განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 05.05.2005
საქმის ნომერი
2კ-79აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 79-აპ 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 იანვრის განაჩენში ზ. კ-ის მიმართ შევიდა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 იანვრის განაჩენით ზ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ზ. კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2002წ. 24 თებერვალს, დაახლოებით 2 საათზე ზ. კ-ი იმყოფებოდა თბილისში, გამსახურდიას გამზირის -თან მდებარე კაფე-ბარ “პ-ს” წინ. იგი მივიდა ქუჩაში მდგომ გ. კ-ესთან, რომელიც ტაქსის გაჩერებას ცდილობდა. ზ. კ-მა გ. კ-ეს სთხოვა სიგარეტი, რაზედაც მან უპასუხა, რომ სიგარეტი არ ჰქონდა და მისთვის თავი დაენებებინა. ამ ნათქვამმა ზ. კ-ი გაანაწყენა და გ. კ-ეს სთხოვა კაფე-ბარ “პ-სკენ” გაყოლა. ამის გამო მათ დაიწყეს კამათი, რა დროსაც ზ. კ-მა გ. კ-ეს სახის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი წაიქცა. ზ. კ-მა ამოიღო თანნაქონი დანა და განზრახ მოკვლის მიზნით, გ. კ-ეს მიაყენა თორაკოაბდომინალური ნაკვეთი შემავალი ჭრილობა ღვიძლის დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. მომხდარი ფაქტის შემდეგ ზ. კ-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გ. კ-ე გადაიყვანეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დროულად ჩატარებული სამედიცინო ოპერაციის შედეგად გადარჩა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება. კერძოდ: ზ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ზ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. კ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს მითითებები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ითხოვა განაჩენის გაუქმება და ზ. კ-ის მიმართ საქმის შეწყვეტა, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული.

პროკურორმა პ. მსხილაძემ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი ზ. კ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 4 ნოემბრის განჩინებით გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის განჩინება საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მითითებები არ წარმოადგენდა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველს, მით უმეტეს, რომ სააპელაციო პალატა ვერ უთითებდა რაიმე ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევა და შეფასება სცილდება სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით საჭიროა მოწმეების დეტალურად დაკითხვა, მათ ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრა, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სწორი სამართლებრივი შეფასება და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, რაც თვით სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გზით.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მითითებები, არ დაიცვა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შესახებ, ასევე არ დაიცვა სსსკ-ის მე-20 მუხლის მოთხოვნები სისხლის სამართალწარმოების უშუალობისა და ზეპირობის შესახებ. აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. კ-ის ბრალეულობის დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ემყარება საკმარის უტყუარ მტკიცებულებებს.

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საპროცესო კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლოს სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

მოცემულ საქმეზე საპროცესო კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაირღვა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ას შუამდგომლობას საქმის შეწყვეტის შესახებ სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განაჩენი ზ. კ-ის მიმართYგაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.