საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 06.04.2004
საქმის ნომერი
2კ-66დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 66-დად 6 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,თ. ლალიაშვილი

განიხილა დაინტერესებული პირის – თ. შ-ის დამცველის, ადვოკატ გ.ს-ის საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 თებერვლის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 22 სექტემბერს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-3 განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მ. ა-სა და დ. გ-ის მიმართ, თ. შ-საგან თაღლითური გზით ფულის გამოძალვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო თ. შ-ის განცხადების თაობაზე ჩატარებული წინასაგამოძიებო შემოწმების მასალა.

როგორც განცხადებაში, ასევე წინასწარი გამოძიების პროცესში დაზარალებულის სახით დაკითხვისას თ. შ-მა განმარტა, რომ 2000წ. დასაწყისში მისმა ყოფილმა თანამშრომელმა რ. ბ-მა შესთავაზა, რომ თავისი ახლობლების მეშვეობით დაეხმარებოდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობაზე დანიშვნაში, რისთვისაც საჭირო იყო 16 ათასი აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულიდან 6 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა წინასწარ, ხოლო 10 ათასი აშშ დოლარი _ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. შეთავაზებულ წინადადებაზე იგი დათანხმდა. ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ რ. ბ-მა მას რუსთაველის გამზირზე მდებარე “---ში” შეახვედრა მისთვის მანამდე უცნობი დ. გ-ძე და მ. ა-ძე, რომელთა დახმარებითაც ზემოხსენებული ფულადი თანხის გადახდის შემდეგ იგი უნდა დანიშნულიყო დაპირებულ თანამდებობაზე. შეთანხმებისამებრ დ. გ-ეს მისსავე საცხოვრებელ სახლთან, თ. ქ-ის თანდასწრებით, მან გადასცა 2500 აშშ დოლარი, ხოლო მომდევნო დღეს იმავე პირის თანდასწრებით _ 3500 აშშ დოლარი. რ. ბ-მა, დ. გ-ემ და მ. ა-ემ არ შეასრულეს დანაპირები _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობაზე დაინიშნა სხვა პირი, რის შედეგადაც მან მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება. 2002წ. 9 იანვრის მდგომარეობით რ. ბ-მა მას ქ. თბილისში, “---ის” მეტროსთან, დაუბრუნა 3000 აშშ დოლარი, დანარჩენი 3000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე რ. ბ-მა, მ. ა-ემ და დ. გ-ემ უარი განაცხადეს, რის შემდეგაც მან განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩაატარა მთაწმინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა დ. ს-ემ, რომელმაც, მოპოვებულ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულებები იმის დასტურად, რომ ბ-მა, დ. გ-ემ და მ. ა-ემ ჩაიდინეს თაღლითური გზით ფულადი თანხის მითვისება, მოპოვებული ვერ იქნა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა კი საქმეზე ამოწურულია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2003წ. 17 დეკემბერს გამომძიებელმა დ. ს-ემ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, შეწყვიტა საქმე თ. შ-ისაგან თაღლითური გზით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. 2003წ. 23 დეკემბერს ეს დადგენილება დაამტკიცა პროკურორმა.

აღნიშნული დადგენილება თ. შ-მა გაასაჩივრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. საჩივრით იგი ითხოვდა დადგენილების გაუქმებას და საქმის მასალების დაბრუნებას პროკურატურისათვის საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებისა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

სასამართლომ განიხილა საჩივარი და 2004წ. 9 თებერვალს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც თ. შ-ლს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გამოძიების მიერ გამოტანილი 2003წ. 17 დეკემბრის დადგენილება დატოვა უცვლელად.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს ხსენებული დადგენილების თაობაზე თ. შ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული სასამართლო დადგენილების, აგრეთვე, საგამოძიებო განყოფილების 2003წ. 17 დეკემბრის დადგენილების გაუქმებას და საქმის მასალების პროკურატურისათვის დაბრუნებას საქმეზე გამოძიების განახლებისა და ბრალეულ პირთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

პალატის სხდომაზე განხილვისას დაინტერესებული პირის _ თ. შ-ის დამცველებმა, ადვოკატებმა _ გ. ს-მა და გ. თ-ემ მხარი დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

დაინტერესებული პირების _ დ. გ-სა და მ. ა-ის დამცველმა, ადვოკატმა შ. ფ-ამ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა შ. ლ-ემ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და ითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 თებერვლის დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ მოცემულ საქმეზე სარწმუნო მტკიცებულებად ვერ იქნება მიღებული საქმეზე დაზარალებულად ცნობილი თ. შ-ის ვერც ერთი ჩვენება, რადგან ამ ჩვენებებში საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ერთი და იგივე გარემოებები სრულიად სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი და განმარტებული.

ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ანდა საფუძვლიანი და დამაჯერებელი, არაპირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც შეიძლება კანონიერი საფუძველი გამხდარიყო კონკრეტული პირებისათვის დანაშაულის ჩადენაში ბრალის დადებისათვის.

თვით მომჩივან თ. შ-ს მიერ დასახელებულმა მოწმეებმა, რომლებიც საფუძვლიანად დაიკითხნენ გამოძიების მიმდინარეობისას, არ დაადასტურეს მისი ვერსია დ. გ-სა და მ. ა-სათვის თანხის გადაცემის თაობაზე, ხოლო თ. შ-სათვის 3000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი მოწმე რ. ბ-ის მიერ ახსნილ იქნა ამ უკანასკნელის ძმასთან არსებული ვალდებულებითი ურთიერთობებით, რომელიც ვერ იქნა უარყოფილი ვერც თვით თ. შ-ის ჩვენებებით და ვერც სხვა სარწმუნო მტკიცებულებებით.

საქმეზე ჩატარებულია ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო რაც შეეხება სხვა საპროცესო მოქმედებებს, რომლებზედაც მომჩივანი მიუთითებს, მათი შედეგები არსებით გავლენას ვერ მოახდენს საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მისი შეცვლის თვალსაზრისით.

აღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 თებერვლის დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 243-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაინტერესებული პირის _ თ. შ-ის დამცველის, ადვოკატ გ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძლობის გამო.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 თებერვლის დადგენილება თ. შ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ¹-- სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ დ. ს-ის 2003წ. 17 დეკემბრის დადგენილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.