საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 20.04.2004
საქმის ნომერი
2კ-112აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 112-აპ 20 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. ბ-სა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს განაჩენით დამნაშავეებად იქნენ ცნობილი:

1. ნ. გ-ძე საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით მიესაჯა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული 2 წლის პირობითი მსჯავრიდან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. ზ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 394-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმავე განაჩენით სსკ-ის 375-ე მუხლითა და 394-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი დ. კ-ია და მიესაჯა 7 თვითა და 22 დღით თავისუფელების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

განაჩენის მიხედვით მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატა შემდეგში:

რიგითი ჯარისკაცები _ ზ. ბ-ძე და დ. კ-ია სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდნენ საქართველოს შინაგანი ჯარის ¹-- სამხედრო ნაწილში. 2002წ. სექტემბერში ქ. თბილისში ზ. ბ-ემ თავისი მეგობრის მეშვეობით გაიცნო ადრე ნასამართლევი, სამტრედიის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები ნ. გ-ძე, რომელმაც მას სთხოვა სამხედრო ნაწილიდან იარაღის გატაცებაში დახმარება.

2002წ. 6 დეკემბერს ზ. ბ-ძე და დ. კ-ია სამხედრო ნაწილში გამწესებულ იქნენ საგუშაგოდ. მათ შორის ზ. ბ-ძე _ განწესის უფროსის თანაშემწედ, ხოლო დ. კ-ია _ რიგით ო. ბ-თან ერთად იარაღებისა და ქიმიური საწყობების დასაცავად. დაახლოებით 20 საათსა 30 წუტზე აღნიშნული სამხედრო ნაწილის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ვინმე “ვ-სთან” ერთად მივიდა ნ. გ-ძე და გამოიძახა ზ. ბ-ძე. გასაუბრების შემდეგ ნ. გ-ძე და “ვ.” გადავიდნენ სამხედრო ნაწილის აკრძალულ ტერიტორიაზე და ზ. ბ-ემ ისინი წაიყვანა იარაღების საწყობისაკენ, სადაც მორიგე გუშაგებს _ დ. კ-სა და ო. ბ-ის გაუმხილა საწყობიდან იარაღების გატაცების განზრახვის შესახებ. დ. კ-ია და ო. ბ-ლი არ დათანხმდენენ შეთავაზებულ წინადადებას და მოითხოვეს, დაეტოვებინათ სამხედრო ნაწილის ტერიტორია. ზ. გ-ძე მათ დაემუქრა სიკვდილით, თუ ხმას ამოიღებდნენ. დ. კ-ამ და ო. ბ-მა მუქარა იმდენად სერიოზულად ჩათვალეს, რომ დატოვეს სააგუშაგო და შორიდან უყურებდნენ, თუ რას მოიმოქმედებდნენ ნ. გ-ძე და მასთან მყოფი პირი. ზ. ბ-ემ ნ. გ-ძე და მასთან მყოფი “ვ.” მიიყვანა იარაღების საწყობთან და დატოვა იქ. თვითონ კი წავიდა საგუშაგო ოთახში. ვინაიდან ნ. გ-სა და მისი თანმხლები პირის ხელისშემშლელი უკვე აღარავინ იყო, მათ სპეციალურად მიტანილი რკინის საჭრელი ხერხით გადაჭრეს საწყობის კარის ბოქლომი, შეაღწიეს საწყობში და გაიტაცეს 9 ავტომატური იარაღი და ერთი “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი. გატაცებული იარაღებიდან ნ. გ-ემ ორი ავტომატი მიტოვებულ სამხედრო საწყობში დაუტოვა ზ. ბ-ეს და ზედ ნაგავი მიაყარა. დანარჩენი იარაღი კი მან ავტობუსით გადაზიდა სამტრედიის რაიონის სოფ. ---ში, მაგრამ შემდეგ ამ იარაღებს რა ბედი ეწიათ, გამოძიებით ვერ დადგინდა. გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა მხოლოდ ის ორი ავტომატი, რომლებიც ნ. გ-ემ ზ. ბ-ს დაუტოვა მიტოვებულ სამხედრო საწყობში.

რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ზ. ბ-ემ. საჩივარში ის უთითებდა, რომ იარაღის გატაცებაში მას მონაწილეობა არ მიუღია და ამის შესახებ არც კი იცოდა რაიმე. გამოძიების დროს ბრალდების აღიარებითი ჩვენება მისგან გამოძალულ იქნა ფიზიკური ზემოქმედებით და დაცვის უფლების დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ ზ. ბ-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მის მიმართ რაიონული სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად. ამასთან, სასამართლო პალატამ სარევიზიო წესით შეამოწმა განაჩენის კანონიერება ნ. გ-ის მიმართ და მას ორი წლით შეუმცირა რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

საკასაციო საჩივარში ზ. ბ-ძეE კვლავ მიუთითებს, რომ მას ნ. გ-სათვის დანაშაულის ჩადენაში არავითარი დახმარება არ გაუწევია. ნ. გ-ძე კი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულმა ზ. ბ-ემ უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაში მონაწილეობაზე.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. ბ-მა ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. შეკრებილ გამოკვლეულ მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება; ამასთან, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, განსასჯელთა პროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და დაადგინა სამართლიანი განაჩენი, რომლის გაუქმების ან შესწორების კანონიერი საფუძველი პალატას არ გააჩნია.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არის არაკონკრეტული და მისი მოთხოვნა, რომ დაკითხულ იქნენ მოწმეები, რაც დაეხმარება სიმართლის დამტკიცებაში, ატარებს ზოგად ხასიათს.

საქმის მასალებით ვერ დასტურდება ზ. ბ-ის საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ წინასწარი გამოძიების დროს პოლიციის მუშაკთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ზემოქმედებას და ბრალდების აღიარებითი ჩვენების გამოძალვას. დადგენილია, რომ ზ. ბ-სა და სხვათა მიერ ჩადენილ დანაშაულზე მოკვლევა და გამოძიება ჩაატარა მხოლოდ სამხედრო პროკურატურამ და ამ ფაქტთან პოლიციის თანამშრომლებს არავითარი შემხებლობა არ ჰქონიათ.

საკასაციო საჩივარში არასწორად არის მითითებული იმის შესახებაც, რომ თითქოს მოწმე ო. ბ-სა და მსჯავრდებულ დ. კ-ას ჩვენებები აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგოა და მათგან დ. კ-ია ზ. ბ-ეს არ ამხელს დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნულ პირთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ისინი თანაბრად ამხელენ ზ. ბ-ეს იმ დანაშაულში, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

ასევე არასწორია ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომ თითქოს მსჯავრდებული ნ. გ-ძე მას არ ამხელს შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდებულის სახით დაკითხვის დროს ნ. გ-ემ აჩვენა: “ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჩემსა და რიგით ზ. ბ-ეს შორის ჩამოვარდა საუბარი იარაღის თაობაზე. მე ზ. ბ-ეს ვუთხარი, სამხედრო ნაწილში იყო თუU არა პისტოლეტები და თუ შეიძლებოდა მათი მოპარვა. აღნიშნულზე ზ. ბ-ემEმითხრა, რომ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იყო საწყობები, სადაც იარაღები ინახებოდა, მაგრამ იგი შეუმჩნევლად უნდა გახსნილიყო. ზ. ბ-ემ მითხრა, რომ ყარაულზე “ატვეჩაი” მე ვარო და ჩვენ შევთანხმდით, რომ საწყობი გაგვექურდა. შეთანხმების თანახმად, 2002წ. 6 დეკემბერს, 20 საათზე, მე მივედი სამხედრო ნაწილის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან და გამოვიძახე ზ. ბ-ძე ...” ამის შემდეგ ნ. გ-ემ დეტალურად აღწერა, თუ როგორ გაიტაცა ზ. ბ-ის დახმარებით სამხედრო საწყობიდან საბრძოლო იარაღები.

ამრიგად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულ ნ. გ-ის მოთხოვნა სასჯელის შემცირების თაობაზე. ნ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი, მისი პიროვნების, წარსული ნასამართლობისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სავსებით სამართლიანად უნდა ჩაითვალოს და შემცირების რაიმე კანონიერ საფუძველს პალატა ვერ პოულობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ზ. ბ-სა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 იანვრის განაჩენი ზ. ბ-სა და ნ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.