით უნდა დაკითხოს მოწმეები – ი. მ., პ. ტ., ჯ.სანაია, ზ.გ., რ.მ. და სხვები, რომლებიც, პროკურორის აზრით, ადასტურებენ თ.მინაძის ბრალეულობას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ხ. კ-ს მიმართ ძალადობის გამოყენებაში: საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს მოწმეთა დაპირისპირებები. სასამართლომ უნდა მისცეს ობიექტური და სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად უნდა მისცეს ობიექტური და სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად უნადა გამოიკვლიოს რ. მ-ს მიმართ სსკ-ის 341-ე მუხლითა და 369-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების საფუძვლებიც, ვინაიდან მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის არა მარტო რ.მინაძის ბრალდებას ამ ეპეიზოდებში, არამედ წინასწარი გმოძიების მიერ დანაშაულთა ერთობლიობით მისი ქმედების დაკვალიფიცირებას.

ამდენად, საქმის ხელმეორედ განხილვისას, სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება რ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით; ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაარკვიოს რ. მ-ს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. თუ სასამართლო კოლეგია სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად დაასკვნის, რომ რ. მ-მ ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული, მას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომითა და იმ სახით, რომელიც შეესაბამება ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებსა და ბრალის ხარისხს. ამასთან ერთად პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან წინასწარი გამოძიების დროს რ. მ-ს აღკვეთ ღონისძიებად განსაზღვრული ჰქონდა ატიმრობა და პირობითი მსჯავრის შეფარდების გამო იგი სასამართლომ გაათავისუფლა პატიმრობიდან, მას აღკვეთ ღონისძიებად უნდა შეერჩიოს პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი რაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 დეკემბრის განაჩენი და განჩინება რ. მ-ს მიმართ გაუქმდეს. მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

აღკვეთი ღონისძიების სახით რ. მ-ს შეერჩეს პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.