განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 16.04.2004
საქმის ნომერი
2კ-52კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 52-კოლ 16 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულების ადვოკატების _ ა. ჩ-სა და თ. გ-ის, აგრეთვე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 6 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ჰ. ა-ვს ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებით, 344-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

რ. გ-ვს წარედგინა სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებით, 344-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ბ. მ-ვს ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებით, 244-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

სასამართლო კოლეგიამ სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: რ. გ-ვი, ბ. მ-ვი და ჰ. ა-ვი 2002წ. 4 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფ. ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე სასაზღვრო რაზმ “---ის” სასაზღვრო კომენდატურა “---ის” მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთისას. გამოძიების პროცესში მათ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და ისინი გადაყვანილ იქნენ ქ. თბილისის ¹-- საპყრობილეში.

2002წ. 3 ოქტომბერს, დაახლოებით 23 საათზე, მსჯავრდებულები იმყოფებოდნენ სააპყრობილის ¹-- საკანში --- ეროვნების თერთმეტ პატიმართან ერთად. მათ ტელევიზიით შეიტყვეს საკანში მყოფი იმ პატიმრებიდან, რომლებმაც 3 და 4 აგვისტოს უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი, ჩეჩენი ეროვნების ხუთი პატიმრის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ, თუმცა პიროვნულად უშუალოდ რომელი პატიმრების ექსტრადიცია უნდა მომხდარიყო მათთვის ცნობილი არ იყო. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მსჯავრდებულებმა და საკანში მყოფმა სხვა პატიმრებმა საწოლებს, წყლის ონკანს და სხვა ინვენტარს მოსტეხეს ლითონის ნაწილები, ასევე ამოიღეს აგურის ნატეხები, რითაც შეიარაღდნენ იმისათვის, რომ საკნიდან არ მომხდარიყო რომელიმე პატიმრის გაყვანა. აღნიშნულის თაობაზე ღამის 2 საათზე შეიტყო სარეჟიმო კორპუსის კონტროლიორმა ა. ნ-მა, რომელმაც განსასჯელებს და სხვა პატიმრებს მოსთხოვა შეეწყვიტათ ინვენტარის მტვრევა და ხმაური, მაგრამ პატიმრები არ დაემორჩილნენ მას. ამის შესახებ ა. ნ-მა შეატყობინა საპყრობილის ოპერატიულ მორიგე ა. დ-ლს, რომელმაც შექმნილი ვითარების შესახებ აცნობა დაწესებულების დირექტორს. დაახლოებით 4 საათზე სარეჟიმო კორპუსში ზ. კ-ის ხელმძღვანელობით გაიგზავნა მორიგე ჯგუფი, რომლებმაც მსჯავრდებულებს და სხვა პატიმრებს მოსთხოვეს შეეწყვიტათ არამართლზომიერი მოქმედებები. პატიმრები არ დაემორჩილნენ. მორიგე ჯგუფის წევრებმა, წესრიგის დამყარების მიზნით, გააღეს საკნის კარი და შეეცადნენ საკანში შესვლას. პატიმრებმა ძალადობის გამოყენების მუქარით არ მისცეს ჯგუფის წევრებს საკანში შესვლის შესაძლებლობა, აიძულეს ისინი დაეტოვებინათ საკანი და ჩაკეტეს კარი. მორიგე ჯგუფის წევრებმა აღნიშნულის შესახებ აცნობეს საპყრობილის დირექტორ ჯ. ბ-ლს, რომელმაც ამის თაობაზე შეატყობინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. ¹-- საკანში შექმნილი ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, მობილიზებულ იქნა ¹-- საპყრობილის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიულ მუშაკთა პირადი შემადგენლობა და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფი. იმავე დღეს, დაახლოებით 8 საათზე, ოპერატიული მუშაკები დირექტორის ხელმძღვანელობით და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, გააღეს ¹-- საკნის კარი. დირექტორმა უბრძანა პატიმრებს გასულიყვნენ საკნიდან, მსჯავრდებულები და სხვა პატიმრები არ დაემორჩილნენ მას, რის შემდეგ მობილიზებულმა ჯგუფებმა სცადეს მსჯავრდებულების და სხვა პატიმრების იძულებითი გამოყვანა საკნიდან, მაგრამ პატიმრებმა სპეციალურად მომარჯვებული საგნებით წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიიღეს ¹-- საპყრობილის თანამშრომლებმა _ ზ. კ-ემ და ა. დ-მა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა: ბ. ს-მა, მ. ბ-მა, ე. ქ-მა და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომელმა ზ. შ-ემ.

სასამართლო კოლეგიამ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა, რომ წინასწარ გამოძიებაში მსჯავრდებულთა ზემოთ მითითებული მოქმედებები არასწორად დაკვალიფიცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით. კოლეგიის განმარტებით, აღნიშნული მოქმედებები არ მოიცავს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. სასამართლო კოლეგიის განმარტებით, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, რადგან აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტია პოლიციის მუშაკი ან სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენელი, რომელთაც გააჩნით უფლებამოსილება, განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მათ უწყებას არ ექვემდებარებიან. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ის ქმედება, რომელიც მსჯავრდებულებს ბრალად აქვთ შერაცხული და რაც დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე შემადგენლობად არის გამოყოფილი და იგი უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით და არა 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აქედან გამომდინარე სასამართლო კოლეგიამ დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ განსასჯელებს არასწორად წარედგინათ ბრალი სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სასამართლო კოლეგიამ ასევე იმსჯელა იმის შესახებ, რომ, მიუხედავად სასამართლო კოლეგიის მიერ გაკეთებული დასკვნისა, რომ მსჯავრდებულთა ზემოთ მითითებული მოქმედებებით განხორციელდა სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, სასამართლო კოლეგია მსჯავრდებულთა მოქმედებებს ვერ დააკვალიფიცირებდა სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რადგან ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფრო მძიმე ბრლდებას წაუყენებდა მსჯავრდებულებს, რაც კანონით დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ ბ. მ-ი, რ. გ-ვი და ჰ. ა-ვი გაამართლა სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო კოლეგიამ ბ. მ-ვი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეუფარდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, სასამართლო კოლეგიამ ბ. მ-ვს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა _ ერთი წელი, ექვსი თვე და ორი დღე _ ჩაუთვალა სასჯელის მოხდაში და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა სხდომის დარბაზიდან, ხოლო რ. გ-ვი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეუფარდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო კოლეგიამ რ. გ-ვს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა _ ერთი წელი, ექვსი თვე და ორი დღე _ ჩაუთვალა სასჯელის მოხდაში და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა სხდომის დარბაზიდან. სასამართლო კოლეგიამ ჰ. ა-ვი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეუფარდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო კოლეგიამ ჰ. ა-ვს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა _ ერთი წელი, ექვსი თვე და ორი დღე _ ჩაუთვალა სასჯელის მოხდაში და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა სხდომის დარბაზიდან.

საკასაციო საჩივრით ადვოკატები _ ა. ჩ-ლი და თ. გ-ნი ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულები მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებდნენ. ადვოკატთა განმარტებით, მსჯავრდებულები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ადვოკატთა მითითებით, ციხის ადმინისტრაციას უნდა მოეყვანა სისრულეში ჩეჩენი პატიმრების ექსტრადიციის შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება. კასატორთა განმარტებით, როდესაც ციხის ადმინისტრაცია შეეცადა ჩეჩენი პატიმრების გამოყვანას საკნიდან, რათა ისინი გადაეცათ რუსეთის ფედერაციისათვის, თვით ადმინისტრაცია მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ჩეჩენი პატიმრები _ მართლზომიერად. კასატორთა განმარტებით, ვინაიდან თვით გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ უკანონო იყო, ასევე ვინაიდან დაირღვა პატიმრებისათვის საპროცესო კანონით მინიჭებული ყველა უფლება, კერძოდ, დაცვის, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებები, ასევე იმის გამო, რომ მსჯავრდებულთა ექსტრადიციის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაში მათ მიმართ უმკაცრესი ზომები იქნებოდა გატარებული, მსჯავრდებულები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურა საკასაციო საჩივრით ითხოვს საოლქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილ ქმედებებს და არასწორად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულთა მოქმედებებით არ განხორციელდა სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არასწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა პოლიციის მუშაკის ან სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლის ის საქმიანობა, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მათ უწყებას არ ექვემდებარებიან. კასატორის განმარტებით, მსჯავრდებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს არა მარტო წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, არამედ ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომელებს, რომელთაგან ზ. შ-ემ მიიღო სხულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. კასატორის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საპყრობილის საკანში წესრიგის დამყარებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომელები, რომელებსაც ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს მსჯავრდებულებმა, აღნიშნული მოქმედებით განხორციელდა სსკ-ის 353 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

ადვოკატებმა _ ა. ჩ-მა და თ. გ-მა მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარს.

პროკურორმა კ. მ-მა მხარი არ დაუჭირა ადვოკატების _ ა. ჩ-სა და თ. გ-ის საკასაციო საჩივრებს.

დაზარალებულმა ა. დ-მა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარს, მან მხარი არ დაუჭირა ადვოკატების საკასაციო საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, მსჯავრდებულების ინტერესების დამცველ ადვოკატებს, თ. გ-ნს და ა. ჩ-ლს პროკურორ კ. მ-ნს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ადვოკატების _ ა. ჩ-სა და თ. გ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციით საქმის განმხილველი სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა პოლიციის მუშაკის ან სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლის ის საქმიანობა, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მათ უწყებას არ ექვემდებარებიან. სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ განმარტება მისცა სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ ნორმას და მიუთითა, რომ ამ დანაშაულის ობიექტია პოლიციის მუშაკი ან სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენელი და აქვე აღნიშნა, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობას ადგილი ექნება მაშინ, თუ ამ დანაშაულის ობიექტების მიერ განხორციელებული კანონიერი მოქმედება სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მათ უწყებას არ ექვემდებარებიან. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის დაწესებულების, კერძოდ, ¹-- საპყრობილის საკანში წესრიგის დასამყარებლად მისული ამავე დაწესებულების თანამშრომლები, ¹-- საპყრობილის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიულ მუშაკთა პირადი შემადგენლობა და ასევე იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფი არ წარმოადგენენ სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ობიექტს, ვინაიდან მათ მიერ განხორციელებულმა მოქმედებამ სამართლებრივი შედეგი გამოიწვია არა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მათ უწყებას არ ექვემდებარებიან, არამედ იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც უშუალოდ ამ უწყებათა დაქვემდებარებაში შედიან, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ¹-- საპყრობილის პატიმრები ექვემდებარებიან როგორც წინასწარი პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ასევე იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფს და, აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულთა მოქმედებებით განხორციელდა სსკ-ის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. საკასაციო პალატას ნორმის ასეთი განმარტება არასწორად მიაჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 378-ე მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, სადაც კონკრეტულად არის დასახელებული ის ორი უწყება, კერძოდ, წინაწარი პატიმრობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომელთა თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გვაძლევს ამ მუხლის შემადგენლობას. ამ მუხლში არაფერია ნათქვამი იუსტიციის სამინისტროზე, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებაა და რომლის დაქვემდებარებაშიცაა სპეციალური დანიშნულების დანაყოფი. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულები არ დაემორჩილნენ როგორც წინასწარი, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა, ასევე იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტათ არამართლზომიერი მოქმედებები. საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულთა ზემოთ მითითებული მოქმედებებით განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი დანაშაულის შემადგენლობა. კერძოდ, იმ მომენტიდან, როდესაც მსჯავრდებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს წინასწარი პატიმრობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას, მსჯავრდებულთა ეს მოქმედება უკვე Mმოიცავდა სსკ-ის 378-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, ხოლო იმ დროიდან, როდესც უკვე მობილიზებულ იქნა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფი წესრიგის დასაცავად, რომლებსაც ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს მსჯავრდებულებმა, უკვე განხორციელდა სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულები არ დაემორჩილნენ წინასწარი პატიმრობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტათ არამართლზომიერი მოქმედებები, რაც ხელს უშლიდა დაწესებულების საქმიანობის განხორციელებას. როგორც ზემოთ იქნა მითითებული, მსჯავრდებულთა ამ მოქმედებით განხორციელდა სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. საქმის მასალებით ასევე უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ კი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფის წარმომადგენელბს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მობილიზებულ იქნენ წესრიგის დასაცავად. მსჯავრდებულთა ამ მოქმედებით კი განხორციელდა სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

მართალია, საკასაციო საჩივრით გენერალური პროკურატურა ითხოვს განაჩენის გაუქმებას მხოლოდ გამართლების ნაწილში, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი მთლიანად უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსჯავრდებულთა ერთი მოქმედებით განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი დანაშაულის შემადგენლობა. პალატა თვლის: იმ შემთხვევაში, თუ უცვლელად დარჩება გამამტყუნებელი განაჩენი, მსჯავრდებულები უკვე გასამართლებულები იქნებიან მათ მიერ განხორციელებული ერთი ქმედებისათვის, რომლისთვისაც განმეორებით მსჯავრდებას კანონი კრძალავს.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 6 თებერვლის განაჩენი ბ. მ-ის, რ. გ-ის, ჰ. ა-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის PPპირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 6 თებერვლის განაჩენი ბ. მ-ის, რ. გ-ს, ჰ. ა-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.