საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 27.07.2004
საქმის ნომერი
2კ-253დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 253-დად 27 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,თ. ლალიაშვილი

განიხილა მოქალაქე ნ. მ-ის საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ზ. უ-ს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 3 დეკემბერს ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოქალაქეების _ ე. გ-სა და ა. გ-საგან თანხების გამოძალვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 1960წ. სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

2003წ. 7 ნოემბერს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილე ზ. კ-ას მიერ დამტკიცდა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ზ. უ-ის მიერ შედგენილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, ე. გ-სა და ა. გ-სათვის თანხების გამოძალვის არ დადასტურების გამო, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

აღნიშნული დადგენილება თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა და გამოძიების ჩატარება დაევალა სხვა გამომძიებელს იმ მოტივით, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ზერელედ და უხარისხოდ.

აღნიშნული დადგენილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა. იგი საჩივრით ითხოვს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილების გაუქმებასა და ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ზ. უ-ის მიერ შედგენილი სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ დადგენილების ძალაში დატოვებას.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა რ. შ-ემ და თ. ს-მა მოითხოვეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილების გაუქმება.

პროკურორმა მ. ხ-მა მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ რაიონული სასამართლოს დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შესახებ საქართველოს სსსკ-ს მე-18 მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურის გამომძიებელმა ზ. უ-ემ 2003წ. 7 ნოემბერს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის ¹-- საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც დაამტკიცა რაიონის პროკურორის მოადგილე ზ. კ-ამ.

ამის შემდეგ, ისე რომ არ გაუქმებულა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ და არ განახლებულა გამოძიება, გამომძიებელმა ჩვეულებრივ გააგრძელა წარმოებით შეწყვეტილ საქმეზე გამოძიება, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიების დასასრულს შეადგინა საბრალდებო დასკვნა, რაც 2004წ. 20 ივნისს დაამტკიცა იმავე რაიონის პროკურორის მოადგილე ზ. კ-ამ და საქმე არსებითად განსახილველად წარმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში. აღნიშნული წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას.

პალატა ეთანხმება რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისათვის სწორი შეფასება უნდა მიეცეს ნ. ბ-ის, ნ. მ-სა და სხვათა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, დამატებით უნდა დაიკითხოს დაზარალებული ე. გ-ლი, უნდა ჩატარდეს დაპირისპირებები, გამოძიების მიერ უნდა დაიკითხნონ გ. გლ-ძე, თ. ფ-ავა, კ. წ-ძე და სხვა მოწმეები.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დამატებითი გამოძიება უნდა ჩატარდეს საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. გამოძიებამ სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ობიექტური და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 დეკემბრის დადგენილება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.