საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 236-აპ 6 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. ლორთქიფანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის განაჩენზე და ვანის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის დადგენილებებზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის განაჩენით უცვლელად დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის განაჩენი გ. ლორთქიფანიძის მიმართ, რომელსაც სსკ-ის 120-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 1 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
ამავე პალატის 2005წ. 22 აპრილის განჩინებით გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 დეკემბრისა და 2005წ. 9 თებერვლის დადგენილებები და მასალები ლია, გ., ე. და გ. ლორთქიფანიძეების განცხადებების შესახებ ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ვანის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. დვალი ითხოვენ:
1. განაჩენის გაუქმებას და სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის შეწყვეტას, ვინაიდან თვლიან, რომ გ. ლორთქიფანიძეს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება არ ჩაუდენია;
2. ვანის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის დადგენილებების გაუქმებას, რომლითაც სასამართლომ არ აღძრა სისხლის სამართლის საქმე კახა ჩახუნაშვილის მიმართ და ლ. ლორქიფანიძეს უარი უთხრა კახა ჩახუნაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე;
3. კ. და ს. ჩახუნაშვილებისაგან, ვანის რაიონული სამართალდამცავი ორგანოებისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოსაგან მორალური ზიანის სახით 125 ათასი ლარის ანაზღაურებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ს. დვალმა დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. მან მოითხოვა მხოლოდ განაჩენის გაუქმება და გ. ლორთქიფანიძის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტა, დანარჩენ ნაწილში კი _ საჩივრის განუხილველად დატოვება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული გ. ლორთქიფანიძე.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ქევხიშვილმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და გ. ლორთქიფანიძის მიმართ საქმის შეწყვეტის შესახებ მხარი არ დაუჭირა. განაჩენი მის მიმართ მიაჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გ. ლორთქიფანიძის მიმართ საქმის შეწყვეტას, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, პალატა თვლის, რომ საქმის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გ. ლორთქიფანიძის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს, დამატებით შემოწმებას და სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.
ამიტომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის განაჩენი გ. ლორთქიფანიძის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ვანის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვისას დამატებით უნდა დაკითხოს გ. ლორთქიფანიძე და კახა ჩახუნაშვილი, ასევე შემთხვევის ფაქტის შემსწრე მოწმეები, საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი დაპირისპირება. სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რამდენად საფუძვლიანია მსჯავრდებულის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში; რომ დაზარალებული კახა ჩახუნაშვილი შეეცადა მისი სიცოცხლის ხელყოფას, რასაც, მისი აზრით, ადასტურებს მის სხეულზე არსებული დაზიანებები _ შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
პალატა თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, გ. ლორთქიფანიძის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები და მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის განაჩენი გ. ლორთქიფანიძის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ვანის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
აღკვეთი ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა _ გ. ლორთქიფანიძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.