საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 13.07.2004
საქმის ნომერი
2კ-262დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 262-დად 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მ. ს-ის ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ ვ. თ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის 2004წ. 28 მარტის დადგენილება მ. ს-ის მიმართ სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსით აღძრული საქმე შეწყდა. მასალები გადაეცა პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის განსახილველად).

აღწერილობითი ნაწილი:

საჩივრის ავტორმა მოქალაქე მ. -ამ საჩივარში განმარტა, რომ 1991 წელს ქ. მოსკოვში რეგისტრირებულ ფირმა “---სა” და ტელეკომპანია “---ს” შორის დაიდო ხელშეკრულება ¹--\--, რომელიც ხელმოწერილ იქნა “---ს” გენერალური დირექტორის _ მ. ვ-სა და ტელეკომპანია “---ის” დირექტორის _ მ. ს-ს მიერ. ამ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსული მხარე ტელეკომპანია “გ-ას” ჩაურიცხავდა 10000000 რუსულ რუბლს სამაუწყებლო ქსელის გასაფართოვებლად, ჩაის ფაბრიკის შესაძენად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისათვის. თავის მხრივ, ტელეკომპანია “---ას” აღნიშნული თანხა უნდა გამოეყენებია მიზნობრივად, რისთვისაც ყოველ კვარტალში ერთხელ მას რუსული მხარისათვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია წარმოებული სამეურნეო საქმიანობის შესახებ. თანხის სხვა სახის საქმიანობისათვის გამოყენების შემთხვევაში საკითხი უნდა შეთანხმებულიყო რუსულ მხარესთან და ამ უკანასკნელს უნდა გაეცა წერილობითი თანხმობა. კომერციული საქმიანობიდან მიღებული მოგება მხარეებს შორის უნდა განაწილებულიყო თანაბრად, რაც არ შესრულებულა ქართული მხარის მიერ, ასევე შეძენილი ქონების 50% უნდა აღრიცხულიყო “---ს” სახელზე.

1991წ. ოქტომბერში აღნიშნული თანხა ჩაირიცხა ტელეკომპანია “---ს” ანგარიშზე და დახარჯულ იქნა ხელშეკრულების დარღვევით _ არამიზნობრივად. 10000000 რუსული რუბლის ხარჯვის საბუღალტრო საბუთებით შეადგინა 9500000 რუსული რუბლი, ხოლო 500000 რუსული რუბლის ხარჯვის საბუთები შემომწების დროს მოძიებული ვერ იქნა.

მოქალაქე მ. ს-ემ გამოიყენა ბეჭედი, რომელიც ხელშეკრულების დადების დროს ობიექტურად ვერ იარსებებდა, რადგან ტელეკომპანია “---” იმ დროისათვის არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს, აგრეთვე, მ. ს-ემ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, როგორც იურიდიული პირის ხელმძღვანელმა მაშინ, როცა ტელეკომპანია “---” წარმოადგენდა “---ის” გამოძიების მიმდინარეობის დროს, სამოქალაქო სარჩელის მიღებისას სიორიძემ ტელეკომპანია ---” გადაუფორმა თავის შვილს ჩუქების ხელშეკრულებით.

საჩივრის ავტორი მ. ვ-ვა თვლის, რომ მ. ს-ემ ჩაიდინა თაღლითობა, მან სხვადასხვა მეთოდებით მოიპოვა “---ს” ნდობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ იგი საერთო ნაცნობების მეშვეობით დაუახლოვდა “---ს” ხელმძღვანელებს და დაარწმუნა ისინი, რომ ჰქონდა საკუთარი ბიზნესი. მიიპატიჟა ისინი საქართველოში, გამართა ბანკეტი, დაათვალიერებინა სხვადასხვა ობიექტები, ისაუბრა თავის ბიზნეს-გეგმაზე, “-ს” მისმართზე გადააგზავნა 45000 რუსული რუბლი. მ. ს-მ დაარწმუნა “-ს” ხელმძღვანელობა, რომ მას ჰქონდა ხელშეკრულების დადების უფლება. ხელშეკრულების დადებისას მ. ს-ემ გამოიყენა იმ დროს არსებული იურიდიული პირის ბეჭედი, რათა მ. ვ-ვა დაერწმუნებია, ტელეკომპანია “---” წარმოადგენდა იურიდიულ პირს. საჩივრის ავტორი თაღლითობად მიიჩნევდა იმ ფაქტსაც, რომ მ. ს-ემ არამიზნობრივად გამოიყენა “---ს” მიერ გადმორიცხული თანხა, აგრეთვე, მთლიანად მიითვისა “---ს” თანხებით შეძენილი ქონება, მოგვიანებით კი შპს “---ს” საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილი გადაუფორმა თავის შვილს.

2003წ. 14 თებერვალს სამტრედიის რაიონული პროკურორის მიერ აღიძრა სისხლის სამართილს საქმე ფირმა “---ს” მიერ ტელეკომპანია “---სათვის” გადარიცხული თანხის _ 10000000 რუბლის ხარჯების ფაქტზე, ტელეკომპანია “---ის” ყოფილი დირექტორის _ მ. ს-ის მიმართ.

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიების შემდეგ ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ 2004წ. 28 მარტს გამოტანილ იქნა დადგენილება მ. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც იმავე წელს დაკავებულ იქნა რაიონული პროკურორის მოადგილე დ. ი-ის მიერ.

გამოძიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქმის შედეგით დაინტერესებული პირი მ. -ვა და მან საჩივრით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. მომჩივანი საჩივრით ითხოვდა გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებასა და საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას.

საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა 2004წ. 17 ივნისს, დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა, გააუქმა გამომძიებლის მიღებული საქმის შეწვეტის დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადასცა პროკურატურას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. თ-ძე ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას, ხოლო გამომძიებლის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე მ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა-ემ, ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საჩივრის მოთხვონას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პროკურორმა ი. ნ-ემ მხარი დაუჭირა ადვოკატის მიერ წარმოდეგნილი საჩივრის მოთხოვნას, იშუამდგომლა სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას, ხოლო გამოძიების მიერ მიღებული დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მ. ს-ის ბრალდების საქმე ფოთის საქალაქო პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გადაეგზავნა ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამსახურს, მათთან არსებულ საქმესთან გასაერთიანებლად. ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურორმა გამოძიებას მისცა წერილობითი მითითება საქმეთა გაერთიანების შესახებ.

საგამოძიებო სამსახურმა ნაცვლად იმისა, რომ საქმეები გაეერთიანებინა და ერთობლივად წარემართა გამოძიება, საქმე მიიღო წარმოებაში, დაკითხა მხოლოდ მ. ს-ძე და მიიღო დადგენილება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

პალატა თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით კანონიერად გააუქმა გამოძიების მიერ მიღებული შეწყვეტის დადგენილება, რადგან არ ყოფილა შესრულებული ზემდგომი პროკურორის მითითება და საქმის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურში მიღების შემდეგ ფაქტობრივად არ წარმოებულა გამოძიება და ისე იქნა მიღებული საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

პალატა თვლის, რომ საქმეზე უნდა განახლდეს წინასწარი გამოძიება, სრულყოფილად უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და ამის შემდეგ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ ვ. თ-ის საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 ივნისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ამავე რაიონის საგამოძიებო სამსახურის 2004წ. 28 მარტის დადგენილება, მ. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.