შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 32-აპ 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულების: ჯ. ი-ს და რ. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ე-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 აგვისტოს განაჩენი მათ მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 აგვისტოს განაჩენით მიესაჯათ:
ჯ. ი-ს და რ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 2-2 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3-3 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით _ 3-3 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 4-4 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განაჩენი ჯ. ი-სა და რ. ნ-ს მიმართ დატოვებულია უცვლელად.
განაჩენით ჯ. ი-ს და რ. ნ-ს მსჯავრი დაედოთ ბინაში შეღწევით, ჯგუფურად, არაერთგზის სხვისი ქონების ფარულად გატაცებისათვის, რამაც მნიშვნელოვნად ზიანი მიაყენა დაზარალებულს. განაჩენის მიხედვით მათ დანაშაული ჩაიდინეს შემდეგ გარემოებებში:
2002 წლის 22 თებერვალს მათ შეაღწიეს თბილისში მცხოვრებ კ. ა-ს სახლში, საიდანაც ფარულად გაიტაცეს 320 ლარის ღირებულების ნივთები. მათვე განმეორებით იმავე წლის 27 თებერვალს სხვა პირთან ერთად გაქურდეს ე. ო-ს ბინა და გაიტაცეს 960 ლარად ღირებული ნივთები. ორივე ქმედებით მსჯავრდებულებმა დაზარალებულებს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლას იმ მოტივებით, რომ მათ აღიარეს და მოინანიეს დანაშაული. წარსული შებღალული არა აქვთ. ნ-ს კმაყოფაზე ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. ე-მ მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება; ამასთან ერთად, წარმოადგინა დაბადების მოწმობის ასლი იმის შესახებ, რომ რ. ნ-ს 2003 წლის 23 იანვარს შეეძინა შვილი.
მსჯავრდებულმა რ. ნ-მა მხარი დაუჭირა ადვოკატის მოთხოვნას და ითხოვა პატიება.
მსჯავრდებული ჯ. ი. საკასაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-ლმა საკასაციო სასამართლოს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის შემსუბუქება 1 წლით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ჯ. ი-სა და რ. ნ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, თვით მსჯავრდებულთა აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეთა, დაზარალებულთა განმარტებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ნივთმტკიცებებით, რ. ნ-სა და ჯ. ი-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ჯ. ი-ს სასჯელი უნდა შეუმცირდეს 4 წლამდე, ხოლო რ. ნ-ს _ 3 წლამდე და 6 თვემდე. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, მათ წარსული შებღალული არა აქვთ, დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია, რ. ნ-ს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ Dდაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 4 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ჯ. ი-ს სასჯელად განესაზღვროს 4 წლით, ხოლო რ. ნ-ს _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.