განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 15.07.2004
საქმის ნომერი
2კ-217აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 217-აპ 15 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე,),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ა. ტ-სა და დაზარალებულ ს. ნ-ის საკასაციო საჩივრები აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მაისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის განაჩენი ა. ტ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის განაჩენით ა. ტ-ნს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 1 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2003წ. 3 მარტიდან.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მაისის განაჩენით სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს განაჩენი ა. ტ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ა. ტ-ნს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

2003წ. 26 მარტს ა. ტ-ნმა დისგან _ მ. ტ-საგან შეიტყო, რომ მას ქმარმა ს. ნ-მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის გამო ა. ტ-ნი იმავე დღეს მივიდა ს. ნ-ის სახლში. ა. ტ-მა, ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, შეამტვრია ს. ნ-ის სახლის კარი და დააზიანა ტელევიზორი და სხვა ნივთები, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2003წ. 2 მაისს ა. ტ-ნი თბილისში, ფილარმონიის ტერიტორიაზე, შეხვდა ს. ნ-ს, რათა გაერკვია ცოლ-ქმარს შორის წარმოშობილი ვითარება. ურთიერთშელაპარაკების დროს ა. ტ-ნმა განზრახ მოკვლის მიზნით ს. ნ-ლს დანით მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანებები, რის შედეგად ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. ტ-ნი ითხოვს სსკ-ის 160-ე და 187-ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ ს. ნ-ის სახლში ყოფნისას ნივთები არ დაუზიანებია და არც სახლის კარი შეუმტვრევია. რაც შეეხება მკვლელობას, მსჯავრდებული ითხოვს ამ ეპიზოდში მისი ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლით დაკვალიფიცირებას. საჩივარში მიუთითებს, რომ მოკვლის განზრახვით დანა ს. ნ-სათვის არ დაურტყამს. იგი თავს იცავდა და შესაძლებელია, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებისას ს. ნ-ლს მიაყენა სხეულის დაზიანება.

საკასაციო საჩივრით დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს. ნ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას, სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქისა და მკვლელობის ეპიზოდში არასწორი იურიდიული კვალიფიკაციის გამო. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა მისი ძმის მკვლელობა ჩაიდინა განსაკუთრებული სისასტიკით, ამავე დროს თვლის, რომ სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მეტისმეტად მსუბუქია. იგი ითხოვს მის მკაცრად დასჯას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-ამ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. ამასთან, მკვლელობის ეპიზოდში მოითხოვა მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირება. ადვოკატს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ტ-ნს ს. ნ-ისათვის დანა მოკვლის განზრახვით არ დაურტყამს. მან დაზარალებულს მიაყენა მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს.

დაზარალებულმა ს. ნ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა კ. ქ-ემ მოითხოვეს მათი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. დაზარალებულმა ს. ნ-მა აღნიშნა, რომ სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულისათვის მეტისმეტად მსუბუქია და აშკარად უსამართლო. მისი აზრით, მსჯავრდებული ასეთ შეღავათებს არ იმსახურებდა. მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, უფრო მეტიც: მას დანაშაული არ უღიარებია და არც მოუნანიებია, რის გამოც პასუხისმგებლობის ეს შემამსუბუქებელი გარემოება სააპელაციო პალატამ განაჩენიდან ამორიცხა.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ს. ფ-ამ საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მაისის განაჩენი ა. ტ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა. პალატა ეთანხმება დაზარალებულ ს. ნ-ის საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ა. ტ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთის _ დანიშვნა მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლოა. სასამართლოს სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიეღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, ასევე ის გარემოებაც, რომ იგი არ აღიარებდა და ინანიებდა დანაშაულს. საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლო, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევისა სამართლებრივი შეფასების შედეგად, თუ კიდევ დაასკვნის, რომ მსჯავრდებულ ა. ტ-ს ჩადენილი აქვს ბრალად შერაცხული დანაშაული, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც არ იქნება მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს აფახაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მაისის განაჩენი ა. ტ-ის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.