საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 91A 4 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა პროკურორ დ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც ი. გ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
საჩივარი ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით ი. გ-ს ბრალი ედება მასში, რომ 2001 წლის 18 მაისს დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობებს, გამოძიებით დაუდგენელ ვინმე “ლაშას” და “დათოს” და შეუთანხმდა მათ, გაექურდათ ქ. ფოთში, ... მდებარე გ. ხ-ს ბინა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ისინი იმავე ღამეს, დაახლოებით 4 საათზე, მივიდნენ ზემოაღნიშნულ ბინასთან, სადაც მიიტანეს დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო საგნები _ “დომკრატი”, მეტალის მილი, სამშენებლო ბლოკი და დაიწყეს მეოთხე სართულზე მდებარე გ. ხ-ს ბინის კარის შემტვრევა, მაგრამ განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში, ვინაიდან მათ წაუსწრო ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ნაბადის უბნის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორმა ჰ. კ-მ, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და შეიარაღებული იყო ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით.
ჰ. კ-ემ სცადა ბოროტმომქმედთა შემთხვევის ადგილზე დაკავება. ი. გ-მა, რომელიც ჰ. კ-ს იცნობდა როგორც პოლიციის მუშაკს, სამსახურებრივი მოვალეობის შეწყვეტის მიზნით, დანაშაულის ჩადენაში სხვა თანამონაწილეებთან შეთანხმებით, ძალის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია მას, რა დროსაც ჰ. კ-მ მოახერხა ერთი გამაფრთხილებელი გასროლა მოეხდინა ტაბელური იარაღიდან. საპასუხოდ ი. გ-მა მას ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში, რის გამოც ჰ. კ. წაიქცა სადარბაზოს კიბეებზე. ამის შემდეგ თავდამსხმელები შეეცადნენ ჰ. კაპანაძისათვის წაერთმიათ ცეცხლსასროლი იარაღი. ჰ. კ-მ მათ გაუწია რა წინააღმდეგობა, განაწყენებულმა ი. გ-მა წააქეზა თანამზრახველები მოეკლათ იგი და დაიყვირა: “მოკალით ეს ძაღლი” და დედა შეაგინა. წაქცეული ჰ. კ. მიხვდა, რომ არსებობდა იარაღის წართმევის რეალური საშიშროება, რის გამოც გადაწყვიტა გასროლის გზით პისტოლეტი დაეცალა ვაზნებისაგან. ამ მიზნით მან მოახდინა კიდევ ორი გასროლა, მაგრამ შემდეგი გასროლა ვეღარ მოახერხა, იმის გამო, რომ პისტოლეტში ვაზნა გაიჭედა. ჰ. კ-ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის დათრგუნვის მიზნით ი. გ-მა ორჯერ ჩაარტყა მას თავში სამშენებლო ბლოკი. ამის შემდეგ ი. გ-მა თანამზრახველებთან ერთად დამამძიმებელ გარემოებებში, სახელდობრ _ ჰ. კ-ს საქმიანობის შეწყვეტის, ასევე სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით გადაწყვიტა ამ უკანასკნელის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლა. ამ მიზნით მან ჰ. კ-ს არაერთხელ ჩაარტყა თავში სამშენებლო ბლოკი, რის შედეგადაც ჰ. კ-მ თავის არეში მიიღო ოთხი დაჟეჟილი ჭრილობა, რამაც გამოიწვია მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ყოველივე ამის გამო მან დაკარგა მოძალადეების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამით ისარგებლა ი. გ-მა, დაეუფლა ჰ. კ-ს პისტოლეტს და გადაწყვიტა ამ იარაღით მოეკლა იგი, მაგრამ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, რადგან პისტოლეტში ვაზნა იყო გაჭედილი. ამასთან, პოლიციის მუშაკის მოკვლის განზრახვას ხელი შეუშალა იმანაც, რომ მას მოუსწრო გასროლების ხმაზე მოსულმა პოლიციელმა კ. ხ-მ.
ი. გ.სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პოლიციელ კ. ხ-ს, მისკენ მიმართა კ-სათვის წართმეული პისტოლეტი და უბრძანა, დაწოლილიყო. ვინაიდან თავდამსხმელის მხრიდან მუქარის განხორციელების რეალური საშიშროება არსებობდა, კ. ხ-მ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ამით ისარგებლა ი. გ-მა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეზოში მან ჰ. კ-საგან გატაცებული “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან ამოიღო სამი ცალი საბრძოლო ვაზნა და თავისთვის დაიტოვა, ხოლო პისტოლეტი მასში დარჩენილ ვაზნებთან ერთად გადასცა თანმხლებ ერთ-ერთ დამნაშავეს.
ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის მოტივით ი. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოძიებამ დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით, 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით, 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, 19,109-ე მუხლის “გ”, “ვ”, “თ”, “ლ” პუნქტებით, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “გ” პუნქტით, 151-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით.
სასამართლო კოლეგიამ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძვლად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
1. ჩატარებული გამოძიება არსებითად არასრულია და იგი არ შეიძლება სასამართლო სხდომაზე შეივსოს;
2. გამოძიებამ დაუშვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევები, რაც ხელს უშლის საქმის განხილვას სასამართლოში.
პროკურორის საჩივარი მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად და შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია შერაცხულ დანაშაულში ი. გ-ს ბრალეულობა. რაც შეეხება განჩინებაში მითითებულ ზოგიერთი საკითხის დაზუსტებას, სავსებით შესაძლებელია, ეს დამატებითი გამოძიების გარეშე თვითონ სასამართლო კოლეგიამ გააკეთოს.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-მ ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად. ამასთან დაკავშირებით სწორად არის მითითებული სასამართლო კოლეგიის განჩინებაში იმ ურთიერთსაწინააღმდეგო და ბოლომდე გამოუკვლეველ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა გამოძიების დროს. სახელდობრ, არ არის აღმოფხვრილი წინააღმდეგობანი დაზარალებულების _ ჰ. კ-ს და კ. ხ-ს ჩვენებებში. ასევე ურთიერთსაწინააღმდეგოა დაზარალებულ ჰ. კაპანაძის და პოლიციის მუშაკების _ ლ-ს, ჩ-ს და სხვათა ჩვენებები. არ არის დადგენილი, იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე ელექტროგანათება და დაზარალებულებს შეეძლოთ თუ არა დამნაშავეთა ამოცნობა.
სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებების მიხედვით ი. გ-ს ბინაში კანონის დარღვევით ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგიც შემდგომ მტკიცებულებად დაედო მასზე შერაცხულ ბრალდებებს. დამატებითი გამოძიებით ეს საკითხიც სრულად და ობიექტურად უნდა იქნეს გამოკვლეული. გამოძიებამ უნდა შეაფასოს ისიც, სამშენებლო ბლოკის თავში არაერთგზის ჩარტყმის მიუხედავად, დაზარალებულმა ჰ. კ-მ რატომ მიიღო მხოლოდ მსუბუქი დაზიანება.
დამატებითი გამოძიებით სრულყოფილად უნდა შესრულდეს სასამართლო კოლეგიის მიერ გამოსაკვლევად მითითებული ყველა საკითხი და შედეგს მიეცეს სწორი და ობიექტური სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 13 დეკემბრის განჩინება ი. გ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.