საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 279-აპ 7 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულების _ მ. წ-სა და გ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. ხ-ისა და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები და თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ზ. რ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის განაჩენზე მ. წ-სა და გ. კ-ას მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ოქტომბრის განაჩენით მ. წ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის ზომად, სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.
ამავე განაჩენით გ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის განაჩენით დატოვებულ იქნა უცვლელად.
განაჩენით მ. წ-სა და გ. კ-ს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
მ. წ-ია მუშაობდა მშენებლობის ინსტიტუტში მდივნად. ამავე ინსტიტუტში სწავლულ მდივნად მუშაობდა აწ გარდაცვლილი, 73 წლის მარტოხელა, მატერიალურად უზრუნველყოფილი მანდილოსანი ე. ბ-ძე, რომელიც ცხოვრობდა თბილისში, ---
მ. წ-ია და გ. კ-ია ერთმანეთს ადრეც იცნობდნენ და ჰქონდათ ურთიერთკავშირი.
2001წ. დასაწყისში მ. წ-ია საცხოვრებლად გადავიდა აწ. გარდაცვლილ ე. ბ-ის ბინაში. 2001წ. 4 აგვისტოს ე. ბ-ძე მოათავსეს კარდიოლოგიის ინსტიტუტში, 12 აგვისტოს კი, ავადმყოფობის გართულების გამო იგი გადაყვანილ იქნა თბილისის ¹-- კლინიკურ საავადმყოფოში. მ. წ-იამ და გ. კ-ამ განიზრახეს მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, დაუფლებოდნენ ბ-ძის ბინას და განზარახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 13 აგვსტოს, საღამოს საათებში, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ე. ბ-სთან მიიყვანეს ნოტარიუსი ა. ნ-ლი, რომელსაც სანოტარო წესით გააფორმებინეს მინდობილობა ბინის გასხვისების შესახებ. მინდობილობის გაცემიდან რამდენიმე საათის შემდეგ ე. ბ-ძე გარდაიცვალა. მსჯავრდებულებისათვის ცნობილი გახდა, რომ საცხოვრებელი ბინა ირიცხებოდა არა ე. ბ-ის, არამედ დედამისის _ ნ. ბ-ის სახელზე და შეიძლებოდა დამდგარიყო მემკვიდრეობის საკითხი. ამის გამო მათ გადაწყვიტეს დაეჩქარებინათ განზრახვის სისრულეში მოყვანა. ამ მიზნით მითითებულმა პირებმა 16 აგვისტოს გამოიყენეს რა ე. ბ-ის პასპორტი და სამკვიდრო მოწმობა, მ. წ-იამ ე. ბ-ს მაგივრად მოაწერა ხელი განცხადებას, რომლითაც მიმართეს მერიის ტექაღრიცხვის სამასახურს და აწ გარდაცვლილ ნ. ბ-ის სახელზე არსებული ბინა გადააფორმეს გარდაცვლილ ე. ბ-ის სახელზე, რის შემდეგაც 16 აგვისტოს ნოტარიუსმა ა. ნ-მა, რომელსაც დაუმალეს ე. ბ-ის გარდაცვალების ფაქტი, აღნიშნული ბინა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გადაუფორმა გ. კ-ას. მსჯავრდებულებმა მ. წ-მ და გ. კ-იამ ასევე მოტყუებით მიიღეს ე. ბ-ის კუთვნილი, 4000 აშშ დოლარი, _ ე. ბ-ის ბინაში ცხოვრების პერიოდში, კომუნალურმა დავალენებამ “---ს” და “---ის” მიმართ შედაგინა 425 ლარი და 18 თეთრი. მსჯავრდებულებმა _ მ. წ-ამ და გ. კ-ამ თავისი დანაშაულებრივი ქმედებით მიისაკუთრეს და დაეუფლნენ ე. ბ-ის მემკვდრის _ ი. ბ-ს ქონებას, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენეს 24 ათასი აშშ დოლარის, 426 ლარისა და 18 თეთრის ღირებულების დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა და მსჯავრდებულების – მ. წ-ასა და გ. კ-ს ადვოკატებმა – დ. მ-მა და კ. ხ-მა.
საკასაციო საჩივრით პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მ. წ-სა და გ.კ-ას მიმართ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გათვალისწინებით, პირობითი მსჯავრი არ უნდა გამოეყენებინა, რისთვისაც ითხოვს განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო.
საკასაციო საჩივარში ადვოკატები _ დ. მ-ი და კ. ხ-ლი ითხოვენ რა მ. წ-სა და გ. კ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას, უთითებენ შემდეგ მოტივებზე:
რაიონულ სასამართლოში მ. წ-სა და გ. კ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება გასაჩივრდა პირის მიერ, რომელსაც არ ჰქონდა სათანადო უფლებამოსილება. აღნიშნული დარღვევა საპროცესო ნორმის არსებითი დარღვევაა, რაც განაჩენის გაუქმების უდავო საფუძველია.
სკ-ის 721-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულება, რომელსაც წარმოადგენს გენერალური მინდობილობა, არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის დადგომის გამო, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ამ მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, რაც საქმის მასალებით დასტურდება, ე. ბ-ის შეუვალი სურვილი იყო, მომხდარიყო მისი ქონების გასხვისება მ. წ-სა და გ. კ-ზე. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, ე. ბ-ის საცხოვრებელი ბინის გასხვისება მ. წ-ე მოხდა კანონიერად და სასამართლომ მათ უსაფუძვლოდ დასდო მსჯავრი, მით უფრო, რომ მსჯავრდებულებისათვის მემკვიდრის – ი. ბ-ის არსებობის შესახებ არაფერი ყოფილა ცნობილი.
მსჯავრდებულებმა – მ. წ-მ და გ. კ-ამ, მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. შ-ემ მხარი დაუჭირა სასამართლოში ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მ. წ-სა და გ. კ-ას მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია, მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის განაჩენი მ. წ-სა და გ. კ-ას მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარე საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ, ძირითადად, ასაბუთებს სკ-ის 721-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით.
მართალია, ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება, არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის გამო, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან, მაგრამ ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით დავალების ხელშეკრულება, მიუხედავად შეწყვეტისა, გაგრძელებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების აღსრულების დაყოვნება მემკვიდრეს ზიანის მიყენების საფრთხეს უქმნის, მემკვიდრე კი არ იღებს აუცილებელ ზომებს. ამასთან, ხელშეკრულება მემკვიდრისათვის გაგრძელებულად ითვლება მანამ, ვიდრე მას არ ეცნობება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ გააანალიზა რა საქმეში არსებული მასალები, სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არც ერთ ზემომითითებულ გარემოებას ადგილი არ ჰქონია; ამდენად, საკასაციო საჩივრის პოზიციას, რომ მინდობილობის ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებდა ე. ბ-ის სიკვდილის შემდეგაც, პალატა არ იზიარებს.
მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარე, ე. ბ-ძე უფლებას აძლევს მ. წ-ას, გაასხვისოს ე. ბ-ს კუთვნილი სახლი. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასევე საფუძვლიანად მიუთითებს იმაზეც, რომ ე. ბ-ის სიკვდილის შემდეგ, სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების შესაბამისად, გაიხსნა სამკვიდრო, რომელიც მემკვიდრეების საკუთრებად ითვლება ის, რომ მ. წ-ამ იცოდა, რომ ე. ბ-ს ჰყავდა ძმა _ ი. ბ-ძე, უდავოდ დასტურდება საქმის მასალებით. მოწმე ლ. მ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ეუბნებოდა მ. წ-ას, რომ ი. ბ-ძე კანონიერი მემკვიდრეა და ფრთხილად იყავიო. ამდენად, სასამართლო საფუძვლიანად მიუთითებს, რომ არ არსებობდა მინდობილობის ხელშეკრულების გაგრძელების საფუძველი.
მ. წ-სა და გ. კ-ს დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, სახელდობრ, ნოტარიუს ა. ნ-ის ჩვენებებით, რომელიც განმარტავს, რომ მ. წ-მ და გ. კ-ამ დაუმალეს მას ე. ბ-ის გარდაცვალების ფაქტი, გრაფიკული ექსპერტიზის მიხედვით, მთელი რიგი დოკუმენტაცია შევსებულია და ხელმოწერილია მ. წ-ას მიერ და იმ გარემოებით, რომ დოკუმენტების შეგროვების პროცესში მ. წ-ას არც ერთ უწყებაში არ განუცხადებია ე. ბ-ის გარდაცვალების შესახებ, ის საბუთებს აგროვებდა მისი სახელით და ამ დოკუმენტების გამოყენებით მოხდა ბინის გასხვისება გ. კ-ზე.
საქმის მასალებით დასტურდება ისიც, რომ გ. კ-ია საქმის კურსში იყო მ. წ-ას მიერ ამ დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მ. წ-სა და გ. კ-ას მიმართ უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს იმ მოტივითაც, რომ მათ მიმართ წინასწარ გამოძიებაში გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებაზე გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანა და მის განხილვაში მონაწილეობა მიიღო პირმა, რომელსაც არ ჰქონდა სათანადო უფლებამოსილება.
პალატა არ იზიარებს დაცვის ამ პოზიციასაც და თვლის, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების საფუძველს, მით უმეტეს, რომ დაზარალებული ი. ბ-ე სადავოდ არ ხდის ამ გარემოებას და ეთანხმება საჩივარს.
პალატა არ იზიარებს პროკურორ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარს მ. წ-სა და გ. კ-ას მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის დაბრუნების შესახებ, მათ მიმართ შეფარდებული სასჯელების (პირობითი მსჯავრის) მეტისმეტი სიმსუბუქის გამო. იგი მიიჩნევს, რომ სასამართლომ საკმაოდ დაასაბუთა მ. წ-სა და გ. კ-ას მიმართ სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით პირობითი მსჯავრის შეფარდება. სახელდობრ, მხედველობაში მიიღო მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: მ. წ-ია და გ. კ-ია პირველად არიან სამართლაში, ხასიათდებიან დადებითად, გ. კ-ას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ; ამდენად, პალატა თვლის, რომ განაჩენი ამ ნაწილშიც სამართლიანია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის განაჩენი მ. წ-სა და გ. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.