კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 30.09.2004
საქმის ნომერი
2კ-353დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.09.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 353-დად 30 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე)

ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა დაზარალებულ ც. ს-ის კერძო საკასაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აგვისტოს დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 25 თებერვალს გორის რაიონული პროკურორის მოადგილემ _ ა. ს-ემ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ხ. ბ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

დაზარალებულმა ც. ს-მა საჩივრით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხსენებული დადგენილების გაუქმება; საჩივარში დაზარალებული მიუთითებდა, რომ ხ. ბ-ის ქმედება შეიცავდა არა სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ 180-ე და 182-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელზედაც, მისი აზრით, არ ვრცელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.

გორის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 30 აგვისტოს დადგენილებით დაზარალებულ ც. ს-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ც. ს-ლი ითხოვს გორის რაიონული პროკურორის მოადგილის _ ა. ს-ისა და ამავე რაიონული სასამართლოს დადგენილებების გაუქმებას და ხ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას. დაზარალებული საჩივარში აღნიშნავს, რომ ხ. ბ-მა თაღლითობით მიითვისა მათი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვაზე გამოყოფილი ქონება და მან პასუხი უნდა აგოს სსკ-ის 180-ე და 182-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

პალატის სხდომაზე დაზარალებულებმა _ ც. ს-მა და მ. ყ-მა მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ხ. ბ-ლმა და მისმა ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა ო. ბ-ემ და მ. გ-ემ მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოსა და ამავე რაიონული პროკურორის მოადგილის დადგენილებების გაუქმება. ხ. ბ-მა აღნიშნა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით საქმის შეწყვეტა არასწორია, მით უმეტეს, რომ მას ამ მოტივით საქმის შეწყვეტის შესახებ თანხმობა პროკურორისათვის არ განუცხადებია.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ზ. ო-ემ მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ გორის რაიონული პროკურორის მოადგილის _ ა. ს-ის 2004წ. 25 თებერვლის დადგენილება ხ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაზარალებულ ც. ს-ის საჩივარი ხსენებული დადგენილების გაუქმების თაობაზე, უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო საქმის შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. როგორც სისხლის სამართლის საქმიდან ირკვევა, გორის რაიონული პროკურორის მოადგილემ _ ა. ს-ემ ისე შეწყვიტა ხ. ბ-ის მიმართ საქმე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რომ ამ უკანასკნელის თანხმობა არ ჰქონია.

პალატა თვლის, რომ წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე უნდა განახლდეს. წინასწარი გამოძიების დროს დამატებით უნდა შემოწმდეს ხ. ბ-ის განცხადების მოტივები მისი უდანაშაულობის თაობაზე, ასევე დაზარალებულის საჩივრებში მითითებული გარემოებები ხ. ბ-ის მხრიდან სხვა უფრო მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიღებულ იქნეს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს გორის რაიონული პროკურორის მოადგილის _ ა. ს-ის 2004წ. 25 თებერვლის დადგენილება ხ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ; გაუქმდეს ამავე რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაზარალებულ ც. ს-ის საჩივარი პროკურორის მოადგილის _ ა. ს-ის 2004წ. 25 თებერვლის დადგენილების გაუქმების თაობაზე. სისხლის სამართლის საქმე, წინასწარი გამოძიების განახლების მიზნით, დაუბრუნდეს გორის რაიონულ პროკურატურას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ