დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.03.2020
საქმის ნომერი
ბს-987(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#ბს-987(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 20 სექტემბერს თ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს #MES 6 17 00965199 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის თ. თ-ის მიმართ შპს „...ის“ მიერ თ. თ-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის #38 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, თ. თ-ე 1997 წელს ჩაირიცხა ...ში, სადაც სწავლობდა სპეციალობაზე - ...ი და ...ო ...ა. მოსარჩელემ სწავლა დაამთავრა 2001 წელს და სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია, ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, მოსარჩელის სახელზე გაიცა დიპლომი. 2003 წელს თ. თ-ემ სწავლა გააგრძელა ...ის ბაზაზე დაფუძნებულ ...ს ...ო ...შ ...ზე, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა ...ო ...ის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მის მიმართ გაიცა მაგისტრის დიპლომი (წარჩინებით).

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2003-2014 წლებში იგი მუშაობდა სს ...ს ...ის ...ის ...ის ... სამმართველოს ...ი ...ის პუნქტის ...-...ის პოზიციაზე. ხოლო 2014 წლიდან მუშაობს სსიპ საქართველოს შსს აკადემიის სამეურნეო სამსახურში.

საჭიროებიდან გამომდინარე, 2017 წლის 21 ივლისს მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს „...ის“ მიერ მის სახელზე გაცემული ბაკალავრის #38 დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა, რაზეც ცენტრის მიერ უარი ეთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა(ა)იპ ...ს ... უნივერსიტეტი და სს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თ. თ-ის სახელზე გაცემული #38 დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს #MES 6 17 00965199 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ...ის მიერ თ. თ-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის #38 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, გადაწყვეტილების გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. თ-ემ შპს „...ში“ სწავლა დაიწყო და დაასრულა სახელმწიფოს მიერ სასწავლებლისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო უფლებამოსილების მინიჭებამდე (1997-2001 წლები), თუმცა სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება თ. თ-ის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების თაობაზე, რასთან მიმართებითაც მიუთითა 1993 წლის 18 თებერვალს (ოქმი #2-6) საქართველოს განათლების სამინისტროს კოლეგიის მიერ დამტკიცებულ საშუალო სპეციალური სასწავლებლების სპეციალობათა ნუსხაზე, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის საშუალო სპეციალური სასწავლებლების სპეციალობათა ჩამონათვალი, მისანიჭებელი კვალიფიკაცია და სწავლის მაქსიმალური ხანგრძლივობა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მიღება სასწავლებლის მიერ შესაბამისი განცხადების და მოთხოვნის წარდგენას უკავშირდება, რაზეც, ერთი მხრივ, სტუდენტი გავლენას ვერ მოახდენს, მეორე მხრივ კი, სტუდენტისთვის შესაძლებელია არც იყოს ცნობილი ინფორმაცია სასწავლებლის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი გათვალისწინებულია კანონით. დაუშვებელია პირისთვის განმსაზღვრელ უფლებაზე ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის გავრცელება, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი მაშინ, როდესაც არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - თ. თ-ე მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2014 წლიდან დღემდე და დასაქმებულია სამეურნეო სამსახურში, ამჟამად ...ი ...ის თანამდებობაზე. გარდა ამისა, შპს „...ს ...ის დეპარტამენტის ...ო ...ის“ მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე თ. თ-ემ 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ...ოს ... ...ის მაგისტრატურის სრული კურსი სპეციალობით ... და ... ...ა.

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი, შესაბამისად, მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 6.1 მუხლი, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი (სასამართლო განჩინების მიღების დროს მოქმედი რედაქცია). კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ დაწესებულება იყო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული, მაშინ როდესაც მის დაფუძნებაში 2001 წლის პერიოდამდე სახელმწიფოს მონაწილეობა არ იკვეთება. კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს 2001 წლამდე მის ლიცენზირებულად ჩათვლას. კასატორის მითითებით, კანონმდებლობა ცალსახად უთითებდა, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებად აუცილებელი იყო ნებართვა (ლიცენზია) სახელმწიფოსგან. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა რამდენად კანონშესაბამისად მოქმედებდა შპს „...ი“ და შეეძლო თუ არა აღნიშნულ დაწესებულებას სტუდენტების მიღება და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება ლიცენზიის მიღებამდე (2002 წლის 11 ოქტომბრამდე).

კასატორი არ იზიარებს სასამართლოების მსჯელობას კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ...ს მოსარჩელისთვის არ შეუზღუდავს უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგები გაუბათილებია. ...მა მხოლოდ კანომდებლობის და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც კი არ გააუქმა მოსარჩელის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები, არამედ მოახდინა მხოლოდ მათი ფიქსაცია და სამართლებრივად შეაფასა ის. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60(1) მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა.

კასატორის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომა, ასევე საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ არასწორი ინტერპრეტაცია. კასატორის მითითებით, სწორედ, მოცემული წესის შესაბამისი რეგულაციებით იხელმძღვანელა ცენტრმა თ. თ-ის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია „დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს #MES 6 17 00965199 გადაწყვეტილება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის #1-19/314 გადაწყვეტილებით „...ოს ...ის“ ფილიალ „...ოს ...ის ...ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, 2001 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და აღნიშნულის საფუძველზე თ. თ-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

ამდენად, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით თ. თ-ე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს თ. თ-ის მოთხოვნა მის სახელზე გაცემული #... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს #MES 6 17 00965199 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის თ. თ-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის #... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 02.07.2019წ. #06494 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება;

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.07.2019წ. #06494 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი