საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 310-აპ 12 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ტ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის განაჩენში, კერძოდ, ტ. უ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 11 დღით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. რადგან ტ. უ-ს სასჯელი მოხდილი ჰქონდა, იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
განიხილა, ასევე, ადვოკატ ი. ნ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ყველა იმ დადგენილებაზე, რომლითაც მას სასამართლომ უარი უთხრა დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე (საჩივარში მითითებული არ არის დადგენილების ან განჩინების გამოტანის თარიღზე).
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ტ. უ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002წ. 31 მარტს თბილისში, ... ... მცხოვრებმა ნ. ა-მ დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე მიიპატიჟა სტუმრები, დაახლოებით 18-20 კაცი. დაახლოებით 22.00 საათზე, ქეიფის დროს, კორპუსის ეზოდან ტ. უ-მ და მასთან მყოფმა გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ბინაში რამდენჯერმე შეისროლეს ქვები, რასაც მოქეიფეთა მხრიდან მოჰყვა რეაგირება. ტ. უ-მ და მისმა მეგობრებმა გ. მ-მ გამოიწვიეს და შესთავაზეს ეზოში ჩასვლა და ურთიერთობის იქ გარკვევა. გ. მ-თან და სხვა პირებთან ერთად ეზოში ჩავიდა იუბილარის ძმაც _ შ. ა, რომელმაც მოინდომა ქვის მსროლელის ვინაობის დადგენა, მაგრამ უშედეგოდ. ამით განაწყენებულმა შ. ა-მ შეაგინა ქვის მსროლელი. პასუხად ტ. უ-მ შეაგინა მას და სახეში დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც ტ. უ-ს თანმხლებმა 4-5-მა პირმა მუშტებითა და ფეხებით დაუწყო ცემა შ. ა-ს, რომელმაც ცემისა და თავში ქვის ჩარტყმის შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ტ. უ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ნ ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. იგი მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარდა საპროცესო კანონის უხეში დარღვევით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ტ. უ-მ ჩაიდინა ხულიგნობა.
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი ი. ნ ითხოვს სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველა დადგენილების გაუქმებას, რომლითაც დაცვის მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფლებაზე.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ტ. უ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ი. ნ-მ და გ. გ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მიუთითეს დაშვებულ საპროცესო დარღვევებზე და იშუამდგომლეს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ადვოკატმა მ. გ-მ წერილობით წარმოადგინა დაცვითი სიტყვა, რაც დაერთო საქმეს.
მსჯავრდებულმა ტ. უ-მ აღნიშნა, რომ მას ხულიგნობა არ ჩაუდენია და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
პროკურორმა მ. ჟ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით: მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ვალდებულნი არიან, უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სახის გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული, ერთიანი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი.
მოცემულ შემთხვევაში კანონის ეს მოთხოვნა წინასწარ გამოძიებასა და საქმის განმხილველ სასამართლოს არ ყოფილა დაცული, კერძოდ, ტ. უ-ს ბრალი წარედგინა იმისათვის, რომ სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ხულიგნობა, თუმცა წინასწარი გამოძიებისას არ ყოფილა მიღებული ზომები იმის დასადგენად, თუ ვინ მონაწილეობდა ხულიგნობის ჩადენაში, ვინ იყო ჩხუბის დამწყები, ვინ შეისროლა ქვები ნ. ა-ს ბინაში, რაც გახდა ჩხუბის მიზეზი. თვით ტ. უ. კატეგორიულად უარყოფს შ. ა-ს ბინაში ქვების სროლას. პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს ეს საკითხი სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ დადგენილად მიიჩნიეს, რომ ტ. უ-მ შეაგინა შ. ა-ს და სახეში დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც ტ. უ-ს თანმხლებმა 4-5 პირმა მუშტებითა და ფეხებით დაუწყეს ცემა შ. ა-ს, რომელმაც ცემის შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. როგორც ზემოთ აღინიშნა, წინასწარ გამოძიებას არ დაუდგენია ჩხუბში მონაწილე პირები, აგრეთვე თუ ვინ იყო ჩხუბის დამწყები და კონკრეტულად ვინ რა ქმედება ჩაიდინა. ამასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია მოქმედი საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით. ჯერ ერთი, ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის ხულიგნობის ნაწილში სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ არ იყო აღძრული, ამასთან, ექსპერტი სათანადო წესით არ იყო გაფრთხილებული ყალბი დასკვნის გაცემისათვის; დასკვნა არაა დამოწმებული ბეჭდით. პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს ეს გარემოებაც სათანადოდ უნდა შემოწმდეს, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სათანადო ექსპერტიზა და ამის მიხედვით უნდა გადაწყდეს ტ. უ-სა და სხვათა ბრალეულობის საკითხი.
საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატებს შეუძლიათ იშუამდგომლონ გამოძიების წინაშე.
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა ჩატარდეს სრულყოფილი წინასწარი გამოძიება, შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია, უნდა გაირკვეს ჩხუბის დაირღვა ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივი წერიგი, ვინ მონაწილეობდა მასში და ამის მიხედვით უნდა გადაწყდეს ტ. უ-სა და სხვათა პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ეტაპზე არ არსებობს ტ. უ-ს მიმართ საქმის შეწყვეტის საფუძველი, რადგან საქმეზე უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება და ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატ ი. ნ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან არ არსებობს მისი დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი, მითუმეტეს კერძო საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული კონკრეტულად სასამართლოს რომელი დადგენილება ან განჩინება მიაჩნია უკანონოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით; კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივლისის განაჩენი ტ. უ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.