შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 25.11.2004
საქმის ნომერი
2კ-363აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 363-აპ 25 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ა. რ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს განაჩენი ა. რ-ას მიმართ შეიცვალა სასჯელის ნაწილში მის სასარგებლოდ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს განაჩენით ა. რ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განაჩენში იმ მიმართებით, რომ ა. რ-ას შეფარდებული სასჯელი _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 3 წლამდე, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ა. რ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სახელდობრ:

2002წ. 2 აგვისტოს ა. რ-ვა დანაშაულებრივად დაუკავშირდა რ. ც-ეს და დაახლოებით 4 საათზე მივიდნენ თბილისში, --- ქ. ¹65-ში, შეაღწიეს ეზოში, რომლის კარებიც ჩაკეტილი იყო. მათ ეზოში არსებული საცავებიდან ფარულად გაიტაცეს მოქალაქე ნ. ტ-ის სულ 315 ლარად ღირებული ნივთები, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ა. რ-ამ და რ. ც-ემ მოპარული ნივთები გამოიტანეს ეზოდან და ტაქსით გაემართნენ ქალაქის ცენტრის მიმართულებით, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. რ-ვა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, ითხოვს შეფარდებული სასჯელის შემცირებას.

პროკურორი შ. კ-ძე ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. რ-ვა ფოთის რაიონის სასამართლოს 1998წ. 31 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ესე იგი ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოხდიდან გასულია 3 წელზე მეტი, რაც საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად ნასამართლობის გაქარწყლების საფუძველს წარმოადგენს.

ამდენად, ა. რ-ას ქმედების მაკვალიფიცირებელი, სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ არაერთგზისობით.

ამასთან, საქმის მასალებიდან არ ჩანს, თუ როდის და რის საფუძველზე გათავისუფლდა ა. რ-ვა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. საქმის მასალებში, კერძოდ, მოთხოვნაში, საბრალდებო დასკვნასა და როგორც რაიონული, ისე საოლქო სასამართლოების განაჩენებში მითითებულია, რომ მსჯავრდებული ა. რ-ვა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა, მაგრამ არ ჩანს, ეს გათავისუფლება მოხდა პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, თუ იგი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა. ამდენად, პალატა თვლის, რომ ძირითად სასჯელზე მოუხდელი სასჯელის _ 6 თვის _ დამატება დაუსაბუთებელია და განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს.

საბოლოოდ, მსჯავრდებულ ა. რ-ას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს: ა. რ-ას განაჩენიდან ამოერიცხოს ძირითად სასჯელზე მოუხდელი სასჯელის _ 6 თვის _ დამატება;

განაჩენიდან ასევე ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი და ა. რ-ას ქმედება დაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და საბოლოოდ მსჯავრდებულ ა. რ-ას სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.