დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-408(კ-20) 21 აპრილი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...მა“ 2017 წლის 14 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების (საჩივარი №4879/2/2017) ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. ამავე სხდომაზე მოპასუხედ განისაზღვრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახური საქმეში მესამე პირად ჩაერთო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება შპს „...ის“ წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის №30457 ბრძანება მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა. კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას - დოკუმენტის კომპანიის წარმომადგენლის მიერ ჩაბარების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ბრძანების საწარმოს წარმომადგენლის მიერ გაცნობის ფაქტი. რაც შეეხება ინფორმაციის, ფოსტის მეშვეობით ხ. მ-ის, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 11 ნოემბერს ჩაბარებას, საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ აღნიშნული პიროვნება სხვა კომპანიის თანამშრომელია და დაუშვებელია გასაჩივრების ვადის ათვლა სადავო ბრძანების მისთვის ჩაბარებიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, გასაჩივრების ვადის დარღვევაზე მითითებით.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტსა და 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. ამავდროულად, საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზებას უკავშირდება საგადასახადო ორგანოს ვალდებულება, განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. თუმცა, გასაჩივრების უფლება არ არის დროში შეუზღუდავი უფლება და დაინტერესებულმა პირმა იგი უნდა გამოიყენოს კანონით დადგენილ ვადაში. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. საკასაციო პალატა, დასახელებული ნორმის საფუძველზე, განმარტავს, კანონმდებელი ადგენს რა გასაჩივრების ვადას, იქვე განსაზღვრავს მისი ათვლის წერტილს, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან.
გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესი კი რეგულირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო, ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში მოიაზრება სწორედ გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.
სადავო შემთხვევაში, შპს „...ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის №30457 ბრძანება თავდაპირველად, 2016 წლის 4 ნოემბერს - ფოსტით, ხოლო 2016 წლის 7 ნოემბერს ელექტრონულ პორტალზე გაეგზავნა. გზავნილი იურიდიულ მისამართზე (რუსთავი, ...ის ქ. №12) 2016 წლის 11 ნოემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარომადგენელს - ხ. მ-ს. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 8 თებერვალს შპს „...ის“ იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენციის ხ. მ-ის, როგორც „ორგანიზაციის წარმომადგენლის“ მიერ ჩაბარება. თუმცა, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ ამგვარი მოცემულობის არარსებობის პირობებშიც, ანუ სადავო ბრძანების მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების ოცდღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან კომპანია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის ბრძანებას შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით, ელექტრონული ფორმით გაეცნო 2016 წლის 13 ნოემბერს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილია 2017 წლის 27 ოქტომბერს, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით, რომლებიც დაადასტურებს, რომ საპატიო მიზეზის არსებობის პირობებში შეუძლებელი ან განსაკუთრებით გართულებული იყო საჩივრის წარდგენა. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კასატორი ვერ მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის არსებობაზე, რაც შესაძლებელია, გაშვებული ვადის აღდგენის წინაპირობა გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარეს გადავადებული ჰქონდა, მასვე უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...ს“ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის ოდენობით შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე