საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 121-დად 13 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. გოგელია
განიხილა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. გ-ას საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული სასამართლო დადგენილებით ირკვევა შემდეგი:
2003წ. 20 ივნისს თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს უშიშროების სამინისტროს მუშაკის _ ზ. ს-ას მიმართ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლ. ჩ-ის გარდაცვალების ფაქტზე.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული:
2003წ. 4 ივნისს, დაახლოებით 23 საათზე, უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი ზ. ს-ვა კუთვნილი ავტომანქანით “მერსედეს-ბენცი”, მოძრაობდა რა ქ. თბილისში, ---, შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ, ლ. გ-ას მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს “ვაზ-21093”. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა “ვაზ-21093-ის” მგზავრი ლ. ჩ-ძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ქ. თბილისის რეგიონული სამხედრო პროკურატურის გამომძიებელმა ს. მ-მა მიიჩნია, რომ წინასწარი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით, კერძოდ, 2003წ. 20 ოქტომბრის ¹--\-- ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტების: ზ. თ-ის, ე. კ-ს და გ. კ-ის ჩვენებებითა და მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით, აგრეთვე საკომისიო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზ. ს-ზე არ იყო დამოკიდებული ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება და მის ქმედებაში არ აღინიშნება “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2004წ. 20 თებერვალს გამომძიებელმა ს. მ-მა გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა, ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
აღნიშნული საპროცესო გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ ის არის უკანონო და დაუსაბუთებელი, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა დაზარალებულმა მ. ჯ-ემ და ითხოვა მისი გაუქმება.
სასამართლომ განიხილა რა საჩივარი, საფუძვლიანად მიიჩნია მისი მოთხოვნა და 2004წ. 23 მარტის დადგენილებით გააუქმა სამხედრო პროკურატურის გამომძიებლის მიერ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გამოტანილი დადგენილება, ხოლო მასალები დაუბრუნა ქ. თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურას საქმეზე გამოძიების განახლებისა და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.
აღნიშნული სასამართლო დადგენილების თაობაზე საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გ. გ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვა ამ დადგენილების გაუქმება და სამხედრო პროკურატურის გამომძიებლის 2004წ. 20 თებერვლის დადგენილების უცვლელად დატოვება.
პალატის სხდომაზე განხილვისას პროკურორმა გ. გ-ამ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დაინტერესებული პირის _ ზ. ს-ას დამცველმა, ადვოკატმა კ. ფ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დაზარალებულმა მ. ჯ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ თ. ც-ამ და ზ. გ-ამ მხარი არ დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას საფუძვლიანად მიაჩნია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოქ. ლ. ჩ-ის დაღუპვის ფაქტზე ჩატარებული გამოძიებისა და ამ საქმეზე გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების მიმართ როგორც დაზარალებულ მ. ჯ-სა და მისი დამცველის, ისე კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოთქმული შენიშვნები, რომელთა მიხედვით, საქმის წარმოებისას დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, რომლებიც პროცესის მწარმოებელ ორგანოს ავალდებულებენ, რომ წინასწარი, თუ სასამართლო გამოძიება იყოს ობიექტური, სრული და ყოველმხრივი. პროცესის ამ ძირითადი პრინციპის უგულებელყოფამ განაპირობა წინასწარი გამოძიების წარმოებისას სხვა საპროცესო ნორმების დარღვევებიც. ყოველივე ამის შედეგად გამოურკვეველი დარჩა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ავტომანქანების ურთიერთდაჯახების ადგილი; რაში გამოიხატებოდა აღნიშნული ავტომანქანების მძღოლების ბრალი, უფრო სწორად: თუკი ზ. ს-ას მოძრაობის წესი არ დაურღვევია, მაშინ მეორე ავტომანქანის მძღოლი ლ. გ-ვა იყო თუ არა ბრალეული წესების დარღვევაში, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა; სიმთვრალე-სიფხიზლის თვალსაზრისით, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ლ. გ-ვა და ზ. ს-ვა; რა ვითარება იყო ლ. გ-სა და ბ. ს-ას გზის სავალ ნაწილებზე, ხომ არ არსებობდა მოძრაობისათვის ხელისშემშლელი რაიმე ობიექტური მიზეზი და სხვა.
გარდა ამისა, გამოძიებით უნდა გაირკვეს, რა აუცილებლობით იყო განპირობებული შემთხვევის ადგილის განმეორებით დათვალიერება და ამან რა განსხვავებული შედეგი მისცა გამოძიებას და რა მიმართებაშია იგი სხვა სარწმუნო მტკიცებულებებთან. როგორც ჩამოთვლილი, ისე მთელი რიგი სხვა გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ ისე შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, ფაქტობრივად საქმეზე ჭეშმარიტება არ არის დადგენილი და ეს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის დადგენილება ბ. ს-ას საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 243-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის დადგენილება დაზარალებულ მ. ჯ-ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურის გამომძიებელ ს. მ-ის 2004წ. 20 თებერვლის დადგენილების გაუქმების თაობაზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.