საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.06.2004
საქმის ნომერი
2კ-181დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.06.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 181-დად 22 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული გ. ხ-ნი 5 თვით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ხ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, 378-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 16 წელი და 9 თვე. საბოლოოდ გ. ხ-ნს მიესაჯა 17 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

გ. ხ-ნი სასჯელს იხდის 2001წ. 24 აგვისტოდან. 2003წ. 11 ოქტომბრიდან იგი სასჯელს იხდის ქსნის ¹-- დაწესებულებაში.

2004წ. 26 მარტს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შ. კ-ემ წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს გ. -ის საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის დადგენილებით დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება და გ. ხ-ნი 5 თვით გადაყვანილ იქნა საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე.

მსჯავრდებული გ. ხ-ნი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მითითებული დადგენილების შეცვლასა და ციხის რეჟიმის შემსუბუქებას.

პროკურორი ო. რ-ია არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა პროკურორს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ირკვევა, გ. ხ-ნი სასჯელის მოხდის პერიოდში ორჯერ იყო გადაყვანილი საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე, არაერთხელ იქნა შემჩნეული სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევაში, რის გამოც მრავალჯერ დაისაჯა, არის კონფლიქტური, უხეში, ხასიათდება უარყოფითად. 26 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს გ. ხ-ის საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

წარდგინების თანახმად, გ. ხ-ნი არ ემორჩილება დაწესებულების შინაგანაწესს, თავისი ქმედებებით ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია დაწესებულებაში, რის გამოც მისი დაწესებულებაში ყოფნა საფრთხეს უქმნის დაწესებულებისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის დადგენილება გ. ხ-ის საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის დადგენილება მსჯავრდებულ გ. ხ-ის საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.