საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 08.04.2004
საქმის ნომერი
2კ-117აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 117-აპ 8 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ხ. ზ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის განაჩენით ხ. ზ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით, მესამე ნაწილის “გ” პუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეექვსე ნაწილის საფუძველზე დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 6 წელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნულ განაჩენში აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 26 იანვრის განაჩენით შეიტანა შემდეგი ცვლილება: ხ. ზ-ეს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით, მესამე ნაწილის “გ” პუნქტით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 22 მაისის განაჩენთან ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ხ. ზ-ეს მსჯავრი დაედო შემდეგში:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1995წ. 28 თებერვლის განაჩენით ხ. ზ-ეს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით მისჯილი ჰქონდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 22 მაისის განაჩენით ხ. ზ-ძე დამნაშავედ ცნო სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით, მესამე ნაწილის “გ” პუნქტით და შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

2002წ. სექტემბრის ბოლოს, ღამის საათებში, ხ. ზ-ემ ქურდობის მიზნით ფანჯრიდან შეაღწია ქ. ბათუმში, --- მცხოვრებ ნ. ბ-ის სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი, უცხოური წარმოების, ფირმა “შარფის” მუსიკალური ცენტრი ღირებული 900 ლარად.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ხ. ზ-ძე ითხოვს მისთვის შეფარდებული სასჯელის შემცირებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი; დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

პროკურორი ე. ქ-ვა ითხოვს ხ. ზ-ის მიმართ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ხ. ზ-ის ქმედებას, რასაც თავად მსჯავრდებულიც არ ხდის სადავოდ. რაც შეეხება სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ყველა საშეღავათო გარემოება და ხ. ზ-ეს შეფარდებული სასჯელი _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირა 9 წლამდე, ამდენად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის კვლავ შემსუბუქების შესახებ პალატა მიიჩნევს უსაფუძვლოდ და არ იზიარებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 იანვრის განაჩენი ხ. ზ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.