განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 28.07.2004
საქმის ნომერი
2კ-254დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 254-დად 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა ვ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 თებერვლის, 14 ივნისის და შიდა ქართლის ოლქის პროკურორის თანაშემწე ვ. ა-ის 2004წ. 17 იანვრის დადგენილებებზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 27 ივლისს ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პ. გ-ის მიერ ი. კ-ს, ვ. ხ-სა და რ. ც-სათვის 18000 აშშ დოლარის თაღლითური გზით დაუფლებისა და ცილისწამების ფაქტზე.

2003წ. 7 აგვისტოს პ. გ-ნი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, 148-ე მუხლით. იმავე წლის 13 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმე აცილების წესით გამოძიებისათვის დაექვემდებარა შიდა ქართლის ოლქის პროკურატურას.

2004წ. 17 იანვარს შიდა ქართლის ოლქის პროკურორის თანაშემწემ ვ. ა-მა სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა პ. გ-ის მიმართ შეწყვიტა.

პ. გ-ნი დადგენილებას _ სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ არ დაეთანხმა და იგი გაასაჩივრა გორის რაიონულ სასამართლოში. პ. გ-ნი საჩივრით ითხოვდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას სსსკ-ის 28-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. 2004წ. 5 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ მისი საჩივარი განიხილა და დააკმაყოფილა.

2004წ. 11 მაისს სასამართლოს საჩივრით მიმართა დაზარალებულმა ვ. ხ-იმ. ვ. ხ-დი პ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მიიჩნევდა უკანონოდ და ითხოვდა მის გაუქმებას. გორის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 14 ივნისის დადგენილებით ვ. ხ-ის განცხადება განსახილველად არ დაუშვა იმ მოტივით, რომ ამავე რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 5 თებერვალს უკვე იმსჯელა პ. გ-ის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების კანონიერებაზე და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებაც.

კერძო საკასაციო საჩივრით ვ. ხ-დი ითხოვს შიდა ქართლის ოლქის პროკურორის თანაშემწის ვ. ა-ის 2004წ. 17 იანვრის, გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 თებერვლის, 14 ივნისის დადგენილებების გაუქმებას და წინასწარი გამოძიების განახლებას. მისი აზრით გამომძიებლის დადგენილება პ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია. გამოძიების დროს სრულად და ობიექტურად არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ ჩატარებულა დაპირისპირებები მას და დაზარალებულ ი. კ-ეს შორის. გორის რაიონულმა სასამართლომ მისი დასწრების გარეშე განიხილა პ. გ-ის საჩივარი, სასამართლომ არ შეატყობინა საქმის განხილვის დღე, რის გამოც დაირღვა მისი, როგორც დაზარალებულის კანონით მინიჭებული უფლებები _ მონაწილეობა მიეღო საჩივრის განხილვაში.

პალატის სხდომაზე ვ. ხ-იმ მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

დაინტერესებულმა პირმა _ პ. გ-მა ვ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები მიიჩნია უსაფუძვლოდ. მოითხოვა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ვ. ა-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნა, რომ მის მიერ წინასწარი გამოძიება ჩატარდა სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შეცვალა გორის რაიონულმა სასამართლომ, მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საკასაციო საჩივარი, შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 თებერვლის დადგენილება, რომლითაც შეიცვალა შიდა ქართლის ოლქის პროკურორის თანაშემწის ვ. ა-ის 2004წ. 17 იანვრის დადგენილების პირველი პუნქტი _ პ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, უნდა გაუქმდეს და საჩივრები განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგი გარემოებების გამო:

გორის რაიონულმა სასამართლომ ისე განიხილა პ. გ-ის საჩივარი, რომ სასამართლოზე არ მოუწვევია დაზარალებული ვ. ხ-დი და არც შეტყობინება გაუგზავნია მისთვის. პალატა თვლის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დაარღვია დაზარალებულ ვ. ხ-ს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება _ საჩივრის განხილვაში მისი მონაწილეობის შესახებ, რომელიც არის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამის გამო, ამ ეტაპზე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს პ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების კანონიერებაზე.

პალატა თვლის, რომ სასამართლომ პ. გ-ის და ვ. ხ-ის საჩივრები უნდა განიხილოს საპროცესო ნორმების დაცვით, მხარეთა მონაწილეობით და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 თებერვლის დადგენილების გაუქმებასთან ერთად, ასევე უნდა გაუქმდეს ამავე სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის დადგენილებაც _ ვ. ხ-ის საჩივრის განსახილველად დაუშვებლობის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წილს 5 თებერვლის დადგენილება, რომლითაც შეიცვალა შიდა ქართლის ოლქის პროკურორის თანაშემწის _ ვ. ა-ის 2004წ. 17 იანვრის დადგენილების პირველი პუნქტი _ პ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, გაუქმდეს. გაუქმდეს ამავე სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის დადგენილება _ ვ. ხ-ის საჩივრის განსახილველად დაუშვებლობის შესახებ. პ. გ-ის და ვ. ხ-ის საჩივრები განხილვისათვის დაუბრუნდეს გორის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.